ალბათ, ყველა თქვენგანს სმენია იმის შესახებ, რომ მამაკაცებს ქალების სექსუალურობა მათი პროფესიის მიხედვით აქვთ დაყოფილი.
მაგალითად, ბორტგამცილებელი, ანუ ქართველი მამაკაცების ენაზე "სტიუარდესა", აუცილებლად სექსუალურია, ვინაიდან გარდა კარგი აღნაგობისა, მას კატასტროფის შემთხვევაშიც კი არ აქვს პანიკის უფლება, რაც, დამეთანხმებით, მამაკაცებისთვის დიდი პლუსია.
მაგრამ ვინაიდან ეს ქალების ჟურნალია, ჩვენი სექსუალურობის განხილვას მამაკაცების მიმზიდველობაზე საუბარი აჯობებს. გთავაზობთ მამაკაცების ყველაზე სექსუალური პროფესიების რეიტინგს.
1. პილოტი, მემანქანე
მოწესრიგებულ ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ყოველთვის იზიდავდა სუსტი სქესის წარმომადგენლებს. ასეთი შეიძლება იყოს ძლიერი და მამაკაცური მემანქანე ან პილოტი - კიდევ რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო მიმზიდველი ქალის სექსუალურ ფანტაზიებში? პილოტები იცავენ წესებს, რაც ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასეთი მამაკაცი სტაბილური ურთიერთობის მოყვარე ქალს იზიდავს. მათთან ურთიერთობისას ექსცესების ისეთივე მცირე შანსია, როგორც თვითმფრინავის რეისის შეყოვნების (რაც თითქმის წარმოუდგენელია).
სტაბილური ურთიერთობა თავად ამ პროფესიის მამაკაცებსაც მოსწონთ, ხოლო სექსს მხოლოდ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებად აღიქვამენ. თუ თქვენ ზუსტად ეტყვით, რა გსურთ საწოლში, ის ყველაფერს თქვენი მითითების გათვალისწინებით შეასრულებს და ყველანაირად ეცდება, რომ თავი შესანიშნავად გაგრძნობინოთ.
2. სამართალდამცავი და სამხედრო
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამაკაცი ფორმაში ქალისთვის უკვე სასურველია. გარდა ამისა, სამართალდამცავს და სამხედროს მარტივად, სწრაფად და ზუსტად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. მხრებზე ვარსკვლავების რაოდენობა ქალებს აღაგზნებთ - რაც მეტია, მით უკეთესი და აღსანიშნავია, რომ ისინი ძალიან საინტერესო და უცნაური პიროვნებები არიან.
თუმცა, რაც უნდა იყოს, ასეთ მამაკაცთან ურთიერთობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - სამხედროებს არ ესმით ფლირტი და ყველა ქმედებას, იქნება ეს მოღებული დეკოლტე, ღრმა ჭრილი კაბაზე თუ უბრალოდ წამწამების "აფახურება", საქმეზე გადასვლის პირდაპირ მინიშნებად იღებენ.
ისინი ძალიან მიზანდასახულები არიან და უარს თითქმის არასდროს ღებულობენ. რაც შეეხებათ პოლიციელებს, ქალებს მათი არა მხოლოდ გარეგნობა და ფორმა, არამედ "შინაარსიც" იზიდავთ - თითქოს ყველა პოლიციელს შუბლზე აწერია: "მე კარგი ბიჭი ვარ, კეთილ საქმეს ვაკეთებ" - ეს ყველაფერი ქალებს გულს უჩუყებს და გულაჩუყებული ქალის "შეჩერება" კი შეუძლებელია. ფაქტი ერთია - ამ პროფესიის წარმომადგენლებთან ხუმრობა და თამაში არ გამოგივათ!
3. მსახიობი, მხატვარი, მწერალი
ითვლება, რომ შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანები ძალიან რომანტიკულები არიან. ყველა ქალს ჰგონია, რომ ისინი ფანჯარასთან სერენადებს მღერიან, წერენ ლექსებს, ხატავენ პორტრეტებს, ხოლო სექსი მათთან ყოველთვის სავსეა სინაზით, სიყვარულითა და სილამაზით.
სინამდვილეში კი უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მამაკაცი თქვენ კი არ გატარებთ ხელისგულზე, არამედ პირიქით. ხელოვანი მამაკაცები ითხოვენ, რომ ქალი მათით აღფრთოვანდეს, აქოს და ადიდოს. მათთვის მთავარი მკვეთრი, ნათელი ურთიერთობა და მრავალფეროვანი სექსია.
4. ლექტორი
ქალებს უყვართ ამ პროფესიის წარმომადგენელი მამაკაცები, თუმცა არა ლიტერატურის კარგი ცოდნის ან სიმკაცრის გამო. უბრალოდ, ლექტორებმა და მასწავლებლებმა ლამაზად საუბარი იციან. გარდა ამისა, მათ გრამატიკულად გამართულად და სასიმოვნოდ საუბარი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ.
ასეთი მამაკაცი 30 წელს გადაცილებულ ქალებს უფრო იზიდავთ. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა გოგონას უფრო მსუბუქი თემების გარჩევა უყვარს, მაგრამ დაღვინებული ქალი ერთნაირი სიამოვნებით საუბრობს პოლიტიკაზეც და სექსზეც, მით უმეტეს, რომ ეს ორი რამ ჩვენს დროში ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია.
5. მწვრთნელი
გამოკითხვების მიხედვით, სპორტული მწვრთნელი ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროფესიაა. გარდა იმისა, რომ მას არაჩვეულებრივი ფიგურა აქვს, ვარჯიშისას ის შენს სხეულს ეხება, შენ კი ემორჩილები. ქალებს უყვართ, როდესაც მამაკაცის ძალას გრძნობენ.
შედარებით ახალგაზრდებს ფიზკულტურის მწვრთნელები ურჩევნიათ, ასაკიანები კი "შტანგისტებს" ანიჭებენ უპირატესობას. ჰოდა, უნდა აღინიშნოს - მწვრთნელი მამაკაცი ნებისმიერი ასაკის ქალისთვის სექსუალურად სასურველი ობიექტია.
6. ბიზნესმენი, ხელმძღვანელი, მენეჯერი
მამაკაცები, რომლებიც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებიან, იცვამენ Armani-ს და Hugo Boss-ის კოსტიუმებს, ძვირფასი მანქანებით დასეირნობენ და ყოველთვის შესანიშნავ ოდეკოლონს იპკურებენ. ფული და ძალაუფლება - ეს ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სასურველი თვისებებია.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, საფულის სისქე და მანქანის ბრენდი არ შეესაბამება მამაკაცის სექსუალურ პოტენციალს. როგორც წესი, ძალიან ხშირად მათ სექსუალურ სფეროში პრობლემები აქვთ.
ქეთო პატარქალიშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(იანვრის ნომერი)