„ყველაზე მთავარია რწმენა, სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული. ხანდახან ძალიან ცუდს გვთავაზობს, ხანდახან კარგს, მაგრამ სიცოცხლე არის სიცოცხლე – პატარა გაჩერება დედამიწაზე და შემდეგ ისევ მარადისობაა. ამიტომ ეს გაჩერება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ” - მარინა ჯანაშია.
ყველაფერი სრულიად შემთხვევით, თეატრალური უნივერსიტეტიდან დაიწყო, ალბათ სწორედ ისე ჯადოსნურად, როგორც ამ უნივერსიტეტის კედლებს და მაგიურ სცენას შეეფერება. მარინა ჯანაშიამ თავისი ნიჭითა და ხავერდოვანი ხმის ტემბრით მალევე დაამახსოვრა და შეაყვარა თავი მაყურებელს. 90-იანი წლების მთავარ სერიალს, ,,ველური გველის“ მთავარ გმირსაც ხომ სწორედ ის ახმოვანებდა. ,,ერთხელ, როდესაც სწორედ „ველური გველის“ გახმოვანებიდან დაღლილი ვბრუნდებოდი, ცხოვრებასა და მატერიალურ პრობლემებზე გაბრაზებული, ავდივარ კიბეებზე და ყველა ოჯახიდან სწორედ ჩემი ხმა მესმის, მე ყველგან ვიყავი, ეს სერიალი ყველა ოჯახში ჩართული იყო და სწორედ მაშინ ყველანაირი ბრაზი გამიქრა, თავი ბედნიერად ვიგრძენი, რადგან მე ყველგან ვიყავი, ყველა ოჯახს ვათბობდი“. კარიერის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი სასცენო სახე შექმნა, რომელთაგან აღსანიშნავია: პაჟი (ანტიგონე), მარტირიო (ბერნარდა ალბას სახლი), ჯულიეტა (რომეო და ჯულიეტა), ქეთო (ქალის ტვირთი), მარინე (აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე), დორისი ( წელიწადში მხოლოდ ერთხელ), ბაბული (ნახვის დღე).
,,აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილის პირველ ექსპერიმენტულ ჯგუფში და პირველივე კურსზე ბატონმა მიშამ ჩამომიყვანა რუსთაველის თეატრში, სადაც აკეთებდა ჟან ანუის ,,ანტიგონეს“. მასში ჩემი კერპი, ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე თამაშობდა ანტიგონეს, ხოლო კრეონს - ბუმბერაზი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. მე უცებ აღმოჩნდი მათი პარტნიორი. წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის?!“. სწორედ აქედან დაიწყო მისი ბედნიერი მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში. შემდგომ ისე მოხდა, რომ თემურ ჩხეიძე დანიშნეს მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად და მასაც სწორედ იქ გადასვლა შესთავაზა. პირველი და უკანასკნელი განშორებაც რუსთაველის თეატრის სცენასთან სწორედ ამ დროს მოხდა. არაერთ დიალოგში იხსენებს მსახიობი, როგორი მძიმე იყო მისთვის მშობლიურ სცენასთან გამომშვიდობება: ,,იმ პერიოდში რუსთაველის თეატრი პროფკავშირების შენობაში იყო, რადგან თეატრში რემონტი მიმდინარეობდა და მე მთელი 7 წლის მანძილზე რუსთაველზე არ გამივლია, იმდენად მოქმედებდა თუნდაც ამ შენობის დანახვა.“ ხშირად აღნიშნავდა, რამხელა პასუხისმგებლობას გრძნობდა დასაწყისიდან ბოლო დღემდე ამ წმინდა ადგილის და წინამორბედი მსახიობების მიმართ, რომელთაც მანამდე ამ სცენაზე დგომის უფლება ჰქონდათ. „ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან რთული დრო, როცა თეატრიდან წავედი. მუდმივად მენატრებოდა რუსთაველის სცენა. მერე დავბრუნდი. იცით, როგორ მივედი თეატრში? ღამე, მარტო, ჩუმად გავიარე დარბაზი, ავედი ჩაბნელებულ სცენაზე და კედლებს ვაკოცე. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ აუტანელ სიმძიმეს და ტკივილს ვატარებდი გულით ამ თეატრის გარეშე.“ მიუხედავად დიდი კარიერული წინსვლისა და დაფასებისა მარჯანიშვილის თეატრში, დიდხანს ვერ გაძლო რუსთაველის გარეშე და მშობლიურ კერას დაუბრუნდა, სადაც რობიკო სტურუამ ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე მიიღო.
ისიც ხომ სწორედ ისეთივე განსაკუთრებული იყო, როგორც კუკარაჩას ქალბატონი ანიკო, ისეთივე დასამახსოვრებელი და უნიკალური. არაერთი სასცენო როლის გარდა, მისი კვალი ქართულ კინოშიც წარუშლელია, დაწყებული საშა რეხვიაშვილის ,,ნუცათი“ და დასრულებული ,,გრძელი ნათელი დღეებით“.
რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, ოჯახსა და შვილებს, მუდამ ამბობდა, რომ ეს სწორედ ის ციხე-სიმაგრე იყო, რომელიც აძლიერებდა; სადაც ბოლომდე ტოვებდა მსახიობის როლს და ხდებოდა მეუღლე, დედა და უბრალოდ მოსიყვარულე ბებია: ,,იცით, ჩემი ოჯახი ჩემია, ჩემი ციხე-სიმაგრეა და ბევრი საუბარი მასზე არ მიყვარს. ის კი არა, ყველას უკვირს, სახლში რატომ არ მაქვს ჩემი ფოტოები, აფიშები, პროგრამები გამოფენილი, როგორც უნდა იყოს, ჩვეულებრივ, მსახიობის ოჯახში და იცით, რატომ? როდესაც ვხედავ საკუთარ ფოტოს ან აფიშას, ვიწყებ ფიქრს იმ სპექტაკლზე თუ ფილმზე, რა ვარგოდა, რა არ ვარგოდა, მაშინ როგორ ვითამაშე და ახალა როგორ ვითამაშებდი“...
მისი მეუღლე მხატვარი თემო გოცაძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახსა და პირადზე საუბარი არ უყვარდა, მუდამ აღნიშნავდა, რომ მასზე ძვირფასი არაფერი გააჩნდა და დროთა განმავლობაში ამას უკეთ იაზრებდა. ადრე თუ დაუფიქრებლად დათმობდა კარიერის გამო ყველაფერს, ასაკის მატებასთან ერთად გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ შეუმდგარი პროფესიული მისწრაფება იქნებოდა: ,,მარინა პირველად თეატრში ვიხილე. სპექტაკლში „ბერნარდა ალბას სახლი” დავინახე და გამოვარჩიე, პირდაპირ ასხივებდა. მისმა როლმა მომაჯადოვა, ჩემთვის მარტო ის იყო, სხვას ვერც ვხედავდი. რა თქმა უნდა, სპექტაკლის შემდეგ მეც მივედი და მივულოცე წარმატება, მაგრამ მაშინ შეუმჩნეველი დავრჩი”, - იხსენებს მხატვარი თემო გოცაძე.
სამწუხაროდ, მიუხედავად წარმატებული კარიერისა თუ ბედნიერი პირადი ცხოვრებისა, ცხოვრებამ მარინა ჯანაშიას სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე სენი არგუნა, ორ წელში 14 ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ბოლო დღეები მაინც სცენაზე გაატარა. არავინ ელოდებოდა ისევ მის გამოჩენას რონალდ ჰარვუდის ,,მოხუც ჯამბაზებში“, სადაც არც კი აჩვენა, როგორ უმძიმდა სცენაზე დგომა, სპექტაკლის შემდეგ შვილიშვილი - მარიტა ჯანაშია სოციალურ ქსელში წერდა: „ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ პირველად დადგა სცენაზე. არცოდნის შემთვევაში, ვერასდროს, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტოპერაციული ტკივილები. ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით), ეგ იყო სრული შოკი”, - იხსენებდა მარიტა ჯანაშია.
სიცოცხლის ბოლო დღეებიც სწორედ სცენის ჯადოსნობამ და სიყვარულმა შეუმსუბუქა: ,,ყველაზე მთავარია რწმენა, სიცოცხლის ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული. ხანდახან ძალიან ცუდს გვთავაზობს, ხანდახან კარგს, მაგრამ სიცოცხლე არის სიცოცხლე – პატარა გაჩერება დედამიწაზე და შემდეგ ისევ მარადისობაა. ამიტომ ეს გაჩერება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.“
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ