მანიკიურის, პედიკიურისა და ვარცხნილობის გასაკეთებელ დროს მაინც გამონახავთ, თუნდაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გქონდეთ. ასეთივე ყურადღებას თუ უთმობთ სახეს? ხომ არ გავიწყდებათ ძილის წინ მაკიაჟის მოცილება?
გირჩევთ, არასდროს დაივიწყოთ, თუ არ გსურთ დამღუპველი დარტყმა მიაყენოთ თქვენი სახის კანს, ტუჩებს, თვალებსა და წამწამებს. სახის გაწმენდა
სახე დაიბანეთ თხევადი, ნაზი საპნით, ვინაიდან ჩვეულებრივი საპონი სახის კანს აშრობს და არაჰიგიენურია, ანუ ხელის ჭუჭყი, რომელსაც თქვენ საპნით მოიცილებთ, შესაძლოა თქვენს სახეზე აღმოჩნდეს.
პირი დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით, ცხელი წყალი აფართოებს არა მარტო სისხლძარღვებს, არამედ ფორებსაც, რის შედეგადაც კანი დუნდება და ნაოჭებიც ჩნდება.
ორთქლის აბაზანები
კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ორთქლის აბაზანები. გამოიყენეთ გვირილის ნაყენი -ჩაყარეთ წყალში და დუღილის შემდეგ, გადმოდგით, შეაგრილეთ ისე, რომ სახე არ დაგეწვათ. აიღეთ პირსახოცი, სახე დახარეთ ქვაბზე და პირსახოცი ისე გადაიფარეთ, რომ "კარვის" ეფექტი შეიქმნას.
გამოცოცხლება
სახის ნიღაბი გამოიყენება კანის გამოსაცოცხლებლად და დასარბილებლად. მშრალი კანისთვის კარგია კომბოსტოს ნიღაბი: დააქუცმაცეთ კომბოსტოს ფოთლები და რძეში მოხარშეთ ისე, რომ ფაფა მიიღოთ.
შემდეგ სახესა და ყელზე 20 წთ წაისვით. ცხიმიანი კანისთვის უპრიანია კვერცხის გულისა და ლიმონის წვენის ნიღაბი. კვერცხის გული დასრისეთ 1/2 ჩ/კ ლიმონის წვენთან ერთად.
ლიმონის წვენი შეგიძლიათ შტოშის წვენით შეცვალოთ. მასა სახეზე დაიდეთ, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნორმალური კანისთვის უპრიანია ხაჭო. 2 ჩ/კ ხაჭო დასრისეთ 1 ჩ/კ თბილ რძესა და 1 ჩ/კ მცენარეულ ზეთთან ერთად.
დაამატეთ მწიკვი მარილიც. სახის ჩამოსაბანად გაამზადეთ თბილი ჩაის ნაყენი. ნიღაბი 20 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ ჩაით ჩამოიბანეთ.
დატენიანება
რეგულარული დატენიანება სახეს გაგიახალგაზრდავებთ და გაგიჯანმრთელებთ, ამიტომ მუდმივად უნდა იხმაროთ დამატენიანებელი კრემი, იგი მზის სხივების მავნე ზეგავლენისგანაც დაგიცავთ. დამატენიანებელი კრემი სახეზე დილით და ძილის წინაც წაისვით.
კრემი ოთხ ადგილას დაიტანეთ: ორივე ლოყაზე, შუბლსა და ნიკაპზე. შემდეგ თითებით მთელ სახეზე თანაბრად გადაინაწილეთ. კრემის წასმისას ზომიერება დაიცავით. თუ კრემი კანმა კარგად არ შეიწოვა, ესე იგი ზედმეტი მოგივიდათ და შემდგომში ეს ფაქტორი გაითვალისწინეთ.