დაახლოებით ერთი წლის წინ თეთრი ლეკვი აჩუქეს. გოგონამ ბობო დაარქვა, თუმცა მე ჰაჩიკოს ისტორიას ვხედავ და კარის ზღურბლთან თათებზე ნიკაპდაყრდნობილ, ყურებჩამოყრილ ძაღლს წარმოვიდგენ, რომელიც ჯერ ვერც კი ხვდება, რატომ აღარ ეთამაშება ანა ჩამოწელილ დრუნჩებზე, ან რატომ აღარავინ კოცნის ცხვირზე...
ჰო, ბოლო დროს ასე დამჩემდა - როცა ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ვიგებ, მის „თაიმლაინზე“ გადავდივარ და აქ ვიჭედები. რა მოსდით გარდაცვლილთა „ფეისბუქებს“? ისინი ნელ-ნელა უცნობი ადამიანების თანაგრძნობით სავსე ფრაზებითა და ცრემლებით ივსებიან. ეს ხომ ახლა მათი გაცნობის უკანასკნელი იმედია. ასე რომ, ერთადერთი არ ვარ, ვინც მათ ვირტუალურ სივრცეში პოულობს.
აქ შეიძლება სიყვარულით მოკლულ გოგონას შავი კაბა თვითონვე ეცვას, იღიმოდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს, რომ ეს ფოტო უკანასკნელია, რასაც „ფეისბუქში“ ატვირთავს. აქ შეიძლება იპოვოთ ფოტოები და ფრაზები, რომლებიც ათასჯერ გინახავთ, მაგრამ არასდროს ყოფილა ისეთი ტრაგიკული და სიმბოლური, როგორიც ახლა.
"სიყვარული: ბუმბულივით ჰაეროვანი მოკლე სიტყვა და ნემსივით ან სამართებლის პირივით ბასრი", - ეს სიტყვები სიყვარულით თავბრუდახვეული გოგონას პროფილის გარეკანის ფოტოდანაა. მაშინ ანას წარმოდგენაც არ ექნებოდა, რომ მისი ცხოვრება ამ ფრაზას პირდაპირი მნიშვნელობით გაიგებდა და სიყვარულს ხელში ბასრ სამართებელს დააჭერინებდა.
იმასაც წერდა, ჩემი სიყვარული ამინდივით ცვალებადი არაა და ის არასდროს იცვლებაო... ესეც ერთი ფილმიდანაა, ბევრჯერ წამიკითხავს და მომისმენია, მაგრამ მარადიული სიყვარული მკვლელობის იარაღთან არასდროს გამიიგივებია. ახლა ეს სიტყვები ბადებენ კითხვებს, რომლებზეც პასუხები არ მაქვს. ერთი კი ცხადია - რომ აღარ ჰყვარებოდა, მარტივით ცვალებადი რომ გამხდარიყო, ამ ფოტოს წაშლიდა. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ყელში გაჩხერილი ბურთი გონებას მიფანტავს და ყველა კითხვითი სიტყვა უპასუხოდ მრჩება.
აქვე კიდევ ერთ ფოტოს ვაწყდები - კადრს ფილმიდან "სორაიას ჩაქოლვა". ბნელი და ნათელი აზრები ერთმანეთს ეჯახება. იმდენად სწრაფად ვიწყებ ფიქრს, გააზრებასაც ვერ ვასწრებ. იქნებ პარალელების გავლება ჩემი ძლიერი მხარეა, ამიტომაც მარტივად ვამჩნევ მსგავსებას ირანელ ქალსა და ქართველ გოგონას შორის, ან იქნებ რთული საერთოდ არაა იმის დანახვა, რომ ორივეს ღალატში სდებენ ბრალს. მიზანი სხვადასხვაა, თუმცა ეს ახლა უმნიშვნელოდ მეჩვენება და ფიქრს ვაგრძელებ...
გგონიათ დრამატულია ამ ტრაგიკული ბედის ქალთან 21 წლის ანას შედარება? არა, სინამდვილეში ბევრად უფრო საშინელია განსხვავების დანახვა - სორაიას საშუალება მიეცა, ერთხელ მაინც ეთქვა, რომ არ უღალატია. ანა ახლა ამასაც ვერ აკეთებს, მაგრამ ფოტოზე წარწერას ვხედავ და ფიქრი დუმდება... გოგონა ისევ სორაიას სიტყვებით გპასუხობთ: - "როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება, თითქოს არც მიცნობდეთ... მე სორაია ვარ! თქვენი მეზობელი, თქვენი შვილი, თქვენი ცოლი... როგორ შეგიძლიათ ასე მომექცეთ... როგორ შეგიძლიათ ასე ვინმეს მოექცეთ"... ფიქრი დუმილს არღვევს და ვამბობ: - ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ხმებს, თითქოს გოგონა მოღალატე ყოფილიყოს, არაფრითაა უკეთესი სორაიას ჩამქოლავზე.
მე არ ვიცი, ვინ ან რა ვითარებაში მოკლა ანა. უდაბნოში მოპოვებული წყლის წვეთის იმედად ვარ და თავს ვაჯერებ, რომ სიყვარული არ კლავს! ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი სასირცხვილოა, იყო მკვლელის ადვოკატი, კიდევ უფრო შემზარავია, იყო ქალი ადვოკატი. იქნებ დედაც? ნუთუ შეიძლება გოგონას დედა იყოს? ალბათ, შვილი საერთოდ არ ჰყავს. შვილი რომ ჰყავდეს, როლში ასე შეჭრას ვერ შეძლებდა. როცა ფიქრობდა, როგორ გაემართლებინა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი, ნუთუ ერთხელ მაინც არ დაურეკავდა შვილი და არ გაახსენებდა, რომ დედაა. ჰო, ალბათ, შვილი საერთოდ არ ჰყავს...
და თუ დავუშვებთ, რომ მოტივი ღალატია, ეს დანაშაულის სიმძიმეს ამსუბუქებს? თუ ვინმე ასე ფიქრობთ და თუ არ გინდათ, რომ დარჩენილი ცხოვრების ყოველ დღეს საზოგადოებამ უფრო და უფრო შეგიძულოთ, ნუ აღიარებთ მდაბიურ ფიქრებს. ამ სასირცხვილო არგუმენტით თქვენი დამსხვრეული სულის ნაწილები შეაკოწიწეთ, შეაწებეთ, მასში ჩააშენეთ და აღარასდროს გაიხსენოთ, რომ ოდესღაც ასე ფიქრობდით. აღარასდროს გაიხსენოთ გოგონა, რომელიც ვერასდროს მიაღწევს თქვენს ასაკამდე მხოლოდ იმიტომ, რომ დედამიწას თქვენნაირები ამძიმებენ.
ანა „ქავერის“ ბოლო ფოტოზე ბიჭთან ერთად მანქანაში ზის და ბნელ ქუჩას მიუყვება. გოგონას ისტორია აქ სრულდება. ბიჭის - არა, თუმცა ვინც უნდა იყოს ის, მანქანიდან გადმოსვლას და გზის მარტო გაგრძელებას ვერასდროს შეძლებს...
ეს ამბის ერთი მხარეა, ანას მხარე, რომელმაც სოციალურ ქსელში ერთი აუხდენელი ოცნება დატოვა - "გავა დრო და მოვუყვებით შვილებს, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს" .
ჰო, ბოლო დროს ასე დამჩემდა - როცა ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ვიგებ... სიახლეებს არავინ ამატებს, მაგრამ აქ ვიჭედები და მათ მოგონებებში დავხეტიალობ. იქნებ არც მაქვს უფლება. არ ვიცი. შეიძლება, უფლება არც მაქვს.
მარიამ ელიაშვილი