ჩვენს რეალობაში, სადაც ერთად უამრავი კოსმეტიკური საშუალება იყრის თავს, რთულია, გაარჩიო, რომელია ხარისხიანი. მით უმეტეს, თუ ეს ყოველდღიურ გამოყენებას ეხება.
სტატიაში გაიგებთ იმას, თუ როგორ ჩავანაცვლოთ ტონალური კრემი სხვა საშუალებებით და თანაც ისე, რომ კანმა ჯანსაღი იერი შეიძინოს.
ტონალური კრემის ალტერნატიული საშუალებებია: BB, CC, DD, EE კრემები. ისინი ნაკლებ ტრავმას აყენებს სახის კანს და ზიანის მაგივრად ბევრი სარგებელი მოაქვს. მაგალითად - დატენიანება.
თუ რას წარმოადგენს აღნიშნული კრემები და მათი აბრევიატურა, საჭიროა, თითოეული ცალ-ცალკე განვიხილოთ.
ჩამოთვლილ კრემებში (BB, CC, DD, EE ) დიდი რაოდენობით არის დამატენიანებელი და სახის მოვლის საშუალებები დამატებული პიგმენტით. წარმოშობის მიხედვით, BB და CC კრემები არის აზიური. მართალია, პირველად გერმანიაში გამოიგონეს და როგორც სააფთიაქო საშუალება, ისე იხმარებოდა 50-იან წლებში, თუმცა 80-იან წლებში აზიელებმა დაიწყეს მათი დახვეწა და განვითარება. BB კრემი ხშირ შემთხვევაში შეიცავს spf-ს, ანუ მზისგან დამცავ საშუალებას, რასაც კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოაქვს სახის კანისთვის. არსებობს ჰიალურონის, კოლაგენის შემცველი BB და CC კრემები, როგორც პრიალა, ასევე გლუვი დაფარვით.
BB და CC კრემის სახეზე დატანება უმჯობესია თითებით, რადგანაც თერმული გათბობის შემდეგ სახეზე დატანება უკეთეს ეფექტს გვაძლევს, ვიდრე ფუნჯით წასმა.
რაც ყველაზე მთავარია, BB და CC კრემები არ საჭიროებს პრაიმერს, ანუ ბაზას. ეს კი, როგორც დროის, ისე ფულის დაზოგვაში დაგვეხმარება.
BB-ის და CC-ის მთავარი ღირებულება არის ის, რომ კრემი ადაპტირებადია სახის კანზე - ფერის მიხედვით.
CC კრემი შეიძლება შეგვხვდეს ნაცრისფერი, თეთრი, ცისფერი, თუმცა სახეზე წასმის შემდეგ ის ბუნებრივი კანის ფერს იღებს.
BB და CC კრემები არის ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული.
ქეთი ავსაჯანიშვილი