მოზარდის მიერ მშობლის მკვლელობის და შემდეგ მისი მეგობრების სადისტურმა საქციელმა ბევრ ადამიანს დააკარგვინა ჰუმანიზმი და ისინი მოითხოვენ, დამნაშავეები საკადრისად, რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯონ. რთულია, ასეთ დროს ადამიანების მოთხოვნას წინ აღუდგე და მოზარდების დაცვა სცადო, რადგან მათი საქციელი მართლაც, ყოველგვარ ზღვარს ასცდა - ამ ახალგაზრდების მიერ გამოჩენილი სისასტიკე შემაძრწუნებელია.
არადა, მახსოვს, რამდენიმე წლის წინ საზოგადოება მოზარდებს განსხვავებულობასაც ვერ პატიობდა, ძველი თაობის წარმომადგენლები კი ეძებდნენ გზას, რომ მოზარდები შეძლებისდაგვარად დაეცვათ ცუდი საქციელისგან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა...
უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ ოდესღაც ტაბუდადებულ თემაზე - რას აკეთებენ მოზარდები მაშინ, როცა საზოგადოების უმეტეს ნაწილს სძინავს? უკვე აღარ მალავენ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა სადისტური საქციელით (ცხოველის ან ფრინველის წამებით, რიგ შემთხვევაში კი ადამიანის წვალებით) ცდილობს იმ ენერგიისგან გათავისუფლებას, რომელიც მოსვენებას არ აძლევს...
რატომ უჩნდება მოზარდს სურვილი, ცოცხალ არსებას ტკივილი მიაყენოს, სასაფლაოზე იაროს და ბუდიდან ღამურის მსგავსად, მხოლოდ ღამით გამოვიდეს? მათი ქმედება არის მართლაც სადიზმის გამოვლინება, რომელიმე სექტის ზეგავლენა თუ უბრალოდ, ეს ერთგვარი გასართობია? როგორც უნდა გაგიკვირდეთ, თავად მოზარდები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, წარმავალია და ამის გამო პანიკის ატეხა არ ღირს. თუმცა, დრო რაც უფრო მეტად გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მიელტვის განსხვავებულობას და იმისთვის, რომ გამორჩეული იყოს, გზად ყველაფერს ანადგურებს, მერე კი, როცა ჩიხში მოექცევიან, ამ ყველაფერს "სექტანტობას" აბრალებენ და ამბობენ, რომ რაღაც დაჯგუფებაში უნებურად აღმოჩნდნენ და იქ გონება გადაუტრიალეს. თუმცა, ამ სექტის შეფის ან შეკრების ადგილის მითითება ბევრ მათგანს უჭირს და ამიტომაც არის, რომ საზოგადოების წევრები ვერ ვხვდებით, ეს რეალობაა თუ უცნაური თამაში, რომლის გამოისობითაც, ახალგაზრდები თავსაც საფრთხეში იგდებენ და სხვებსაც პრობლემებს უქნიან.
გოგონას, რომლის ინტერვიუსაც ახლა შემოგთავაზებთ, წლების წინ შევხვდი. სიმართლე გითხრათ, მაშინ ჩემი რესპონდენტის გულახდილობაში ეჭვი შემეპარა, მაგრამ მერე მივხვდი - ამ ამბავში დაუჯერებელი არაფერია და დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, რომ ახალ თაობას აუცილებლად სჭირდება დახმარება, რომ რეალური სამყაროდან ირეალურში არ გადაინაცვლონ და ისეთი შეცდომები არ დაუშვან, რომელიც არა მარტო მათ, არამედ ამ ახალგაზრდების გარშემო მყოფებსაც დააზარალებს... ამ გოგონამ, რომელიც ეგოდ გამეცნო, ვიდრე შევხვდებოდი, ჯერ მობილურზე დამიმესიჯა:
"იმედია, არსებობ, მე ეგო ვარ, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ძლიერი. მინდა იმ მოზარდებზე გელაპარაკო, რომლებიც ჩემსავით, ღამეს სასაფლაოზე ათევენ. მართალია, ჩემი სამეგობრო წრე საკმაოდ ვიწროა, მაგრამ საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ის მოზარდები, რომლებიც ამას წინათ ტელეეკრანზე გამოჩნდნენ, ყალბები არიან, მე კი ნამდვილად ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ და მეგობრებთან ერთად, მთვარისა და ვარსკვლავების ცქერით ვტკბები... თუმცა, ზოგჯერ კატებს ჩვენც ვაწვალებთ, რადგან საამისოდ მიზეზი გვაქვს... დამიკავშირდი და გპირდები, გულახდილი ვიქნები".
როცა პასუხი დავუგვიანე, დამირეკა და მკაცრი ტონით მითხრა:
- რა იყო, ჩემი გეშინია და ამიტომაც არ დამირეკე თუ უბრალოდ, ეს თემა არ გაინტერესებს?
- ვინ ხარ?
- მე ის ვარ, ვინც მართლა ღამის ცხოვრებით, ღამურასავით ცხოვრობს და არა - უბრალო ჯამბაზი. იქნებ შემხვდე. გპირდები, არაფერი დაგიშავდება და ჩემთან ლაპარაკი ალბათ, ცოდვაშიც არ ჩაგეთვლება. უბრალოდ მინდა, მეგობრის დღიური გადმოგცე...
თავიდან მეგონა, გოგონა ვარდების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან დამიბარებდა, მაგრამ შევცდი: პაემანი ლიტერატურულ კაფეში დამინიშნა. კიდევ ერთი მოულოდნელობა ისიც გახლდათ, რომ სხვა უცნაური იმიჯის მქონე მოზარდებისგან განსხვავებით, ის ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. საზოგადოების ყურადღებას მხოლოდ გახვრეტილი ცხვირითა და ენით (რომელიც ცხადია, თუ არ დაილაპარაკებდა, არც უჩანდა) იქცევდა.
ეგო:
- სანამ გაგეცნობოდი, აქეთ-იქით ისე იყურებდი, მივხვდი, უცნაური იმიჯის მქონე გოგონას ეძებდი. ასეა?
- რაღა დაგიმალო და, ასეა!
- მე დღისით ჩვეულებრივი, თანატოლებისგან არაფრით გამორჩეული იმიჯი მაქვს; სამაგიეროდ, საღამოს რომ შემხვდე, ვერ მიცნობ: შავი პარიკი მაქვს, რომლის ტარებაც ძალიან მიყვარს. საყურესაც შავს ვიკეთებ და მაკიაჟსაც. ჩემი ტანისამოსი ღამურას ფრთებს მოგაგონებთ. მოკლედ, სადმე რომ შემხვდე, დარწმუნებული ვარ, მაგრად შეგეშინდება, თუმცა არც ისეთი საშიში ვარ...
- ასე ჩაცმულ-დახურული სადმე მიდიხარ თუ...
- არა, სარკის წინ ვდგები და საკუთარი სილამაზით ვტკბები (იცინის). რა თქმა უნდა, მივდივარ, თანაც - სასაფლაოზე, სადაც ჩემი მეგობრები იკრიბებიან.
- საინტერესოა, როგორ ერთობით?
- ვსვამთ, ვეწევით, ვლაპარაკობთ. ჩვენ კითხვა გვიყვარს, ვგიჟდებით წიგნებზე. ჰოდა, წაკითხულს ერთმანეთს ვუზიარებთ. ყველაზე მეტად მძაფრსიუჟეტიანი ნაწარმოებები გვიზიდავს.
- ზოგჯერ ცხოველებსაც ვაწვალებთო, - მომწერე...
- მხოლოდ კატებს.
- რატომ? ამ ცხოველმა რა დაგიშავათ? მისი წვალების პროცესი სიამოვნებას განიჭებთ?
- არა, ამაში სასიამოვნო, აბა, რა უნდა იყოს? უბრალოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კატა უწმინდური ცხოველია და თუ მას ისე მოვექცევით, როგორც უწმინდურ არსებას, მაშინ ბინძური აურისგან სული გაგვეწმინდება.
- ვერაფერი გავიგე...
- ჰო, ჩვენ რომ გაგვიგო, ჩვენნაირი უნდა გახდე (იღიმის); ჩვენნაირი რომ გახდე, სულიერად ძლიერი უნდა იყო, ღამით სასაფლაოზე სიარულის არ უნდა გეშინოდეს... ოდესმე ღამით სასაფლაოზე ყოფილხარ?
- კი, ვყოფილვარ, მაგრამ ვაღიარებ, ძალიან შემშინებია...
- ეს იმიტომ, რომ სული და გონება ცუდი ფიქრებით გაქვს დამძიმებული. მე და ჩემი მეგობრები განწმენდილები ვართ და ამიტომაცაა, რომ არაფრის, მათ შორის, იმქვეყნად გადაბარგებისაც არ გვეშინია. შენ რომ სუფთა იყო, მაშინ სასაფლაოზე ყოფნისას კი არ შეგეშინდებოდა, არამედ ამისგან სიამოვნებას მიიღებდი. იცი, რა კაიფია, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად მარტო ხარ, მოწმენდილ ცას, ბრჭყვიალა ვარსკვლავებს უყურებ და ლაპარაკობ შენთვის საინტერესო თემებზე? როცა იცი, რომ ის ადგილი, სადაც იმწუთას ხარ, ამქვეყნიური არაა?! ეს ჯადოსნური სამყაროა, სადაც შეგიძლია, მშვიდად იყო, რადგანაც ზუსტად იცი, რომ იქ არავინ გიღალატებს, ცუდად არავინ მოგექცევა, არ დაგცინებს...
- და როცა ასეთ ადგილას იკრიბებით, უცნაური იმიჯი რაში გეხმარებათ?
- ჩვენი ეშინიათ და ცოდვილები ახლოსაც არ გვეკარებიან...
- ზოგს ჰგონია, რომ შენისთანები რომელიღაც სექტის წევრები არიან...
- შეიძლება ჩვენნაირად ჩაცმული ტიპები სექტანტებიც იყვნენ (თავს ვერაფრის და ვერავის გამო ვერ დავდებ), მაგრამ ჩვენ მართლა არანაირ სექტას არ ვცნობთ. ვიცით, რომ უფალი არსებობს და მისი გვწამს, გვეშინია კიდეც. უბრალოდ, ეგაა, რომ ეკლესიაში იშვიათად დავდივართ, სანთელსაც იშვიათად ვანთებთ. სამაგიეროდ, გვწამს, რომ უფალს ჩვენი ესმის. გულით მის სიყვარულს ვატარებთ... მოდი, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, რა. ეს ერთადერთი თემაა, რომელზე ლაპარაკის დროსაც ვიბნევი...
- შინიდან ასე უცნაურად ჩაცმული რომ გამოდიხარ, მშობლები რას გეუბნებიან ან ღამით მარტოს როგორ გიშვებენ?
- მათ ჩემთვის არასდროს სცალიათ. ისიც კი არ იციან, როდის სად ან ვისთან მივდივარ. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ სასმელ-საჭმელი იშოვონ, შვილები კი "ფეხებზე ვკიდივართ"...
- და გყავს თუ ძმა?
- ძმა მყავს, რომელსაც მამიდაჩემი ზრდის. ისინი სოფელში ცხოვრობენ. მამიდას შვილი არ ჰყავდა და ლევანიკოს გაზრდა ამიტომაც იკისრა. ჩემი წაყვანაც უნდოდა, მაგრამ ამის სურვილი თავად არ მქონდა. უკვე დიდი ვარ, საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა შემიძლია. გაგრძელება