33 წლის ალექსი კიკვიძე ორი შვილის მამაა, რომელმაც „იქს ფაქტორში“ გამოსვლა ოჯახს და შვილებს მიუძღვნა. დიდ სცენაზე დადგომით მან არა მარტო საკუთარი, არამედ რამდენიმე მისთვის ძვირფასი ადამიანის ოცნება აასრულა, მაყურებელს კი თავი გულწრფელი ცრემლებით დაამახსოვრა.
თუ რატომ ატირდა ალექსი სიმღერის დასრულების შემდეგ, ამას მასთან საუბარში შეიტყობთ.
- 9 წლამდე წყალტუბოში ვცხოვრობდი. მერე მოსკოვში წავედი. იქ რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წელი ისევ წყალტუბოში გავატარე და მერე თბილისში გადმოვედი.
- პროფესიით ვინ ხართ?
- მუსიკოსი. მთელი ცხოვრება მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ნაწილობრივ ავიხდინე ეს ოცნება, სცენაზე გამოსვლა სამსახიობო უნარების გარეშე წარმოუდგენელია.
- რამ შეგიშალათ ხელი იმაში, რომ მსახიობი გამხდარიყავით?
- უსაქმურობამ, ბირჟავიკობამ... ასეთმა ცხოვრების წესმა შემიშალა ხელი და ვერ შევძელი.
- სიმღერა როდიდან შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
- ბოლო 10-12 წელია თავი სიმღერას მივუძღვენი, ამით ვცხოვრობ.
- „იქს ფაქტორში“ მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?
- „იქს ფაქტორამდე“ მუსიკალურ რეალითი-შოუ „მაგთიფანში“ ვმონაწილეობდი. იქ ეს-ემ-ეს-ებში წავაგე და გამომაგდეს. „იქს ფაქტორში“ უცნაურად მოვხვდი, მეგობარს მოვყევი პრექასთინგზე. მერე მთხოვეს, შენც გადიო. მომისმინეს, მოვეწონე და ამიყვანეს. რადგან აქამდე შევცურე, ვიფიქრე, ჩემ გამოსვლას შვილებს და ოჯახს მივუძღვნი-მეთქი და ასეც არის.
- თქვენს ოჯახზე, მეუღლეზე მოგვიყევით...
- თბილისში რომ ჩამოვედი, საცირკო-საესტრადოზე ჩავაბარე ვოკალის განხრით, 18 წლის ვიქნებოდი, ალბათ. კერძო სახლში ვიქირავე ოთახი, რომლის მოპირდაპირედაც ცხოვრობდა ჩემი მომავალი მეუღლე. მოგვეწონა ერთმანეთი, 3 წელი შეყვარებულები ვიყავით, მერე გავიპარეთ და უკვე 11 წელი გახდება აგვისტოში, რაც ცოლ-ქმარი ვართ. გვყავს ორი შვილი, ლუკა და ნანუ.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ვუკრავ ხან ქუჩაში, ხან - ბარებში. იყო პერიოდი, როცა ჰონორარის გამო კი არ ვუკრავდი, უბრალოდ, მინდოდა, ხალხი გამებედნიერებინა. უფასოდ ვუკრავდი და ბედნიერი ვიყავი. ახლაც მინდა, ასეთი რაღაცები ვაკეთო. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები