სადღაც 90-იანი წლების ბოლოს, ძალიან ლამაზი გოგონა ციმბირის ერთი პატარა ქალაქიდან, რკინიგზის სადგურში ჩავიდა. მას მატარებლით ქალაქ ვლადივოსტოკში სასწავლებლად გამგზავრება სურდა.
ვაგონის გამცილებელმა ქალმა უთხრა, რომ თავისუფალი ადგილები აღარ იყო, უფრო სწორად – არ იყო ნორმალური ადგილები. გამცილებლის თქმით, მატარებელში მხოლოდ ერთი ადგილი იყო თავისუფალი, – ორადგილიან ლუქსში, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ წესიერი გოგონა იქ არ შევიდოდა.
- „და რა ხდება ამ კუპეში?“ – დაინტერესდა შეშინებული გოგონა.
- „იმ კუპეში მგზავრობს საშინელი, გაბანჯგვლული და ძალიან ბინძური უცხოელი, საშინელი გიჟის თვალებით! უზარმაზარი, გაუპარსავი და აშკარად გარყვნილი კაცია… სანამ ვმგზავრობდით, ორჯერ შეეცადა ჩემ ტუალეტში ძალით შეთრევას. მერე ერთ ბიჭს ტუალეტიდან გარეთ აღარ უშვებდა, ცდილობდა, შევარდნილიყო შიგნით. რუსულის ინჩიბინჩი არ ესმის, მხოლოდ ხელებს იქნევს და მგზავრებს უყვირის. ისეთი მშიერი და ავი თვალებით იყურება, სუყველას შიშის ზარს სცემს… მთელი გზა ტუალეტთან ყარაულობდა ყველას, ვინც კი შიგნით შესვლას დააპირებდა. მე ველაპარაკე და მგონი, ცოტა დაწყნარდა. ასე რომ, არ ღირს მასთან ერთად იმ კუპეში მგზავრობა!“
გოგონას ძალიან უნდოდა გამგზავრება და კუპეში შესვლა მაინც გარისკა. მან კარგად იცოდა ინგლისური. როდესაც კუპეში შევიდა, „საშინელი“ უცხოელი (მართლაც გოლიათი) თავაზიანად წამოდგა, მიესალმა, თავის გაუპარსავ წვერზე მიანიშნა და ბოდიშის მოხდის ტონით თქვა: – «Sorry. No water!»
– როგორ არ არის წყალი? – გაუკვირდა გოგონას. – ტუალეტში არ ნახეთ?
– ვიყავი იქ! ყველა ონკანი მოვსინჯე, მაგრამ ვერ მივხვდი, წყალი როგორ მოვუშვა. არადა, ვიცი, რომ არის. ხალხი შედის წვერგასაპარსი, პირსახოც-გადაკიდებულები, გამოდიან გაპარსულები და დაბანილები. ვეცადე, მათგან გამეგო, მაგრამ ვერ ვხვდები, რაშია პრობლემა. ჩემი ყველას ეშინია.
– და თქვენ სცადეთ, რომ „პიმპოჩკა“ ქვევით ჩამოგეწიათ? – ჩაეკითხა გოგონა.
– და რა არის ეს „პიმპოჩკა“?
ცოტა ხნის შემდეგ გაირკვა, თუ რატომ ჰქონდა ამერიკელს მშიერი თვალები. ვაგონ-რესტორანში არ მიიღეს მისი საკრედიტო ბარათი, ციმბირის სადგურების გაჩერებებზე კიდევ, ბანკომატები არ იყო. ის კი სანკტ-პეტერბურგიდან მოდიოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მეზობლები უახლოესი კუპეებიდან ჭორაობდნენ გარყვნილ უცხოელსა და ახალგაზრდა გოგონაზე, რომლებიც ერთად გამოვიდნენ კუპედან და ტუალეტში ჩაიკეტნენ.
გარკვეული დროის შემდეგ მატარებლის მგზავრებმა იმ საშინელ უცხოელში ამერიკელი პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროექტების მართვის მენეჯმენტის სპეციალისტი და არაერთი პოლარული ექსპედიციის მონაწილე – ჯონ მარლინ კრუმი იცნეს, რომელიც დაბანილი, წვერგაპარსული, მოწესრიგებული და დანაყრებული ესაუბრებოდა მგზავრებს თარჯიმანი გოგონას დახმარებით.
სწორედ ასე შეხვდა ჯონ კრუმი თავის მომავალ მეუღლეს. მას შემდეგ ფრაზა – “Did you press the pimpochka from the down?” – მათ საოჯახო ხუმრობად იქცა, რომელსაც სიამოვნებით უყვებოდნენ უახლოეს მეგობრებს სადილის დროს.