- უტა! ერთი წუთით. - კიბეზე გაჩერდა, მგონი, მიხვდა, რომ თავს ვეღარ დაიძვრენდა და ჩემკენ მოტრიალდა.
უცებ ვიგრძენი, რომ სიტყვებს თავს ვერ მოვუყრიდი და გავჩუმდი. ისიც ვიგრძენი, სახეზე რომ ალმური ამივიდა და წავილუღლუღე. - ეს ნახატები... - ხელში ორი ფურცელი მეჭირა, ერთი ოდნავ დაჭმუჭნული და მეორე ჩვეულებრივი. მე ავიღე და იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, ვიჩუქე. - და ინსტინქტურად გავუწოდე.
გამომართვა და დახედა. ხმას ისევ არ იღებდა. და უცებ აღარ მომინდა, რამე მეკითხა. გაქცევა მინდოდა. მუხლები მიკანკალებდა, რაღაც თბილმა სითხემ თავიდან მუცლისკენ დაიწყო ჩამოდინება, მერე თითქოს მთელ სხეულში გაიშალა და ამან უზარმაზარი ძალა წამართვა, უცებ მომადუნა.
- მოგწონს? - მკითხა და გაეცინა. პირველად ვნახე, რომ ეცინებოდა და თბილმა სითხემ ხელახლა და კიდევ უფრო სწრაფად დაიწყო თავიდან მუცლისკენ ჩამოდინება.
- სხვა შემთხვევაში არ მივითვისებდი.
- არ მეგონა, თუ ნახავდი. - სახიდან ღიმილი აღარ შორდებოდა და მე ვხვდებოდი, რომ ჩემი მეხსიერებიდანაც აღარასდროს ამოიშლებოდა ეს სახე.
- მოვწიოთ ერთად? - მკითხა და ჯიბე ხელით მოისინჯა. თავი დავუქნიე. ყველა წერტილი მიკანკალებდა და მგონი, შემამჩნია.
- ზევით ავიდეთ. - შევთავაზე. უსიტყვოდ დამიქნია თავი და ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა. სანამ ლიფტი მოვიდოდა, ვცდილობდი, მისკენ აღარ გამეხედა. ლიფტის კარი ხმაურით გაიღო და რამდენიმე წამში ხმაურითვე დაიკეტა. ხურდა ფული, რომლის გარეშეც ლიფტი არაფრით დაიძვრებოდა, არც ერთს აღმოგვაჩნდა. ყველა ბედნიერებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც ლიფტი მიხვდა, ხურდის ჩუქებას არ ვაპირებდით, შუქი გამოგვირთო.
წარმოიდგინეთ და ამაზე უხერხული არაფერი შემმთხვევია ცხოვრებაში. უტამ ტელეფონით გაანათა და საფულეში ხურდის მოძებნას შეეცადა. სანამ ის ფულს ეძებდა, ლიფტი გვარიანად შეირყა და ზემოთ დაიწყო ასვლა. ინსტინქტურად კედელს მივეყრდენი. ამ პატარა ყუთში თავს ოდნავ შეშინებულად და სასიამოვნოდ უხერხულად ვგრძნობდი. რა უცნაური ვინმე იყო, კარს მიშტერებული გაუნძრევლად იდგა, ისე, თითქოს იქ არ ვარსებობდი.
მეთექვსმეტე სართულზე ზოზინით ავიდა და კარი ხმაურით გაიღო.
- იცი, რომ კლაუსტროფობია მჭირს?! - ვუთხარი ხმადაბლა.
- მეგონა, გციოდა. - მითხრა და მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა. მგონი, უნდოდა, მივეხვედრებინე, რომ კარგად ხედავდა, როგორ ვკანკალებდი და ბურძგლები როგორ მეყარა კანზე. შევხედე. თეთრი მოკლემკლავიანი ზედა ეცვა და მომეჩვენა, რომ ვინც აქამდე მინახავს, მათ შორის თეთრი ყველაზე მეტად მას უხდებოდა.
სიგარეტი გამომიწოდა და სანთებელა აანთო. ისე ვკანკალებდი, სიგარეტი ძლივს დავუმიზნე ალს. თვითონაც მოუკიდა და კედელს მიეყრდნო.
- ხატვასთან როგორ ხარ? - მკითხა და ბოლი უხვად გამოუშვა.
- არ გამომდის, მაგრამ სხვების შემოქმედებას ვაფასებ. - სიგარეტმა დაძაბულობა მომიხსნა, თითქოს რაღაც აზრიანს ვაკეთებდი მასთან ერთად.
- იმედია, ამ შემოქმედებით არ შემაფასე, - მითხრა და გაეცინა. - არქიტექტურულზე ვსწავლობ, მაგრამ სამხატვროზე რომ მესწავლა, ჯობდა. - ისევ გაეღიმა.
მე კიდევ ვფიქრობდი, რომ მეჩვენებოდა ან გამეღვიძებოდა ცოტა ხანში, სულ რაღაც ორი საათის წინ ხომ კართან სრულიად უცხო ადამიანივით მიყურებდა.
რამდენიმეწუთიანი უხერხულზე უხერხული სიჩუმის შემდეგ წასვლა შევთავაზე. უკან გამომყვა, ლიფტის ღილაკს თითი დავაჭირე.
- ფეხით ჩავიდეთ. - მითხრა და კიბისკენ წავიდა.
- თექვსმეტი სართული? - გაოცებული შევტრიალდი მისკენ.
- პირველი დახმარების გაწევა არ ვიცი. წამოდი. - დამიძახა და მომეჩვენა, ისევ იცინოდა. ხუმრობაც სცოდნია, გავიფიქრე და მივაძახე:
- თუ ხურდა რომ არ გაქვს, მაგიტომ?
- ჰო, ეგეც არის. - ხმაზე ეტყობოდა, ისევ ეცინებოდა.
გვერდიგვერდ მივდიოდით და ხანდახან მისი ხელი მხარზე მეხებოდა. ზღვა ემოციებისგან თავი გამიბრუვდა და შინაგან სპაზმებს ვგრძნობდი. მეორე სართულზე რომ ჩავედით, ხელი ასწია, მანიშნა, კარგადო და კიბეებს ჩაუყვა. სახლში შევფრინდი და ნიას დავეტაკე. მერე ხელი გავუშვი და ოთახში ხტუნვას მოვყევი. ნია გაოცებული მიყურებდა, მაგრამ მგონი, ხვდებოდა, რაც მჭირდა.
- რა ჩაიდინე? - მკითხა.
- ხუჭუჭუნას გავესაუბრე.
- ენერგიაზე ხარ და იქნებ წყალი დაგედგა, ნანა მოვა. - მთხოვა ნიამ.
ფრენით გავიჭერი სამზარეულოში და კარებში ეკას დავეჯახე.
- ხომ მშვიდობა გაქვს? - მკითხა ეკამ და ხელით გამაჩერა.
- ცხადია. - ვუპასუხე და ისევ სულელივით გავიღრიჯე.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა ეპიზოდი