ამბობენ, თუ საზღვარს ერთხელ გადაკვეთ, მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო გაიზრდება და ამაზე უარს ვეღარ იტყვიო.
ამ მოსაზრებას უდავოდ იზიარებს დავით გოროზია, რომელიც 2015 წელს საბერძნეთს ეწვია და მას შემდეგ 30 ქვეყნის მონახულება მოასწრო. ის MARAO.GE-ს მკითხველს საკუთარ ისტორიებს უყვება და გამოსადეგ რჩევებს აძლევს:
„ჩემი ისტორია რაღაცით კონკიას ამბავს ჰგავს. ბავშვობიდან საბერძნეთში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. რამდენიმე წლის წინ ვიზაზე უარი 5-ჯერ მივიღე, ეგონათ, იქ საცხოვრებლად დარჩენას ვაპირებდი. ცოტა გულიც გამიტყდა, ვფიქრობდი, ამ ოცნებას ახდენა აღარ უწერია-მეთქი. ლამის ხელიც ჩაქნეული მქონდა, ჩემი მოგზაურობა სიზმარში რომ ვნახე. დამესიზმრა, თითქოს, საბერძნეთში ვიყავი და იმ ადგილებს გემით ვათვალიერებდი, რომელთა ნახვაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.
ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, სიზმარშიც მივხვდი, რომ რეალურად არ ხდებოდა. ტირილი დავიწყე. გამომეღვიძა და სიზმრად ქცეულ ოცნებაზე „ფეისბუქზე“ სტატუსი დავწერე. ცოტა ხნის შემდეგ უცნობმა ადამიანმა მომწერა, რომ იცოდა, რასაც ნიშნავდა ბავშვობის ოცნება და მითხრა, რომ დამეხმარებოდა. სიმართლე გითხრათ, არ დავიჯერე, ხუმრობა მეგონა, თუმცა რამდენიმე დღეში კვლავ შემეხმიანა და ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიშვილთან დამაკავშირა, რომელიც ვიზის აღებაში დამეხმარა. კონსულს ჩემი მეექვსედ ხილვა დიდად არ გახარებია, თუმცა, როცა უკან დაბრუნებული მიხილა, ნამდვილად უნდა გახარებოდა. ამის შემდეგ დავიწყე მოგზაურობა. უკვე 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათგან ზოგიერთში რამდენჯერმეც. უახლოეს მომავალში ბავშვობის კიდევ ერთი ოცნების ასრულებას და მადაგასკარის მონახულებას ვაპირებ.
6 რჩევა დამწყები მოგზაურებისთვის
1. „გუგლით“ დაათვალიერეთ ის ქალაქი და ქუჩები, სადაც მოგზაურობას აპირებთ. ამ გზით უცხო გარემოს ვირტუალურად გაცნობას შეძლებთ, რაც ადაპტაციაში დაგეხმარებათ.
2. ბილეთები იყიდეთ შავ პარასკევს. ამ დღეს ფასდაკლებები ვრცელდება ავიაკომპანიებზეც და ბილეთების შეძენას მიზერულ თანხად შეძლებთ. მაგალითად, ქუთაისი-პარიზის ბილეთები ათ ევროდ მაქვს ნაყიდი.
3. ნოემბერი-მარტი ევროპაში მოგზაურობისთვის ცუდი პერიოდია, სიცივესა და წვიმაში ქალაქების დათვალიერება არც ისე სახალისოა.
4. უფასოWF-ის სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-ბარებში დაჭერა არ გაგიჭირდებათ. ასევე, ყოველთვის ღიაა "მაკდონალდსი".
5. ტურის დაგეგმვის დროს, პირველ რიგში, გადახედეთ პრიორიტეტებს. თუ პრივილეგიას სასტუმროსა და კარგ კვებას ანიჭებთ, გირჩევთ, ბებიას ეწვიოთ, მაგრამ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია გაეცნოთ ქვეყნის კულტურას, დაათვალიეროთ მუზეუმები და დააგემოვნოთ ნაციონალური კერძები, სჯობს არჩევანი ჰოსტელზე შეაჩეროთ და არა ძვირად ღირებულ სასტუმროზე. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ადამიანს შეხვდებით და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ მათი კულტურისა თუ ტრადიციების შესახებ.
6. თუ ევროპის გაცნობა გინდათ, საკმარისია ნახოთ 4 ქალაქი: პარიზი, ვენა, პრაღა და მიუნხენი. დანარჩენი კულტურითაც და არქიტექტურითაც ერთი და იგივეა.
ყველაზე შთამბეჭდავი ქვეყანა
ნორვეგია. აქ არ არსებობს ღარიბი, ყველა სახლის წინ ბოლო მოდელის მანქანები დგას. მაკლარენის შოუ-რუმსაც კი ნახავთ. რაც შეეხება თავად სახლებს, სასახლეები არ წარმოიდგინოთ, ნორვეგიელებს პატარა, მოკრძალებული სახლები აქვთ. ამაზე იქაურმა სტუდენტმა გოგონამ მითხრა, რომ ნორვეგიელები სახლს არ აშენებენ შთამომავლებისთვის; იშენებენ ისეთ საცხოვრებელს, რომელიც მხოლოდ მათი თაობისთვის იქნება საკმარისი. ამ ხალხს გააზრებული აქვს, რომ მოდა იცვლება, განსხვავებულია თაობების გემოვნება და ინტერესი. ისინი შვილებს სრულ თავისუფლებას აძლევენ. ამ მხრივ საინტერესო ქვეყანაა შვეიცარიაც, თუმცა ნორვეგია მაინც ხელთუქნელი სილამაზეა.
ყველაზე საშიში ქვეყანა
სლოვაკეთი
ყველაზე საინტერესო ერი
ყველაზე საოცარი ხალხია იტალიელები, რომლებსაც დახმარებისთვის ყველაფრის გაღება შეუძლიათ. თბილები არიან პორტუგალიელები და შვეიცარიელებიც.