ელვისებურად სწრაფად ვიხრები და ხელში რაც მხვდება, იმას ვისვრი ჯორჯის მიმართულებით.
საბედნიეროდ, მიზანში სროლა გამომდის და მოულოდნელობისგან ჯორჯი ბარბაცდება. სირბილით მივიკვლევ გზას ამ უცნაურ ლაბირინთში და ყავისფერ, ხის კარსაც ვაგნებ. კარებს სახელური არ აქვს. გრძელ ფრჩხილებს ვყოფ მასა და კედელს შორის და ჩემკენ ვქაჩავ. უკვე ახლოდან მესმის ჯორჯის ბრდღვინვა და მუქარა. გარეთ ბნელა, მაგრამ საიდანღაც მთვარის თეთრი შუქი იღვრება. ფეხით ზედაპირს ვსინჯავ. ზემოთ კიბეებია. თუ არ ვცდები, ჩვეულებრივ, სტანდარტულ სადარბაზოში ვარ. ჩემ მიერ მიკეტილი კარები იღება და მეც დაბლა ჩასვლას ვეღარ ვასწრებ და ზევით თავპირისმტვრევით მივრბივარ.
უამრავჯერ მეკვეთება ფეხი. კიბეზე დავარდნისას იდაყვი მტკივნეულად მიტკაცუნდება, მაგრამ წამიერად შესვენებაც კი არ შემიძლია. უკან მხოლოდ ჯორჯი აღარ მომდევს. ქართული გინებაც მესმის. ეს ალბათ ის ქართველია, სვანეთში მისი არსებობა რომ იეჭვა გიორგიმ. ვტირი. არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ ვეღარ ვნახო. არ მინდა, ჩვენი ურთიერთობა ჩხუბით დასრულდეს. ვერ დავუშვებ იმას, რომ რამე დამიშავდეს, შემდგომში კი გიორგიმ თავი დაიდანაშაულოს.
სახურავზე ავდივარ. არც ისე მაღალ სიმაღლეზე ვარ. რამდენიმე სართული იქნება, ორი ან სამი. გვერდით კიდევ ერთი ასეთივე სახლია. ცოტა დაბალიც კი. სახლებს შორის მანძილი ძალიან ცოტაა. თითქმის ერთმანეთზეა მიკრული. ამ ბოლო დროს იმდენ რისკზე წავედი, სახურავიდან სახურავზე გადახტომაც აღარ მეჩვენება ისეთ საშინელებად. უკან ვიხედები და კიბეებზე ამოვარდნილ მდევრებს რომ ვხედავ, უფრო დიდი შემართებით ვხტები ჰაერში. ფეხები საყრდენს რომ ეხება, სიხარულისგან ლამის სიმღერას ვიწყებ. ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი, სად უნდა წავიდე.
- მედალიონი მოგვეცი და შენ შენს გზაზე წადი, ძუკნა! - ღრიალებს ქართველი და ვხვდები, რომ თუ მე აქ ასე ადვილად გადმოვხტი, მას საერთოდ არ გაუჭირდება.
-Elenika, komm zurück! (ელენიკა, დაბრუნდი!) - მიყვირის ჯორჯიც.
ვერსად წავუვალ. აქ მარტოდმარტო ვერაფერს გავხდები, მაგრამ თუ ჯორჯმა გაიგო, რომ მედალიონი არ მიკეთია, მაშინ დედას და გიორგის მიადგება. თუ მათ რამე დაუშავდებათ, ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. თვალებით ჯორჯს ვევედრები, რომ თავი დამანებოს... უკვე ძალიან ღრმად შევტოპეთ. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ხაზს გადავუსვამდი გიორგის და მედალიონს მაინც დავუბრუნებდი ჯორჯს. თუ მეცოდინებოდა, რომ ამ ყველაფრის გადატანა მომიწევდა, სწორედ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა აღარ მაქვს.
მე არ ვარ ძლიერი. ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ თავისი სისუსტეებით. ქალი, რომელსაც ბედნიერება ძალიან უნდოდა და რომელმაც ვერ მიიღო. ქალი, რომელიც მუდამ წუწუნებს, ტირის, ყველაფერზე გული სტკივა. მე ელენიკა ვარ და არ შემიძლია ვიყო მამაცი, მედიდური... არ შემიძლია ვიყო გმირი.
მე უბრალოდ მინდა, რომ სხვებსავით ერთი პატარა კუთხე მქონდეს, სადაც ყოველთვის სითბო და მყუდროება იქნება.
ყელზე ხელს ვიკიდებ, თითებში ჯაჭვს ვიბღუჯავ და ძლიერად ვწევ მას. გაწყვეტის ხმა მესმის. ჯაჭვის ბოლო ხელში მაქვს დამალული, ჯორჯმა რომ ვერაფერი შენიშნოს. ხელს ისე ვწევ, მთვარის შუქი პირდაპირ ყელსაბამს რომ ანათებდეს და რაღაც მოტრიალე, პროპელერის მსგავსი მოწყობილობისკენ ვისვრი. ჯაჭვი პროპელერის კუდს ედება. ვხედავ, როგორ ეყუდება სახურავს ჯორჯი და იმ ადგილისკენ იხედება, სადაც წუთის წინ მისი ჭკუით მედალიონი ჩავარდა. პროპელერი ჯაჭვის რგოლებს აქეთ-იქით ისვრის და ბოლომდე ითრევს თავის მსხვერპლს.
-Was haben Sie getan? (ეს რა გააკეთე?) - არაადამიანური ხმით ხავის ჯორჯი. თითქოს მის დაყვირებას ელოდაო, ის ქართველი უკნიდან რაღაცას იღებს და ის-ისაა, ჩემკენ უნდა გამოიშვიროს, რომ სახურავზე კიდევ ერთი ლანდი ჩნდება, პისტოლეტიანს ხელს უკან უქაჩავს და დაბლა აგდებს.
ამ ლანდში გიორგის ამოცნობა ჩემთვის ვულკანის ამოფრქვევასავითაა. მოპირდაპირე სახლის აივანზე ახალი გმირის გამოჩენას ნამდვილად არ ელოდნენ. ჯორჯი და კიდევ ერთი კაცი კიბეებისკენ მიიჩქარიან. ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ გიორგი მოვიდა, პოლიციაც მოაგნებს აქაურობას, მას კი დილის რეისზე გაფრენა აქვს გადაწყვეტილი. შვებას ვგრძნობ. მინდა, რომ დაისაჯოს, მაგრამ მირჩევნია, ყველაფერი ასე დამთავრდეს.
მომხდარით განადგურებულს რეტი მესხმის. სხეული მიმძიმდება. ბანცალით ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს. ცენტრამდე უნდა მიაღწიო, რომ სადმე არ გადავვარდე. ოფლი მასხამს. ძალა ნელ-ნელა მელევა. ცოტაღა მაკლია, მაგრამ საკუთარი თავის მართვის უნარს ვკარგავ. ღონეგამოლეული ვეცემი ცივ, ჭუჭყიან სახურავზე, მაგრამ თვალებს მაინც არ ვხუჭავ. მარჯვნივ მხოლოდ გიორგიღა მოჩანს. შეძლებისდაგვარად ვიღიმი. აქ არის. მოვიდა. ჩემთანაა.
ერთი სული მაქვს, როდის ვიგრძნობ მის შეხებას, როდის შემეძლება გაყინული ძვლების მისი სიმხურვალით გათბობა და როდესაც ეს ხდება, საბოლოოდ ვიკარგები უკიდეგანო სივრცეში.
ჩემთან ახლოს ფარდების საკიდის რკინაზე გადასრიალების ხმა ისმის და სახეზე სინათლის სხივი მადგება. ვიშმუშნები და გვერდით ვტრიალდები. ბეჭებზე აუტანელ წვას ვგრძნობ და ტკივილი ზურგს ზემოთ მაწევინებს.
ოთახში უკვე აღარავინაა. დეჟავუს შეგრძნება მაქვს. მგონია, ისევ სვანეთში ვარ თინათესთან და იმის წარმოდგენაზე, რომ ყველაფერი, რაც უკვე წესით, გადავიტანე, წინ მაქვს. გული მიწუხდება. თვალებით ფანჯარას ვეძებ. ხაკისფერი ფარდები ჩემკენ არის მოცურებული, მზე კი თამამად, ხალისიანად მხვევს თავის მაცდუნებელ სხივებში. მიკვირს, მაგრამ სხვა მხარეს არ ვიხედები და სინათლეს არ ვერიდები. პირიქით, მიხარია, რომ გამოიდარა და მიკვირს კიდეც, შუაგულ ზამთარში მზიან დღეს რომ ვეღირსე.
არაფერი დამვიწყებია. მშვენივრად მახსოვს, რა მოხდა გუშინ და იმასაც ვხვდები, თუ რისი ბრალია ზურგის მჩხვლეტავი ტკივილი. აქაურობა არ მეცნობა. აშკარაა, არასდროს ვყოფილვარ აქ. სიმშვიდით ვარ ავსებული. უარყოფითი ემოციები ერთიანად გამეცალნენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკვე რამდენიმე თვეა შესანიშნავ პირობებში ვისვენებ, ვსვამ კარგს, ვჭამ კარგს, დავსეირნობ პლაჟზე და ერთი პრობლემაც კი არ მაწუხებს. ლამისაა დავიჯერო, რომ ყველაფერი საწინააღმდეგოდ სულაც არ ყოფილა.
თეთრად შეღებილი კარების სახელური დაბლა რომ იწევა, ვიძაბები. ვფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ ის არ ვიცი, ვისი შემოსვლა გამახარებს ყველაზე მეტად. კარი იღება და დედა თავჩახრილი შემოდის. ხელში ჩემი ის ჟაკეტი უჭირავს, გუშინ რომ მეცვა. ტანზე ვიხედები. გახამებული, ცისფერი პერანგი მაცვია. ჩემი ნამდვილად არ არის. მგონი, დედასია. კვლავ მანანაზე გადამაქვს ყურადღება. ჩუმად ოხრავს და ჩემკენ ბრუნდება. გონზე მოსული შვილის დანახვაზე სიხარულის ღიმილი უცეკვდება სახეზე. ველოდები, როდის იტყვის რამეს. ჩემს თავს რა ხდება, ვერ გამიგია.
- ელენიკა, როგორც იქნა! კინაღამ გული გამიხეთქე, ჩემო სულელო გოგო! - აჟიტირებული უახლოვდება საწოლს, გვერდით მიჯდება და გულში მიკრავს.
დედის სურნელით ვივსები. ვხვდები, როგორ მომნატრებია მისი გულწრფელი, სითბოთი და მონატრებით სავსე ჩახუტება. უფრო ძლიერ ვეკრობი და ჩემს გაყინულ ხელებს მისი ცხელი ხელისგულებით ვითბობ.
- როგორ გაბედე? როგორ წახვედი ისე, რომ არც კი მითხარი! რამე რომ მოგსვლოდა... რამე რომ მოგსვლოდა, გავგიჟდებოდი, ელენიკა... ჩემო ერთადერთო, ჩემო ლამაზთვალებავ! - იმდენ საალერსო სიტყვას მაყრის დედა, რომ მგონი, რაც ამ დროის განმავლობაში არ მომფერებია, ახლა ინაზღაურებს.
- დედა, კარგი, რა! ახლა ხომ კარგად ვარ? ნუ ნერვიულობ! უბრალოდ, ჩამეხუტე! - ვჩურჩულებ მასზე მიხუტებული და უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ უდიდესი ბედნიერებაა დედის გვერდით ყოლა.
მანანა იმაზე ფიქრს, თუ რა მოხდებოდა, ახლა მის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი, წყვეტს და უკან მწევს იმაში დასარწმუნებლად, ხომ მართლა აქაა და არ მეჩვენებაო.
- დედა, მე კარგად ვარ! - ვუმეორებ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიჯეროს და ამაზე აწ უკვე გულდამშვიდებულს ლაღად, ახალგზრდული უდარდელობით ეცინება.
- დედა, სად ვართ? ან გიორგი სად არის? რა მოხდა იმის შემდეგ, რაც გონება დავკარგე? მომიყევი, თორემ ვერაფერს ვიგებ! - უკმაყოფილოდ ვბურდღუნებ და იმ ზამბარებიან საწოლზე მივუთითებ, რომელზეც ვწევარ.
- სააბაზანოდან რომ გამოვედი, ძებნა დაგიწყე. - დასერიოზულებული იწყებს მანანა. - მერე ვნახე, რომ შენი მობილური ჩართული იყო. გამიკვირდა. ბოლოს დარეკილ ნომრებში უცხო ნომერს შევხვდი და გადავრეკე. ვიღაც ბიჭმა აიღო. აღელვებული ხმა ჰქონდა. ვკითხე, თუ ვინ იყო, მან კი რაღაც მისამართი მითხრა და დამაბარა, რომ გიორგისთვის გადამეცა, იქ მისულიყო. გიორგი ჯერ მოსული არ იყო. კონტაქტებში მისი ნომერი მოვძებნე და დავურეკე. იმ ბიჭის ნათქვამი გადავეცი და მეტი ერთმანეთისთვის აღარაფერი გვითქვამს. ვერაფრით ვისვენებდი. კიდევ ერთხელ რომ დავურეკე, გამორთული ჰქონდა უკვე. გამთენიისას, ექვს საათზე მოვიდა და აქ მომიყვანა. ესაა, რაც ვიცი.
- და გიორგი ახლა სადაა? - ისევ იმ კითხვას ვუბრუნდები, რომლის პასუხიც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს.
- გიორგი... - რაღაცის თქმას აპირებს დედა, მაგრამ უეცრად კარები იღება და ისიც ჩუმდება.
შემოღებულ კარში ნიკო დგას. ჩვეულებისამებრ, ისეთი გამომეტყველება აქვს, ვერაფერს რომ ვერ გაუგებ. ვხვდები, ვინც იყო ''ის ბიჭი'' და ვისი წყალობითაც გადავრჩი. ისიც არაა ჩემთვის უცნობი, თუ ვინაა ჩვენი მასპინძელი. საბნიდან ხელებს ვყოფ და თავისთავად მეფინება ღიმილი.
- არ მეგონა, ასე მალე თუ ჩამოხვიდოდი. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე ვიყავი, მაგრამ იმის მერე, რაც დაგირეკე, ცოტა ხნით შევჩერდი. - მიყვება ნიკო. - რომ მოვედი, მანქანა ხეებთან შევაყენე. მერე მივხვდი, შენ სადაც დამელოდებოდი და იქითკენ გამოვიხედე. ის-ის იყო, შეგნიშნე და შენკენ უნდა წამოვსულიყავი, რომ ისინი მოვიდნენ. მივხვდი, რომ შევემჩნიე მათ, ჩემი გაჩუმება არ გაუჭირდებოდათ და შენც ვერ დაგეხმარებოდი, ამიტომ უკან მალულად გამოგყევით. იმ ადგილას რომ მივედი, ბედზე დედაშენმა დარეკა. ვთხოვე, გიორგის დაკავშირებოდა. როცა ისიც მოვიდა, ზემოდან ყვირილის ხმაც გავიგეთ. ამოვედით და მერე უკვე იცი, რაც მოხდა.
- მადლობა, ნიკო. მადლობა, რომ შენი წარსულის გამო მე არ გამწირე. - მადლიერებას ბოლომდე ვერ გამოვხატავ. - ვიღაც შენნაირად არ მოიქცეოდა, გიორგიზე შურისძიებას გადაწყვეტდა და საერთოდ ფეხებზე დაიკიდებდა, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა ელენიკას, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვდა. მინდა იცოდე, რომ პელო ბედნიერი იყო და იმაზე აღარ იფიქრო, რომ ის იტანჯებოდა! ის გათხოვების შემდეგ თავის ცხოვრებას ღიმილსა და გიორგის სიყვარულში ატარებდა, შენ კი მხოლოდ იმიტომ ჩამოგშორდა, რომ მიგიხვდა! გამოგიჭირა! არ უნდოდა შენთვის გული ეტკინა. ის კი არა, საკუთარ ბედნიერებაზეც კი უარს ამბობდა, ოღონდაც კი... ოღონდაც კი მისი მეგობარი ბოლომდე არ გაენადგურებინა. ამიტომაც გაქრა შენი ყოველდღიურობიდან! ამიტომაც არაფერი იცოდი მისი სიკვდილის შესახებ! ამიტომაც გეგონე პელო!
ნიკოს თვალის გუგები უწვრილდება. დაბინდულ მზერას მარიდებს და კედელთან მდგარ კარადას აშტერდება. ჩარჩოში ჩასმულ ფოტოზე პელოს ნაცრისფერი მტრედი უჭირავს და იღიმის.
ფეხზე ვდგები და თითქმის ბოლომდე მოხურული კარიდან ვხედავ, როგორ მოედინება ნიკოს ლოყაზე ის ერთადერთი, ყველაზე გამბედავი ცრემლი.