ბრწყინვალე საცხოვრებელი ფურგონი: ოჯახმა ახალი ზელანდიიდან ძველი სატვირთო ავტომობილი ბორბლებზე შემდგარ ციხესიმაგრედ გადააკეთა
ბედფორდიდან ოთხი საყრდენი ნელ-ნელა ამოიზიდა, 40 წლის სატვირთოს თითოეული კუთხიდან ამოვიდა და ცისკენ აიწია. ალუმინის სახურავი ამ საყრდენებითაა გამაგრებული. 38 წლის ჯასტინს და 32 წლის იოლას ამ საცხოვრებელი ფურგონის გასაშლელად ფურცელზე დაწერილი გეგმა არ სჭირდებათ, რადგან ამ ახალზელანდიელმა წყვილმა ეს სახლი-მანქანა საკუთარი ხელებით გააკეთა - დევიზით ”ჩემი მანქანა ჩემი ციხესიმაგრეა”.
მშვიდი ცხოვრება: ეს პატარა, ლამაზი ოჯახი უკვე 5 წელია ასე ცხოვრობს. დიდი ქალაქები არ უყვართ, ყოველთვის ბუნებაში არიან.
დაახლოებით 40 წუთია საჭირო იმისათვის, რომ ჯასტინმა და ლოლამ ყველაფერი გახსნან და გადმოალაგონ. მე ამ პროცესს უფრო ციხესიმაგრის გაშლას დავარქმევდი. ღვედი გაჭიმე, გამოჭიმე, სახურავი აზიდე, მიამაგრე, კიბე გადმოსწიე, საყრდენი შეუდგი, გაამყარე... ვუყურებ, როგორ შრომობს ეს ცოლ-ქმარი და დაჯერება მიჭირს. რამდენ რამეზე უფიქრიათ, რამდენი დეტალი გაუთვლიათ - სანტიმეტრებში კი არა, მილიმეტრული სიზუსტით.
ამ გაწევ-გამოწევაში, გაჭიმვა-აზიდვასა და დატრიალება-დამაგრებაში მართლაც 40 წუთი გავიდა. იოლა და ჯასტინი საქმეს მორჩნენ. ვდგავარ და ვუყურებ, მაგრამ რას ვუყურებ? რა უნდა დავარქვათ ამას? პრინციპში, არც სამოგზაურო ავტომობილი ეთქმის, არც საცხოვრებელი ფურგონი, არც სახლია და არც მანქანა. სახელად ალბათ მოტორიზებული ციხესიმაგრე უფრო შეეფერება.
ასე გამოიყურება ეს მოტორიზებული ციხესიმაგრე, როცა გზაშია.
გაშლა-აწყობის პროცესმა ჩვენზე მაგრად იმოქმედა. მხოლოდ პიკო უყურებდა მშვიდად. პიკო ჯასტინის და იოლას ორწლინახევრის ვაჟია. არ მიკვირს, რომ არ გაუკვირდა, რადგან პიკოს ეს პროცესი უკვე ბევრჯერ აქვს ნანახი - ეს საყვარელი ბიჭუნა ხომ სწორედ ამ მობილურ ციხესიმაგრეში იზრდება, რომელიც მისმა მშობლებმა იმისათვის ააშენეს, რომ ახალ ზელანდიაში მომთაბარე ტომივით ეცხოვრათ.
”ცხოვრება ხელოვნებაა” - ასე ჟღერს იოლას დევიზი. ჯასტინი კი ამბობს: ”ჩვენ გვინდოდა მიგვეღო ფუნქციური ნამუშევარი და ეს შევძელით კიდეც". მარჯვნივ შეშის ღუმელი, მარცხნივ გაზის.
პიკოს დედა იოლა არტისტია. მისი მშობლები გერმანიიდან ახალ ზელანდიაში 1990 წელს გადასახლდნენ. მამა ჯასტინი კი სანტექნიკოსი გახლავთ - მილებსა და სახლებში შესანიშნავად ერკვევა. ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად მან 1976 წელს გამოშვებული Bedford TK შეარჩია. ”ბედფორდი” ძველისძველი ბრიტანული ავტომწარმოებელია, რომელიც Vauxhall Motors-ს ეკუთვნოდა და ამგვარად, ამერიკული General Motors-ის შვილობილი კომპანია გახლდათ. კონკრეტულად ეს სატვირთო კი თავის დროზე ახალ ზელანდიაშია გამოშვებული. დაახლოებით სამი ათწლეულის განმავლობაში ამ სატვირთოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადაჰყავდა და ამგვარ შრომაში გაიარა დაახლოებით 800 000 კილომეტრი. შეიძლება, უფრო მეტიც. აქვს 5,4-ლიტრიანი დიზელის ძრავა, რომელიც დღემდე ვაჟკაცურად მუშაობს. გაგრძელება + ფოტოები