ზღვის სეზონი დადგა და თქვენ, ალბათ, უკვე შეიძინეთ საცურაო კოსტიუმი და ლამაზ რუჯს იღებთ, მაგრამ მზე შეიძლება სასიკვდილოდ საშიში აღმოჩნდეს.
კანის სიმსივნე ყველაზე ხშირი ონკოლოგიური დაავადებაა ახალგაზრდებში. ახლა მოგიყვებით ყველაფერს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
რუჯი სასარგებლო სულაც არ არის
მიიჩნევა, რომ რუჯი D ვიტამინის დეფიციტთან ბრძოლაში ეხმარება. ეს სიმართლეა, მაგრამ ორგანიზმი D ვიტამინით რომ შეავსოთ, საკმარისია ღია ცის ქვეშ 15 წუთს დაყოვნდეთ, თანაც ჩრდილში. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი დღის ნორმას გაუაზრებლადაც კი იღებს. გამონაკლისია ის ადამიანები, რომლებსაც დღისით სძინავთ და ღამით ღვიძავთ.
მზისგან დამცავი კრემი ყოველთვის საჭიროა
95% ავთვისებიანი სიმსივნე სახესა და ხელებზე ჩნდება. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც მზისგან დამცავ კრემს რეგულარულად იყენებდნენ, მელანომით დაავადების რისკი 33%-ით ნაკლები იყო. ამიტომ გახსოვდეთ: დამცავი კრემი გჭირდებათ ყოველთვის - ზამთარში, ზაფხულში, პლაჟზე და სამსახურში მიმავალ გზაზეც კი.
არავითარი სოლარიუმი
ჯანსაღი რუჯი, ფაქტობრივად, არ არსებობს, განსაკუთრებით საშიში კი ხელოვნური რუჯია: ადამიანებს, რომლებიც სოლარიუმის რუჯს მიმართავენ, კანის სიმსივნით დაავადების რისკი 69%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ მიმართავს.
რისკფაქტორები
კანის კიბოს წარმოქმნის მთავარი მიზეზი ულტრაიისფერი სხივებია. ამიტომ ყველაზე ხშირად ავადდებიან I და II ფოტოტიპაჟის კანის მქონე ადამიანები: ისინი, ვინც ყოველთვის იღებს მზისგან დამწვრობას ღია მზეზე ცოტახნით ყოფნის დროსაც კი და გარუჯვა საერთოდ არ შეუძლია და ისინი, ვინც იწვება სწრაფად და ირუჯება რთულად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის კანის მქონენი არ ავადდებიან. VI ფოტოტიპის კანის მქონე ადამიანებშიც არის კანის კიბო გავრცელებული, თუმცა შედარებით იშვიათად გვხვდება.
როგორ დაიცვათ თავი?
მზისგან დამცავი საშუალების წასმა აუცილებელია ყოველ 1,5-3 საათში.
წყალში ბანაობის დროს უნდა გამოიყენოთ სპეციალური წყალგამძლე მზისგან დამცავი საშუალებები, თუმცა ისინიც კი წყლიდან ამოსვლისთანავე განმეორებით უნდა წაისვათ.
არ გაჩერდეთ მზეზე 10:00-დან 16:00 სთ-მდე.
არ ეწვიოთ სოლარიუმს.
აუცილებელია რეგულარულად მიმართოთ დერმატოლოგს - წელიწადში 1-2-ჯერ. ასევე, რეკომენდებულია სხეულზე ხალებისა და პიგმენტური ლაქების გამოკვლევა. ახალი წარმონაქმნების, არსებული ხალების ფერისა და ზომის შეცვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს.
ანა აგირბა