ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილები, ტუჩებიც განიცდის ატმოსფერული მოვლენების (მზე, ყინვა, ქარი, მტვერი) ზემოქმედებას. იმისათვის, რომ ტუჩები დაიცვათ, აუცილებელია, მოუაროთ მათ.
ტუჩების კანის სისტემატური მოვლა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მისი სიგლუვე და ფორმა. მოვლაში შედის სხვადასხვა პროცედურა – მასაჟი, ვარჯიში...
ტუჩის კანი შეიძლება იყოს მშრალი ან ცხიმიანი. მშრალ ტუჩებზე უნდა წაისვათ ცხიმი ან მაღალხარისხიანი კრემები. სხვაგვარად ის დასკდება და გაუხეშდება. დამსკდარ და გამომშრალ ტუჩებზე ყველაზე ძვირფასი პომადაც კი უშნოდ გამოიყურება.
ტუჩების ვარჯიში
პირველი კომპლექტი
- გამოსწიეთ ტუჩები წინ და გახსენით ისე, როგორც თევზი სუნთქვის დროს. შემდეგ დახურეთ და მოადუნეთ ტუჩები. გაიმეორეთ 10-20-ჯერ.
- ამოძრავეთ ქვედა ყბა ტუჩებთან ერთად ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გაიმეორეთ 10-20-ჯერ.
- გამოყავით ენა, რაც შეიძლება დიდზე და გააჩერეთ 2-3 წამის განმავლობაში. შეყავით ენა და მოადუნეთ 1-2 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 5-ჯერ.
მეორე კომპლექტი
- გამოსწიეთ ტუჩები და მსუბუქად შეუბერეთ, თითქოს ცეცხლს აქრობდეთ ან ბაბუაწვერას უბერავდეთ. მოადუნეთ ტუჩები. გაიმეორეთ ვარჯიში 30-40–ჯერ.
- შეისუნთქეთ ღრმად ჰაერი და გაბერეთ ლოყები. ამოისუნთქეთ ნელა და თანდათანობით. გაიმეორეთ 10-20-ჯერ.
- ბევრჯერ წარმოთქვით ბგერები ა, ი, ო, უ. შემდეგ შეისუნთქეთ ჰაერი, გაბერეთ ლოყები და ჰაერი გამოუშვით ნელ-ნელა მაგრად მოკუმული ტუჩებიდან ისე, რომ ტუჩებმა ვიბრაცია განიცადოს. გაიმეორეთ 10-15-ჯერ.
ვარჯიში 1
ძლიერად უბერეთ 6 წამის განმავლობაში. შემდეგ მოადუნეთ ტუჩები და გააღეთ პირი. გაწელეთ ტუჩები კბილებზე მაქსიმალურად. მოეშვით და ნაზად გაიღიმეთ.
ვარჯიში 2
ყოველდღიურად უსტვინეთ. ეს ვარჯიში, რა თქმა უნდა, სახლის პირობებში ან ბუნებაში უნდა გააკეთოთ და არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
ტუჩების მასაჟი
- იმისათვის, რომ ტუჩებს ბუნებრივი ვარდისფერი შეუნარჩუნოთ, ანუ სისხლის მიმოქცევა აღადგინოთ, აუცილებელია, დილას და საღამოს კბილის მშრალი ჯაგრისით ან ხაოიანი პირსახოცით წრიული მოძრაობით გაიკეთოთ ტუჩის მასაჟი. ტუჩის კანის ადრეული დაბერების თავიდან ასაცილებლად კბილების გახეხვის დროს მსუბუქად ირტყით ჯაგრისი ტუჩებზე. ეს პროცედურა ისეთივე ჩვევად აქციეთ, როგორც კბილების გახეხვა.
- ძალიან კარგია ტუჩების სისხლის მიმოქცევის აღსადგენად თითების ბალიშებით ერთწუთიანი ტუჩის მასაჟი.
- ტუჩის მასაჟის შემდეგ მასზე ცხიმიანი კრემი წაისვით და გაიჩერეთ 10 წუთით.
ტუჩის ნიღბები
დაარბილებს და სიხასხასეს შესძენს ტუჩებს ნაღებშერეული ხაჭოს ნიღაბი. საკმარისი იქნება ერთი ჩაის კოვზი. გაინაწილეთ ტუჩებზე და გაიჩერეთ 10 წუთით.
იმისათვის, რომ ტუჩებს შეუნარჩუნოთ ბუნებრივი სიბზინვარე და არ გამოგიშრეთ, დაიდეთ მასზე კიტრის ან სტაფილოს წვენში შერეული თაფლი, არაჟანი და ხაჭო. 15 წუთით გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ და წაისვით ტუჩებზე მცენარეული ზეთი.
გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი და დაიდეთ ტუჩებზე 15-30 წუთის განმავლობაში. ეს ნიღაბი შესანიშნავად არბილებს ტუჩის კანს და აშუშებს დამსკდარ კანს.