თუ ადამიანი რაიმეს გაკეთებაზე ბავშვობიდან ოცნებობს და ამისათვის ნიჭთან ერთად მიზანსწრაფვაც აქვს, მას ოცნება აუცილებლად აუხდება.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან ცნობილი ქართველები, რომლებსაც კარიერის შესაქმნელად გვარის თუ სახელის შეცვლა დასჭირდათ. არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა იწყებენ სახელის მოხვეჭას, რის გამოც იმავე გზას მიმართეს.
გრეგორი ლეპსი - რუსული შოუბიზნესის ქართველი ვარსკვლავი. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, გრეგორი ლეპსვერიძემ 30 წლის ასაკში რუსეთის დაპყრობა გადაწყვიტა. მაშინ სოჭში ცხოვრობდა, მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა და ერთ-ერთ რესტორანში მღეროდა. შემოსავლიანი სამსახური მიატოვა, მოღვაწეობა ერთ-ერთ ჯგუფში დაიწყო, სადაც გვარი შეუცვალეს და გრიშა ლეპსვერიძე გრეგორი ლეპსად იქცა. თუმცა, ჯგუფმა მას წარმატება ვერ მოუტანა და, ფინანსური პრობლემების გამო ისევ სოჭში დაბრუნდა.
შემდეგ იყო ცუდი პერიოდიც, თუმცა, რუსი მეგობრების დაძალებით, ის კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. 10-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, წარმატებული კარიერის ეპოქაც დაიწყო. რუსებს გრეგორი ლეპსი ძალიან უყვართ და აფასებენ კიდეც. 2002 წლიდან დღემდე, მიღებული აქვს 20-მდე სხვადასხვა მუსიკალური ჯილდო. 2011 წელს კი გრეგორი ლეპსს რუსეთის დამსახურებული არტისტის ტიტულიც მიენიჭა.
გრეგორი ცნობილი ადამიანების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც მედიასთან კონტაქტი არ უყვარს. თუმცა, ჟურნალისტები მის შესახებ მაინც ბევრს წერენ, უყვართ მისი ნიჭი და აკრიტიკებენ ფულის სიყვარულისთვის. სხვადასხვა გამოცემისა და სოციალური გამოკითხვის მონაცემებით, გრეგორი ლეპსი რუსეთის ყველაზე წარმატებული და ძვირად ღირებული მომღერალია.
მუსიკოსი ბესიკ შპეტიშვილი, იგივე ბრენდონ სტოუნი, საქართველოდან შორს, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუმცა ყოველი კონცერტის წინ ხმამაღლა და სიამაყით აცხადებს, რომ ქართველია. ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მთელი ოჯახი გერმანიაში საცხოვრებლად 1991 წელს წავიდა. გამოცდები კონსერვატორიაში ჩააბარა და ჯაზ-პიანისტი გახდა. ბერლინში საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გახსნა. ცენტრალურ ქუჩაზე კი, შარლოტენბურგის რაიონში, აქვს საკუთარი კლუბი „ნიუ ვესთი", სადაც ქართულ სიმღერებს თავად მღერის. 2005 წელს იურმალაში ერთ-ერთი კონკურსანტი იყო და ''ახალ ტალღაზე'' ესპანეთს წარმოადგენდა. დღეს ის რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში საპატიო სტუმრის სახელით სარგებლობს.
ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ლორიგი, იგივე ქვრივიშვილი. ის საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ადამიანია უცხოეთში – ნომერ პირველი მშვილდოსანი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი და მწვრთნელია. მისი სპორტული კარიერა საქართველოში დაიწყო. „შიმშილის თამაშებში” მონაწილე ვარსკვლავი – ჯენიფერ ლოურენსი სწორედ ხათუნამ მოამზადა გადაღებებისთვის და მშვილდოსნობა ასწავლა. ხათუნა ამერიკის წარმატებულ ქალ მშვილდოსანთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, 4-გზის ოლიმპიელი და ბევრი სხვა ჯილდოს მფლობელია. ამჟამად, ამერიკელ მშვილდოსანთა შორის საუკეთესო რეიტინგი აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სპორტის ეს სახეობა საქართველოში არავის აინტერესებდა. ამიტომაც 90-იან წლებში შეერთებულ შტატებში წასვლა მოუწია. ის პოპულარულია და ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით მუშაობა და მათი მასწავლებლობა უწევს. ამერიკულმა გამოცემა „ESPN“-მა გამოაქვეყნა ამერიკის ტოპ-ათლეტთა გალერეა, სახელწოდებით: „როგორ გამოიყურებიან ტოპ-ათლეტები ტანსაცმლის გარეშე”. მსოფლიოში ცნობილ ათლეტთა შორის, რომლებიც ამ გამოცემისთვის გაშიშვლდნენ, ხათუნა ლორიგიც მოხვდა. გაგრძელება