ამ ამბავს ინტერნეტმომხმარებელი ეკა ლეყვა ჰყვება. მის ტრაგიკულ ისტორიას ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"...25 წლის უკან, დღევანდელ დღეს, ზუსტად ამ საათებში, ჩვენ თვალწინ დაგცხრილეს, დე.. ძლივს მოვიპოვე ეს ფოტო... "ოდნოებში" მქონია შენახული... გპირდები, შენ შესახებ მოვუყვები ყველას... თუ რა ბარბაროსულად გაგიმეტეს და ჩაგცხრილეს უდანაშაულო, უმწეო ქალი, შვილისა და პატარა შვილიშვილების თვალწინ... ნათელში იყოს შენი სული და შენთან ერთად, აფხაზეთში უმოწყალოდ ჩახოცილთა სულები...
....27 სექტემბრის საღამოს, ბევრ ვიდეოს ვუყურე, აფხაზეთის ომზე გადაღებულს თუ მიძღვნილს... ძალიან იმოქმედა... ალბათ იმიტომ, რომ მე ჩემი ისტორია მაქვს ცალკე და არცთუ ისე უბრალო.... ვერ დავიძინე და მომინდა, აქ მეთქვა სათქმელი. დავიწყე კიდეც წინა პოსტში აღწერა ჩემი მოგონებების და ვერ შევძელი, სერიოზულად ცუდად გავხდი...
...25 წელია, მე ჩუმად ვარ. ამ ამბავზე ტაბუ მედო. ალბათ იმიტომ, რომ სინდისის ქენჯნას ვერ ვუძლებდი და სადღაც, ტვინის უფსკრულში, ცხრაკლიტული მედო. 25 წლის მანძილზე, ეს ამბავი ხუთი ადამიანისთვის თუ მაქვს მოყოლილი, შეიძლება ორით მეტი იყოს... და ისიც, ეტყობა, ძალიან მომაწვა მაგ დროს ბურთი ყელში... მინდა გავთავისუფლდე ამ ფიქრებისგან, ტანჯვისგან... მიიღეთ, როგორც აღსარება.....
...მე დედა მომაკვდავი, სულთმობრძავი მივატოვე და გავიქეცი... ფეხმოგლეჯილი, სისხლში მცურავი მივატოვე ღვთის თუ მტრის ანაბარა და გავიქეცი... მე მას ვუღალატე.. დედა-შვილობას ვუღალატე.
...მე თავის საშველად არ გავქცეულვარ ოღონდ..
მე შვილებს, თამთას და ირაკლის გავეკიდე... რომლებსაც... ასევე დაჭრილმა და სისხლში მცურავმა მათმა ბებია (დედამთილმა ჩემმა) ხელი ჩაავლო და გააქცია..." ეკა, მე მივდივარ. თუ არ მოდიხარ, დარჩი დედაშენთან მაშინ და მიხედე... მე ბავშვები მიმყავს" - თქვა. აქეთ-იქეთ დაავლო ხელი ბავშვებს და გაიქცა. არასდროს ასეთი არჩევნის წინაშე არ დაგაყენოთ უფალმა არასდროს.. რამეთუ..
მე დაჭრილი დედა ავიყვანე ხელში, მივაწვინე ლოგინზე, გადავუჭირე ფეხზე მაგრად ნაჭერი. სისხლს ვაჩერებდი ჩემი ჭკუით.... თვალებში ვერ ვუყურებდი. სული, გული ბავშვებს გაჰყვა. 6 და 7 წლის ბავშვებს.. დამიცხრილავენ, მომიკლავენ, რა ვქნა? არადა, დედა როგორ მივატოვო?.. და ბავშვები? ...
.."დე, ბავშვებს გადავმალავ სანდო ადგილას და დავბრუნდები.. ცოტა მოითმინე, კარგი?" პასუხს არ ველოდები, სამი თვის ქრისტინას ვიტაცებ ხელში, ინსტინქტურად იქვე მიგდებულ, პილიონკებით სავსე სპორტულ ჩანთას ვიკიდებ მხარზე და მივდივარ კარებისკენ... ზღურბლთან ვქვავდები წამიერად და უკან ვიხედები.. "უკანასკნელად შეხედე დედაშენს!" - მიბრძანა ვიღაცამ, თითქოს გაბრაზებულმა... მივიხედე... მარჯვენა ფეხი ხელებით ეჭირა. ფეხს, რომ ვამბობ, მუხლს ქვემოთ, შუა წვივზე გადამსხვრეული, ერთ ტყავზე ეკიდა მთელი ტერფით... სისხლი? არც იკითხოთ... იცლებოდა... თავი ჩემკენ ჰქონდა მობრუნებული და... თვალები... თვალები... იქნებ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ახლა სიმწრისგან ვყმუი... ვტირი, ვღმუი და ვაგრძელებ წერას... უნდა ვთქვა ბოლომდე, შევპირდი დღეს, ანთებულ სანთელთან დედას...
თვალები... იცით, რა იყო თვალებში?... მიდიხარ? მტოვებ? რა მეშველება?.. მეშინია... არ წახვიდე, მეშინია... ეწერა თვალებში.... შიში და უიმედობა ეწერა.. სასოწარკვეთა ეწერა... და მე მაინც, გადავდგი ფეხი და გავიქეცი..
რატომ გააჩინე, ღმერთო, დედაშვილობა? რატომ დგას ყველაფერზე წინ შვილი? რატომ დამაყენე არჩევანის წინაშე, რატომ? რა შეგცოდე ასეთი მიუტევებელი?.. მოკლედ, გავეკიდე შვილებს, რომ ისინი გადამერჩინა.
....29 სექტემბერს, ნაშუადღევს, ჩაის ფაბრიკის, ბინების უკანა ქუჩას მივადექით... სვანეთისკენ გზა ვერ გავაგრძელეთ და დავბრუნდით. სიჩუმეა, არავინ ჭაჭანებს. თურმე ყველა იმალება ყანებში. ფრთხილად მივაბიჯებთ ორღობეში. გვინდა სადმე მოვასწროთ შემალვა. უცებ ავტობუსი შემორიხინდა საიდანღაც.. კარები გაიღო და გადმოვიდა და გადმოვიდა, აფხაზი სეპარატისტები, მაგათ მებრძოლს როგორ ვუწოდებ, მაგ ნაძირალებს. გამოიქცნენ ჩვენკენ.. წინ ერთი დაწინაურდა და მეგრულად მეუბნება.. ჩქარა შეასწარი სადმე, დაიმალე და დამალე ბავშვები.
თან შებრუნდა და დანარჩენებს ეუბნება: - ..ცოდარე, ცოდა, ბაღანებ, იდას... (ცოდვაა, ცოდვა ბავშვები, წავიდესო)..
ვიღაცის სახლში შევირბინეთ და უკანა მხარეს ავეფარეთ... დედამთილი მანამდე დაგვშორდა.. ვნახავ, ბინებში რა ხდება, როინს წამოვიყვან (მაზლზე თქვა) და მოვალ, წაგიყვანთ, შედით მანდ სახლში, მანამდე დაიმალეთო. ვერ მოვასწარით, მოგვისწრეს.. ორ-ორად, სამ-სამად შემოდიოდნენ, დაგვხედავდნენ, გვაგინებდნენ, გვლანძღავდნენ და... ამ პატარას უმადლოდეთ - ამის თქმით გადიოდნენ. ეს პატარა კი სამი თვის ქრისტინა იყო, ზეწრებში გახვეული. იმედი მომეცა, რომ არ დაგვხოცავდნენ...
უცებ დედა მეუბნება, შეხედე, შენი დედამთილი დაუჭერიათ, აფხაზებს მოჰყავთო. გავიხედე ფანჯრიდან, მოაპროწიალებდნენ. ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, ბავშვიანად გავიჭერი გარეთ. იმედი მქონდა, ქრისტინა გადამარჩენდა.
- რა გვარის ხარ, რა გვარის ხარ? - დამიწყო ყვირილი აფხაზმა. საჯაია ვეუბნები. დედამთილსაც იგივე უთქვამს, საჯაია ვარ, ქალიშვილი და შვილიშვილებია მანდო. დაემთხვა, გადავრჩით. გვეგონა.. გამოგვყვა უკან..
- სადაა შენი ქმარი? ამ ბავშვის მამა სადაა? ომობდა ხომ? - ღრიალებს საქონელი.
- არა, რას ამბობთ, რუსეთშია, არც კი იცის, შვილი რომ გაუჩნდა... - ვიტყუები, არადა, ომობდა, თანაც თეთრ გვარდიაში, "გიჟების ბატალიონში".
- დენგი ესტ? ზოლოტა ესტ?.. - ყვირის.
- არა. - ვეუბნებით.
ყველანი სახლს უკან, გარეთ ვდგავართ. დედა, იკა, თაკო, დედამთილი, მე ჩვილით ხელში. კაცი გამხეცებულია. ცისფერ თვალებში ეშმაკი უზის. ჭაღარა თმები და წვერები, სადღაც ორ თვეს ითვლიან ყველაზე ნაკლებს. მაღალი, მოსული ტანით და ყინულოვანი მზერით... შენს სახეს რა დამავიწყებს, ნადირო?
- ტი ზნაეეშ? - დედამთილს ეუბნება. - მაია მამა, ნა ტიბია ბილა პახოჟა ი ვაში გრუზინი ზასტრელილი იო, ზნაეეეშ?.. ია იხნიი... - და აგინებს უსაშველოდ, ყვირის, ღრიალებს. თვალები ჩაუსისხლიანდა... გადმოიღო კალაშნიკოვის ავტომატი, მომართა... - ნუ ი ვზდოხნი ტი ტოჟე, ტვაიუ მამუ ნა...