ჩვენს საზოგადოებაში ოდესღაც დახურული სქესობრივი ურთიერთობის თემა ყველაზე განსახილველი გახდა.
თუმცა ხანდაზმულ ასაკში სექსი იუმორისტების ხუმრობის საგანი უფროა. მიუხედავად ამისა, ასაკოვანი ადამიანებისთვის სპეციალისტები ცხოვრების ამ სფეროს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა შეიმუშაონ რეკომენდაციები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ქალებსა და მამაკაცებს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდებათ ინტიმური ურთიერთობის სურვილი და უნარი.
სასარგებლო და საჭირო
ხანდაზმულ ასაკამდე სქესობრივი ურთიერთობების შენარჩუნების სარგებელზე ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იცოდნენ. ძველი ჩინური ფილოსოფიური სწავლების მიხედვით, სექსს შეუძლია დაბერების პროცესის დამუხრუჭება და სიცოცხლის გახანგრძლივება. ამიტომ ისინი ხანდაზმულ ასაკში სექსს წამლად და მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის ურჩევდნენ.
თანამედროვე მეცნიერებიც განიხილავენ სექსს დღეგრძელობის ერთ-ერთ ფაქტორად. აქტიური სქესობრივი ცხოვრება აძლიერებს ჯანმრთელობას - მამაკაცებთან უფრო იშვიათად აღინიშნება პროსტატის კიბო, ქალებთან კი ქვეითდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. სექსი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რიტმული მოძრაობა და კუნთების შეკუმშვა კი ზრდის კუნთების ტონუსს. აქტიური სქესობრივი ცხოვრება დადებითად მოქმედებს ხანდაზმული ადამიანების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. უმჯობესდება განწყობა, იზრდება თვითშეფასება, მყარდება პარტნიორთან სულიერი ერთიანობა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ხანდაზმული ადამიანები ინტიმური ცხოვრებით უფრო მეტად ინტერესდებიან, ვიდრე მათი თანატოლები 20-30 წლის წინ. ისინი უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ თავს, ვიდრე 80-90-იან წლებში.
საფუძველი - ცხოვრების ჯანსაღი წესი
მენტალიტეტის გარდა, ბევრ ადამიანს ობიექტური მიზეზები აქვს სქესობრივი ურთიერთობის შეზღუდვისთვის. ცხადია, რომ ის იწვევს დადებით ემოციებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, თუმცა, იმავდროულად, აცლის ბევრ ენერგიას, ზრდის არტერიულ წნევას, დატვირთვაა გულის, ტვინისა და სისხლძარღვებისთვის. ამ ასაკში, ასეთი დატვირთვისას, რამდენჯერმე იზრდება ინფარქტის რისკი. ხშირად ხანდაზმული მამაკაცის ახალგაზრდა ქალთან რომანი ტრაგიკულად სრულდება. ამიტომ არტერიული ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ნევროლოგიური მოშლილობისას აუცილებელია კარდიოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან რეგულარული კონსულტაცია, ფიზიკური შესაძლებლობების გამოკვლევა და ამ დაავადებების დროული მკურნალობა. გაგრძელება