აღდგომის დღესასწაულისთვის ყველა ქრისტიანი განსაკუთრებულად ემზადება. პასქა და წითელი კვერცხი ამ უდიდესი დღესასწაულის სუფრის განუყოფელი ნაწილია, სააღდგომო სუფრა მათ გარეშე წარმოუდგენელია.
„რეიტინგი“ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან სააღდგომოდ ცნობილი ადამიანები.
მსახიობი ციცინო კობიაშვილი სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. წელს პასქების გამოცხობას ვერ მოახერხებს.
- სააღდგომოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. წელს, სამწუხაროდ, ვერ გამოვაცხობ პასქებს, რადგან თეატრში რეპეტიციები მქონდა და დრო არ დამრჩა. ჩემი მეგობარი გამიკეთებს პასქებს, შემდეგ კი მე მათ ლამაზად მოვრთავ მარციპანით, შოკოლადით.... პასქას ყველა თავისებურად ამზადებს. ახალი უნდა იყოს კვერცხი, რძე და სხვა პროდუქტები. ასეთი ინგრედიენტებით მომზადებული ნოტიო და გემრიელი გამოდის.
ჩვენს ოჯახში ცხვრის ხორცი არ უყვართ და შესაბამისად, ჩაქაფულს არ ვამზადებთ. ჩვენი სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია ტარხუნის ღვეზელები. ღვეზელების ცომი მაწონზე მზადდება. შემდეგ უნდა ავიღოთ და გავარჩიოთ ნედლი ტარხუნა. მოვთუშოთ მწვანე ხახვთან ერთად, შევურიოთ მოხარშული კვერცხი და ჭყინტი ყველი. დავჭრათ ცომი პატარა ნაჭრებად, გავუკეთოთ ტარხუნის გულსართი და შევწვათ. უგემრიელესი ღვეზელები გამოდის.
- ბევრ სტუმრებს ელოდებით სააღდგომოდ?
- ჩვენი ოჯახი სტუმართმოყვარეა, განსაკუთრებით, ზამთრის დღეებში. სწორედ ამ პერიოდში არის დღესასწაულები, ჩემი და ჩემი დედამთილის დაბადების დღეები. ამიტომ მუდმივად სტუმრები გვყავს, შემდეგ აღდგომამდე ვისვენებთ და სააღდგომოდ უამრავი ადამიანი მოდის სტუმრად. მეორე დღეს საფლავზე გავდივართ.
- ძვირი დაგიჯდათ სააღდგომო სუფრის მომზადება?
- არ დამიჯდა ძვირი. გოჭებს ჩვენ არ ვწვავთ. ჩვეულებრივი სადილი მოვამზადე. გვექნება ტოლმა, სალათა, ორი ქათამი, ერთი ოჯახისთვის და მეორე საფლავზე გასატანად. კვერცხი, ღვეზელები და პასქა. კარგი პასქის მომზადება იაფი ნამდვილად არ ჯდება და ღირს სახლში მომზადება. ასეთ პასქას არაფერი შეედრება, არც ფუჭდება. თუ გახმება, უგემრიელესი ორცხობილაა. აღდგომა ჩვენთვის არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, გართობასთან და გრიალთან არ ასოცირდება. წაიკითხეთ სრულად