ეიფელის კოშკს უამრავი საქორწინო ცერემონიალი უნახავს.
უამრავი შეყვარებულის აციმციმებულ თვალებში ჩაუხედავს და მათი სიყვარულით თვითონაც აბრჭყვიალებულა, მაგრამ ეიფელის კოშკს არასდროს უნახავს საქორწინო ცერემონიალი მხოლოდ ერთი ადამიანის მონაწილეობით. მგონი, არც თქვენ. მე, მით უმეტეს, მაგრამ რას არ გაიგებს კაცი.
42 წლის ამერიკელმა მარტოხელა დედამ, დესირე ლონგაბომ, რომელიც 2 ქალიშვილს ზრდის, ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა ვიღაც, ვისაც საკუთარ ცხოვრებას გაუზიარებდა. როგორც ჩანს, მან დიდხანს ეძება პარტნიორი, მაგრამ ვერავინ იპოვა.
ამიტომაც სახელი და გვარი შეიცვალა და საკუთარ თავთან ქორწილის ორგანიზება მოაწყო.
ცერემონიალი, არც მეტი, არც ნაკლები, სიყვარულის ქალაქში, ეიფელის კოშკის გვერდით დაგეგმა.
ის თავის გადაწყვეტილებას საოცრად ხსნის:
„10 წელი ქორწინებაში ვიყავი, თუმცა მას აკლდა ის ნაპერწკალი, რაზეც ხალხი საუბრობს. წლების განმავლობაში ვცდილობდი ჩავწვდომოდი ამის მიზეზს, გავმხდარიყავი თვითდაჯერებული და გამეგო, რას ნიშნავს რეალური ქორწინება. ვიკვლევდი, ვსწავლობდი სხვადასხვა თეორიებს და ბოლოს აქამდე მოვედი. საკუთარ თავს ვკითხე, რატომ არ შეიძლება საქორწინო ცერემონაილი იყოს მხიარული და ფანტასტიკური ვინმესთვის ფიცის მიცემის გარეშე, რატომ არ შეიძლება ვიქორწინო საკუთარ თავზე?
წარმატების უამრავი საზომი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის სიყვარულია. ეს სხვებს შენთან ურთიერთობას უმარტივებს.
ბევრისთვის ჩემი გადაწყვეტილება, დავქორწინებულიყავი საკუთარ თავზე, გაუგებარია, მაგრამ ჩემ გვერდით არიან ჩემი შვილები და ეს საკმარისია. ისინი აანალიზებენ, რომ მათი დედა არაა სტერეოტიპებში მოქცეული ქალი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა საკუთარი თავისგან. ვეძებთ ვიღაც სხვას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ის „სხვა“,რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება, ჩვენშია. მე მჯერა, რომ ნებისმიერს შეუძლია იქორწინოს საკუთარ თავზე“, - ამბობს დესირე.
ამ მართლაც უჩვეულო ქალმა მსოფლიო ახალი გამოწვევის გარეშე დააყენა. მისი ქმედება წამით მაინც დააფიქრებს ნებისმიერ ჩვენგანს და ჩარჩოებში მოქცეულებს, ოდნავ მაინც გავიფართოვოს სამყაროს აღქმის არეალი.