ზურა შევარდნაძეს ტელეეკრანებიდან ბევრი იცნობს. მცენარეების მოყვარულები, ალბათ, მის ულამაზეს "გარდენიაშიც" არაერთხელ ყოფილან. „განსაკუთრებით მახარებს ის ამბავი, რომ ბევრი გონიერი, ანთებული, წესიერი, განათლებული ახალგაზრდა მოდის და ინტერესით არჩევს თესლებს და ჩითილებს... მებაღე და მებაღეობა რომ დაფასდება, ის დრო დგება" - ამბობდა ზურა.
ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სასარგებლო რჩევებს, ვიდეოებს სხვადასხვა მცენარის მოვლისა თუ გამრავლების შესახებ; ყოველდღიური საქმიანობისა და სამზადისის ვლოგებს... ამჯერად კი მის ობიექტივში დედა მოხვდა, რომელიც მკვახე პომიდვრის ზამთრის მარაგს ამზადებს და საკუთარ რეცეპტს საზოგადოებსაც უზიარებს:
"დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა და დიდად არ საქმიანობს, მაგრამ კუხე პამიდორის სეზონი რომ მოდის, ცოცხლდება, ჩადგება გობებში და გაისად ამ დრომდე სამყოფს ამზადებს. იმდენს აკეთებს, გამვლელსაც რომ ჰყოფნის, გამომვლელსაც, შინაურსაც, გარეულსაც... ვინ არ სცადა, მისფერი არავის გამოსდის!
"კუხე პამიდორი თხილით":
დაჭრილ, ხარისხიან კუხე პამიდორს მოკლავთ მარილში, დაჯორგავთ, გაიწურება, დაწდება.
მოთუშული ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა, ცოტა ზეთი, ძმარი, დანაყული თხილი და ხმელი სუნელები, ნედლი ზაფრანის ყვავილი, ცხელი ჭადი და თქვენი მშვიდობა!" - წერს ზურა შევარდნაძე და ვიდეოს აქვეყნებს: