აღდგომა უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ყველა მართლმადიდებლისთვის. აღდგომის დღესასწაულისთვის ყველა ქრისტიანულ ოჯახში იღებება კვერცხი, ირთვება სახლი სააღდგომო დეკორაციით და იკრიბებიან ნათესავები.
ასე ემზადებიან სააღდგომოდ ქართველი ვარსკვლავები:
თამო ვაშალომიძისთვის პირველი აღდგომის დღესასწაულია, რომელსაც ის შვილთან ერთად ხვდება. მოდელი ამბობს, რომ ეს მას უფრო მოტივირებულს ხდის და აპირებს, წელს სხვადასხვა ფერითა და ორნამენტითაც გააფორმოს კვერცხები. თამო ყოველ წელს ცდილობს, შაბათს ეკლესიაში ღამისთევას დაესწროს. სოფიას მამაც თამოსთან და შვილთან ერთად გაატარებს ამ რელიგიურ დღესასწაულს. გარდაცვლილი ნათესავებისა და წინაპრების სასაფლაოების მოსანახულებლად მოდელს არ მიაჩნია აუცილებლად ჩვილის წაყვანა. მას სოფია ჯერ მხოლოდ პარკებსა და სკვერებში დაჰყავს სასეირნოდ.
გიორგი სუხიტაშვილი, იმის მიუხედავად, რომ მარტო ცხოვრობს, აღდგომის დღესასწაულს ოჯახთან ერთად აღნიშნავს. ის ამბობს, რომ ეს რელიგიური დღესასწაული იმდენად მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები მამა წელს სპეციალურად სააღდგომოდ ჩამოდის საქართველოში. გიორგი აღდგომის კვირაში ყოველთვის ცდილობს, გამონახოს დრო და ორი დღით მაინც ესტუმროს მშობლიურ სოფელს.
ნინი ონიანი განსაკუთრებულად არასდროს ემზადება დღესასწაულებისთვის, თუმცა მასაც, ისევე, როგორც ყველა მართლმადიდებელს, ძალიან უყვარს კვერცხის ღებვის რიტუალი. ის დედასთან ერთად სხვადასხვა ფერითა და ორნამენტით აფორმებს კვერცხებს. თუმცა წელს ის აღდგომის დღესასწაულს იტალიაში გაატარებს მეგობართან ერთად. “მეგობარმა დამპატიჟა და რამდენიმე დღით უნდა მოვწყდე ჩემს ყოველდღიურ გიჟურ რიტმს და ცოტა დავისვენო“, - განმარტა მან www.marao.ge-სთან საუბრისას.
მერიემ კაკაურიძე