მსოფლიოში პოპულარული ვიდეო თამაშს sniper ghost warrior 3-ს ქართული საუნდთრექი აქვს. ასე ჟღერს სიმღერის ტექსტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ კომპიუტერულ თამაშს აქვს დართული:
“შენ დიადემა თავზე შეგშვენოდა და მის ნაცვლად თმები ჩამოგშლოდა. შენ სახეს ლოცვა გულის ამოჰქონდა და ნაზ თვალებში გული გამოჰქონდა, მაგრამ არავინ ჩანდა მისი დამნახველი”.
სიმღერას unnapreciated beauty, ანუ „უპასუხო სიყვარული“ ჰქვია.
გაგიკვირდებათ და ვიდეოთამაშის ქართულ საუნდთრექს არა რომელიმე ქართველი ცნობადი სახე, არამედ ამერიკელი მომღერალი აურელია შრენკერი ასრულებს.
დავინტერესდით, ვინ არის აურელია და რა კავშირი აქვს ქართულ სიმღერასთან. როგორც აღმოჩნდა, აურელია 3 წლიდან მღერის, ხოლო როცა პირველად მოისმინა ქართული სიმღერა ამერიკელი მომღერლების შესრულებით, 13 წლის ყოფილა.
მისი თქმით, ვერმონტში “სისა ტურას” მღეროდა ლერი გორდონისა და თათიქ ჰაილერის ანსამბლი. მოგვიანებით აურელია ვერმონტიდან დიდ ბრიტანეთში წასულა, იქ ქართულად სიმღერა ანსამბლ “მზეთამზეს” სოლისტ ნატო ზუმბაძესთან უსწავლია და შეუყვარებია.
“13 წლიდან არ მახსოვს დღე, ქართული სიმღერის გარეშე”- ამბობს ამერიკელი მომღერალი “კვირის პალიტრასთან” 2010 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. ის ნატოს ქართული სიმღერის დედას უწოდებს.
ქართულ ფოლკლორზე შეყვარებულმა აურელიამ ამერიკაში გრანტი მოიპოვა, რათა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ომალოს ადმინისტრაციული ცენტრის მომსახურე პერსონალისთვის ინგლისური ენა ესწავლებინა და თუშეთში ჩამოვიდა. აურელია დაინტერესებული იყო მთის ხალხის სიმღერებით, ამიტომაც მოიარა ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი და კახეთი.
“ხომ მოგისმენია, როგორ ტირიან მთებში ფანდურზე, ეს ნამდვილი საოცრებაა. მინდა ისევე ვისწავლო ქართული, როგორც ქართველმა… აქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ხელგაშლილი და მეგობრული ადამიანი, თქვენ გულიც გახსნილი გაქვთ, ამიტომაც არის საქართველო ყველა ქვეყნისგან განსხვავებული, ამიტომაც მინდა აქ ხშირად ჩამოსვლა…” აურელია თუშეთში ინგლისურს ასწავლიდა იქაურებს, ისინი კი სიმღერას ასწავლიდნენ, თუმცა ამერიკელი მომღერალი მიიჩნევს, რომ უმჯობესია უცხოელმა ტურისტებმა ისწავლონ ქართული:
“უკეთესი იქნებოდა, სხვებს ესწავლათ ქართული. აქ ძალიან ბევრი რამ არის სხვა ხალხებისთვის, სხვა ერებისთვის საინტერესო და უცხო. თუ ენა არ გეცოდინება, ვერასოდეს იტყვი, რომ საქართველო ნამდვილად ნახე… “
“უპასუხო სიყვარულის” მელოდია კომპოზიტორმა მიკოლაი სტროინსკიმ შექმნა. მიკოლაი სტროინსკი ვარშავაში გაზრდილი კომპოზიტორია, მას დამთავრებული აქვს ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ბოსტონში, მოცარტის ჯილდოების მფლობელია. როგორც მიკოლაი ამბობს, ამ ვიდეოთამაშის საუნდთრექის წერა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო.