სერიული მკვლელები, როგორც წესი, მამაკაცები არიან, მაგრამ გამონაკლისი არსებობს და ეს ეილინ უორნოსია.
ალბათ, გაქვთ ნანახი ფილმი "მონსტრი", რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს. სხვათა შორის, ტერონი თავის გმირს მონსტრად არ მიიჩნევს... ეილინი მისთვის საინტერესო - რომანტიკული და ტრაგიკული ბედის ქალია, თუმცა მან 7 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს...
მანიაკი-ქალის პორტრეტის შედგენა ამერიკელ კრიმინალისტებს გაუჭირდათ. "მადმუაზელ სიკვდილი" - ასე შეარქვეს ქალს, რომელიც 22-კალიბრიან რევოლვერს ანიჭებდა უპირატესობას და ხოცავდა მამაკაცებს, რათა თავისი საყვარელი ქალი უზრუნველეყო. ნუთუ, უორნოსი მკვლელი ტრანსგენდერი იყო და მის სხეულში მამაკაცის სული იყო ჩაბუდებული?
სანამ დასკვნებს გამოვიტანდეთ, ნუ ავჩქარდებით და მის ბიოგრაფიას გადავხედოთ, დიდობაში ჩადენილი ყველა საქციელის საფუძველი ხომ ბავშვური კომპლექსებია.
ეილინ უორნოსი 1956 წლის 29 თებერვალს მიჩიგანის შტატში, ქალაქ როჩესტერში, რთულ ოჯახში დაიბადა. დედამისი 15 წლის ასაკში დაფეხმძიმდა მამაკაცისგან, რომელმაც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა. ეილინს არასდროს უნახავს მამა, რომელიც ბოლოს ბავშვის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. ერთი ვერსიით, ეს 8 წლის გოგონა იყო, მეორე ვერსიით - 7 წლის ბიჭი. მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როცა ეილინი თვეების იყო. პატიმრობის პირველივე წელს მამამისმა თავი მოიკლა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
არავინ იცის, რა კვალი დატოვა მამის თვითმკვლელობამ ბავშვებზე, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ დედამ ისინი მიატოვა და... გაიქცა. მეზობელს სთხოვა, ერთი საათით ბავშვებისთვის მიეხედა და უკანმოუხედავად გაიქცა. თუმცა, საკუთარ მშობლებს დაურეკა და ბავშვების აღზრდა დაავალა. 1960 წლიდან ლაურა და ბრიტ უორნოსები შვილიშვილების, კიტისა და ეილინის აღმზრდელები გახდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, 13 წლის გოგონას საკუთარი ძმა აუპატიურებდა. სხვა ვერსიით - ბაბუა და მეზობელი კაცი. სავარაუდოდ, ეს ვერსია უფრო ახლოსაა სიმართლესთან, რადგან ეილინი 40-და 62 წლის მამაკაცებს ხოცავდა, რომლებიც მოძალადეს აგონებდნენ... და არა ახალგაზრდა ბიჭებს.
"სტატისტიკის თანახმად, თუ ქალი ახალგაზრდობაში გახდა დედა, ქალიშვილი მის ბედს იზიარებს. ეილინი 14 წლის დაფეხმძიმდა. მან უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარა ვაჟი, რომლის მამაც არავინ იცის, ვინ იყო".
ცოტა ხანში ეილინის უფროსი ძმა კიტი გარდაიცვალა და ძმის სიკვდილი ნამდვილი შოკი იყო ქალისთვის. თუმცა მან კომპენსაციის სახით 9 ათასი დოლარი მიიღო და იმ პერიოდისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა სისულელეებში, ძვირფასეულობებსა და ავტომობილში გაფლანგა. ცოტა ხანში კი ყველაფერი დაკარგა და ფულის საშოვნელად ისევ მანქანიან კლიენტებს მიუბრუნდა.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
სხეული იჯარით
რამდენიმე წელი გოგონა ქუჩაში ცხოვრობდა. ნარკოტიკებმა, ალკოჰოლმა და სექსმა მოტეხა და გაანადგურა. კლიენტებს გზადაგზა პოულობდა, სანამ ფლორიდაში არ ჩავიდა და მდიდარი ბიზნესმენი არ გაიცნო. 20 წლის ეილინი იახტ-კლუბის პრეზიდენტ ლევის გრატცს შეხვდა, რომელიც ბაბუად ეკუთვნოდა. ისინი დაქორწინდნენ და 11 კვირის შემდეგ განქორწინდნენ. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ეილინი მას სცემდა. განქორწინების შემდეგ უორნოსი ისევ პროსტიტუციას დაუბრუნდა.
1978 წელს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა და ირაღიდან გაისროლა. ტყვია მუცელში მოხვდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და გადაარჩინეს.
"პროსტიტუცია ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა იყო, - განაცხადა ეილინმა სასამართლოში. ეკლესია არ დამეხმარა. მსურდა, პოლიციელი გავმხდარიყავი, მაგრამ ატესტატი არ მქონდა. ამიტომაც ვვაჭრობდი საკუთარი სხეულით".
პერიოდულად სამართალდამცველები იჭერდნენ ხან ალკოჰოლის მოხმარებისთვის, ხან ჩეკებისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის (დეიდის პირადობით ისარგებლა და სხვა დროსაც იყენებდა სხვა ქალების გვარ-სახელებს), ერთხელ კი მაღაზიის გაქურდვისთვის დააკავეს.
ორი ტყვია შურისძიებისთვის
ერთხელ, ბარში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ტაირა მური გაიცნო. უორნოსმა მამაკაცის როლი იკისრა და დაკავებამდე ზრუნავდა საყვარელ ქალზე. მას კი დიდი მოთხოვნები არ ჰქონდა: ლუდის დალევა, იაფფასიან სასტუმროში ოთახის დაქირავება და მოპარული მანქანით გასეირნება. ამასთანავე, ეილინის საყვარელ ქალს შოპინგიც უყვარდა. ორივე ქალი ფულს ისევ პროსტიტუციით შოულობდა.
ამავე პერიოდში ქალში იმძლავრა აგრესიულობამ და მან სექსუალური მომსახურების პარალელურად რამდენიმე მამაკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. არავინ იცის, ეხმარებოდა თუ არა ეილინს საყვარელი ქალი მკვლელობაში ან მკვლელობის დაფარვაში. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ ეხმარებოდა.
"ექსპერტ-ფსიქიატრების აზრით, ეილინი მამაკაცებს შურისძიების გამო ხოცავდა (7 მამაკაცი ჰყავს მოკლული). როგორც წესი, ორი გასროლით, ხანდახან მეტითაც. უსუფთავებდა ჯიბეებს და მონაპოვარით საყვარელ ქალს ინახავდა".
უორნოსი 1991 წლის 9 იანვარს დააპატიმრეს. სასამართლოზე განაცხადა, რომ იარაღი ხელში იძულებით აიღო, "მამაკაცები ძალადობისა და გარყვნილებისკენ უბიძგებდნენ". მაგრამ მისმა არგუმენტებმა მოსამართლეებზე ზემოქმედება ვერ მოახდინა.
1993 წელს სასამართლოზე ეილინს უმაღლესი სასჯელი გამოუტანეს - სიკვდილით დასჯა. მკვლელობის შვიდიდან 6 ეპიზოდი დაუმტკიცეს (მეშვიდე ცხედარს პოლიციამ ვერ მიაგნო) და 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გადაწყვიტა, ქერათმიან ქალს სიცოცხლე ელექტროსკამზე დაესრულებინა. 1996 წელს უორნოსმა აპელაციაზე უარი მიიღო. 2001 წელს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სასამართლოს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანონ, რადგან "მოსახლეობის გადასახადებიდან მასზეც იხარჯება ფული". 2002 წელს ელექტროსკამზე სიკვდილი "ჰუმანური" ინიექციით შეუცვალეს. უორნოსი გარდაიცვალა, როცა სასიკვდილო დოზა გაუკეთეს.
ექსპერტის საბოლოო დასკვნა
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეილინს ფსიქიკა ჰქონდა დარღვეული. უორნოსი ხოცავდა მამაკაცებს, რომლებიც მასთან სექსუალურ კავშირს ძალადობით ცდილობდნენ. მანიაკების ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ყველას ბავშვობაში შევხვდებით მკვლელობას, თვითმკვლელობას, სექსუალურ ძალადობას. ეილინის შემთხვევაში, ბავშვურ ტრავმებს, მშობლების სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე აღზრდაც დაერთო."
ამერიკელი პირველი სერიული მკვლელი ქალის ისტორიაზეა გადაღებული ფილმი "მონსტრი". უორნოსის როლის განსახიერებისთვის შარლიზ ტერონმა "ოსკარი" მოიპოვა. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ეილინ უორნოსზე?..