„ან შახტაში ამოვიხოცებით, ან შიმშილით“ - ასე აღწერს ტყიბულის რეალობას ტყიბულელი ახალგაზრდა კოტე კიკნაველიძე.
რა ხდება ქალაქში, სადაც ბოლო წლის განმავლობაში ტყიბულის ქვანახშირის მაღარომ თერთმეტი ადამიანი იმსხვერპლა, რატომ ბრუნდებიან სიკვდილს გადარჩენილი ახალგაზრდები კვლავ სასაკლაოდ ქცეულ შახტაში და როგორ შეხვდნენ იქაურები მინისტრის განცხადებას, შახტის დახურვის შესახებ - marao.ge-ს ამ კითხვებს კოტემ უპასუხა:
თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა შახტაში, რა გახდა მეშახტეთა გარდაცვალების მიზეზი, თუ იცნობდით მათ და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა?
- როგორც ამბობენ, მოხდა მეთანის აალება, რაც ხშირია შახტაში. აფეთქებამ გამოიწვია ქანების ჩამოშლა და მოიყოლა მუშები. 4 დაიღუპა, 6 დაშავდა. რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა და გადმოიყვანეს თბილისში, დამწვრობის ცენტრში. გარდაცვლილებს პირადად არ ვიცნობდი. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის თანამშრომელი აღმოჩნდა, ძალიან კარგად დაახასიათა. შემთხვევით რომ მიესწრო მორიგეობაზე, ჩემს მეგობარსაც იმ უბანში ან ახლოს მოუწევდა ყოფნა. ღმერთმა დაიფარა.
შორიდან რთული წარმოსადგენია და ალბათ, აღსაწერიც, რა ხდება შახტაში...
- სისტემა დაუხვეწავია. არავინ აკონტროლებს, რა შეაქვთ მეშახტეებს გვირაბში. ასევე საშინელებაა, რომ არ ილუქება დახურული, გამოუყენებელი გვირაბები. არადა, ყველაზე მეტი მეთანი მანდ გროვდება. იქ ცარიელი სივრცის დატოვება არაფრით არ შეიძლება, უნდა ამოივსოს. იკეტება მხოლოდ ერთი მეტრის სისქის ორი სტენდით და შუაში წყლიანი სილაა მოქცეული. არადა, წესით, სრულიად ან ნაწილობრივ უნდა ამოივსოს. მეგობარი, რომელიც ვენტილაციაში მუშაობს, მეუბნება, რომ ამ ამოკეტილ წერტილთან ახლოს ზღვარი ნიშნულს საგრძნობლად სცდება მეთანის საზომ აპარატზე. შიგნით გვირაბში რა ხდება, წარმოდგენაც არ მინდა. ამბობენ, გვირაბიდან წყალი ჟონავს, რომელსაც მეთანი მოყვება თხევადი ნარევის სახითო. იმ ადგილს ბიჭები არ ეკარებიან და მიწაზე დაჯდომასაც ერიდებიან.
მინისტრის თქმით, შახტა დაიხურება. თუ არის დასაქმების სხვა საშუალება ტყიბულში?
- ყველაფრის მიუხედავად, წინა შემთხვევისას სასწაულად გადარჩენილი მუშა ფეხზე წამოდგა და ისევ იქ შებრუნდა სამუშაოდ. მსოფლიოში მეშახტეობა ყველაზე მძიმე პროფესიაა. ტყიბულში მეშახტეობა პიროვნულობის ნიშნულს სცდება. ხარ ზომბი, რომელმაც არ იცის, მიწაში ჩასულს როდის, რომელ მონაკვეთში ამოგიყვანენ, რათა ისევ მიწაში ჩაგაბრუნონ. არ თქვას ვინმემ, გამოცდილება ან გამოუცდელობა წყვეტდეს იქ შენს სიცოცხლეს. იქ ჩასული კაცი 50%-ითაც არაა დარწმუნებული, რომ იმ მორიგეობიდან ცოცხალი ამოვა. შახტა იხურება იმ ვადით, რა დროც გამოძიებას დასჭირდება. არის საუბარი იმაზე, რომ თუ შახტის ხელმძღვანელობის ბრალეულობა დამტკიცდა, შახტა სრულიად დაიხურებაო. ასეა თუ ისე, ტყიბული, როგორც ქალაქი, დაიღუპება. მე საშინელ შეუქცევად გარდაუვალობად მესახება ეს მოცემულობა, რადგან ან შახტაში ამოვიხოცებით, ან შიმშილით. კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი გაქცევაა, მაგრამ მათ, რა ქნან, ვისაც გასაქცევი არ აქვს?