კიდევ ერთი მუშაა საჭირო - გაისმა ცარიელ კედლებში. მთავარი მშენებლის სიტყვები ჯერ კედლებმა, მერე მუშებმა გაიმეორეს და კიდევ ერთი მუშაც მალევე გამოჩნდა.
სახეზე კმაყოფილება, მაჯაზე კი შვილის სახელი აწერია. სანახევროდ აშენებული ბაბილონის გოდოლი აათვალიერა, მზემ თვალები დაუბრმავა და ისევ მიწას ჩააცქერდა. შენობაში შევიდა, სამუშაო იარაღები აკრიფა და 5 სართული უკანასკნელად აიარა...
ხალხი ამბობს, რომ რაღაც გადმოვარდა, ვიღაც გადმოვარდა, მუშა გადმოვარდა. ტელევიზორები იუწყებიან - კიდევ ერთი მუშა გადმოვარდა.
ხმა დაირხა, თურმე, მუშა მორიგი კი არა, ერთადერთი ყოფილა, კიდევ ერთი მუშა ერთადერთი შვილი, ერთადერთი მამა და ქმარი ყოფილა. ტელევიზორები მაინც დაჟინებით იმეორებენ - მშენებლობას მორიგი მუშა შეეწირა... გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მერაღაცამდენე მუხლით დაიწყო. გამოძიებას დასასრული არ უჩანს, არც მსხვერპლად შეწირულ მუშებს. დაწყებული სამუშაოები მალე მთავრდება. ნახევრად აშენებული შენობები დანაკლისს ვერ გრძნობენ, კიდევ ერთი მუშა მშენებლობას მალევე უერთდება.
ჯალათები კი ამაყად დგანან და წვიმას ელოდებიან. წვიმა ყველაფერს გააქრობს, კედლებს ჩამობანს და ახალი მოსახლეები ვერაფერს შეამჩნევენ. მათ არავინ ეტყვის, რომ აივნის აშენებას, რომელიც საღამოობით ოჯახურ იდილიას უქმნის, ადამიანი შეეწირა... ამ დროს სხვა ქალაქში მუშა შინ ბრუნდება და მისი სუნთქვაშეკრული ოჯახი შვებით ამოისუნთქავს. მეორე ქალაქში სახლში მამა იგვიანებს, რომელსაც ბავშვები ფანჯარასთან, მეუღლე კართან ელოდება, შინ კი მხოლოდ ქარი და სიცივე შედის...
ცათამბჯენებთან ომი იღბლიან ბორბალს ჰგავს - ან გაგიმართლებს, ან არა. მშენებლები ყოველდღე იხოცებიან, ცოლები - ქვრივდებიან, შვილები - ობლდებიან. ამ ომის გმირებს კი არავინ აღიარებს. მათი ოჯახები სხვისი სახლისთვის შეწირულთა ერთადერთი ჭირისუფალნი ხდებიან. ისტორია მიწას მიაყრის 700-მდე გარდაცვლილ მუშას და მათ ნაცვლად იმ კომპანიების სახელებს დაიმახსოვრებს, რომლებმაც თანამედროვე "ჭკვიანი", მკვლელი სახლების აშენების ბრძანება გასცეს, მუშებს მონების იარლიყი მიაკრეს და მათ უსაფრთხოებაზე ფიქრს ბიუჯეტის დაზოგვაზე ზრუნვა ამჯობინეს. თვითონ კი უზრუნველადაც არიან და უსაფრთხოდაც. თუ მშენებლობასთან ერთად გამოძიებაც დასრულდება, თუკი დამტკიცდება, რომ კომპანიამ ადამიანი მოკლა, მათ მხოლოდ 50 ლარის გადახდა მოუწევთ. ჰო, თურმე კიდევ ერთი მუშის შეწირული სიცოცხლე 50 ლარი ღირს, "კიდევ ერთი" ცათამბჯენის 1 კვადრატულ მილიმეტრზე ნაკლებიც, ან ცოტა მეტი. კომპანიას ჩაეცინება, ცამდე აზიდულ შენობას სიამაყით აათვალიერებს და დამძიმებული საფულიდან მხოლოდ ერთ ქაღალდის ფულს გადმოგვიგდებს, თუმცა ეს საფულეს არ შეამსუბუქებს.
...ჩემს ქვეყანაში კედლები ადამიანზე ძვირია...
დღეს მე-6 სართულის ფანჯრიდან მხოლოდ სხვა ცათამბჯენები მოჩანს და მცხოვრებლები ვერასდროს დაინახავენ იმ ტრაგედიას, რომელიც 2014 წელს მათი ბინისთვის განკუთვნილი მინის ჩამოვარდნას მოჰყვა. ახლა აღარც 2015 წელს ჩამონგრეული კედლის კვალი ეტყობა იქაურობას და არც გასულ წელს მშენებარედან ჩამოვარდნილი ბეტონის კონსტრუქცია ჩანს სადმე. ხელოვნების ნიმუშებად ქცეულ ამ შენობებს გამვლელები აღტაცებაში მოჰყავს და არც ისინი ამბობენ, რომ მათ აშენებას ბავშვები შეეწირნენ. არ აღაირებენ, რომ 10-13 წლის ბავშვებს არ გაუმართლათ, რადგან ეს ფრაზა უსუსურობის განცდას ტოვებს და თავში ლურსმნებივით აჭედებს რიტორიკულ კითხვებს - შენობას რომ მიზნისთვის აეცილებინა? რატომ არ იდგა მიზანი ოდნავ გვერდით, ოდნავ მარცხნივ?
ხომ შეიძლებოდა, იქ მე ვმდგარიყავი?
დუმან ის კომპანიებიც, რომლებმაც მძევლად მთელი ერი აიყვანეს. იციან, თავიანთი სამშენებლო ობიექტის სიახლოვეს არ უნდა გაიარონ...
ბარათაშვილის ქუჩაზე ამოზრდილი ბაბილონის კიდევ ერთი გოდოლი არსებობას 12 წლის ბავშვის ნაცვლად განაგრძობს. უბედურ შემთხვევას გადარჩენილ 5 ბავშვთან ერთად გაიზრდება შიში ამ შენობის მიმართ და წლების შემდეგ უკვე ზრდასრულები, როცა ამ ქუჩაზე ჩაივლიან, მოგონებები სისხლს გაუყინავთ და წითლად დახატავენ ქვაფენილზე დაყრილ უმწეო სახეებს. ასე ცხოვრების ყველაზე საშინელი კადრი გაცოცხლდება. ქალები და კაცები ისევ დაპატარავდებიან, უსუსურ ბავშვებად იქცევიან და მხოლოდ მათ ემახსოვრებათ მეგობრის უკანასკნელი დაბნეული, შეშინებული მზერა. მოელვარე შენობა კი ისევ პირქუშად იდგმება და გამვლელ-გამომვლელს აღტაცებაში მოიყვანს, თუმცა შენობებისთვის ესეც სულ ერთია.
ჩემს ქვეყანაში ქალაქებს კედლები ქმნიან და არა ადამიანები...
მარიამ ელიაშვილი