გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართულ შოუბიზნესში „აყვავების ხანა“ დაიწყო. ამ ეპოქაში ბევრმა ქართველმა მიაღწია დიდ წარმატებას და თავი შეაყვარა მაყურებელს/მსმენელს, თუმცა ზოგი მათგანი, რატომღაც უკვე დიდი ხანია, აუდიტორიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა.
ქეთი მერკვილაძე აუდიტორიამ სიმღერით "მშვენიერ ქალს" გაიცნო და მალევე შეიყვარა. მომღერალმა სასიამოვნო მელოდია გიტარის თანხლებით გააჟღერა, ასევე დიდი ყურადღება მიიპყრო ქეთის თამამმა ჩაცმულობამ. "მშვენიერ ქალს" ეპოქის ჰიტად იქცა. ქეთი მერკვილაძემ სავიზიტო სიმღერის შემდეგ, კლიპიც გადაიღო, სიმღერაც ჩაწერა, ალბომიც გამოუშვა, მაგრამ აქტიურ სასცენო საქმიანობას აღარ დაბრუნებია. მომღერალი "ფიფას" წარმომადგენელზე, გიგა გადელიაზე დაქორწინდა და ახლა 8 წლის შვილი ჰყავს, მაგრამ დღეს, ბევრს მომღერლის ვინაობაც აღარ ახსოვს.
ჯგუფის, "სეთის" გოგოების სახელწოდება თიკა ფაცაციას, ეკა გაბიტაშვილისა და სოფო მასხულიას სახელების ინიციალებისგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც თიკა ფაცაციას ადგილი ტრიოში ნათია ნებიერიძემ ჩაანაცვლა, ჯგუფი "სეთი" გახდა "ენსი".
90-იან წლებში ჯგუფი "სეთიცა" და "ენსიც" დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. წლების შემდეგ ტრიო დაიშალა, სოლისტმა ეკა გაბიტაშვილმა საოპერო კარიერა გააგრძელა და საზღვარგარეთ მოღვაწეობს, სოფო მასხულია თბილისის მერიაში მუშაობს, ნათია ნებიერიძე კი პატარა ბიჭუნას აღზრდით არის დაკავებული,რაც შეეხება თიკა ფაცაციას, ის განაგრძობს სიმღერას და ამავე დროს ტელეწამყვანია.
ლექს-სენი გამოჩენისთანავე ესტრადის ვარსკვლავად იქცა. მისი სიმღერების ტექსტები ყველა თინეიჯერმა ზედმიწევნით იცოდა. ბოლო წლებში ლექსენმა შეწყვიტა შოუ ბიზნესში მოღვაწეობა და ფანების გონების იმ ნაწილში გადაინაცვლა, სადაც ერთ დროს საყვარელი, მივიწყებული მოგონებები ილექება.
თავად ლექს-სენი თავის გაუჩინარებას ასე განმარტავს: "სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში დამღლელია პოპულარობა და ვხვდები, ეს დასვენება გაცილებით საჭირო, გაცილებით ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე პოპულარობა. როგორც შემოქმედს, სათქმელი მუდამ მაქვს, მაგრამ როცა შენ იზრდები და მასა - ვერა, იქ აღარ უნდა თქვა არაფერი, უბრალოდ - დაიღლები..." ლექსენი მშვიდად ცხოვრობს თავის უკრაინელ მეუღლესთან და შვილთან ერთად.
მერიემ კაკაურიძე