პერფექციონისტი ვარ. იმდენად იდეალისტი, რომ ახალგაღვიძებულ საკუთარ თავს სარკეს ვუმალავ და მაკიაჟის გაკეთებასაც წარბშეკრული და ცხვირაბზუებული ვიწყებ.
მერე ნელ-ნელა ადამიანს რომ ვემსგავსები, ვიწყებ ფიქრს, რა გავაკეთე არასწორად, რატომ გავიღვიძე ასე მინგრეულმა და რამდენიმე არასწორ ქმედებას აღმოვაჩენ ხოლმე. ასე გადავწყვიტე, შემედგინა წესები, რომელთაც ძილის წინ დავიცავ და ახლა მინდა, ეს თქვენც გაგიზიაროთ:
1. მაკიაჟის მოცილება
რაც უნდა მოხდეს, არასოდეს დაიძინოთ მოუცილებელი მაკიაჟით. როგორი დაღლილიც უნდა იყოთ, აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ კანი სუფთაა და შეძლებს დაისვენოს ძილის დროს. ტონალური კრემი, ფერუმარილი, პუდრი და სხვა ატრიბუტები, რომლებიც დღის მანძილზე გალამაზებენ, ღრმად რჩებიან ფორებში და კანი ვეღარ სუნთქავს.
2. არ წაისვათ დღის კრემი ღამით
დღის კრემების უმრავლესობა მზისგან დამცავ ფილტრს შეიცავს, რომლებიც იდეალურია დღისით, მაგრამ საერთოდ არ გჭირდებათ ღამე. ძილის დროს კანმა უნდა დაისვენოს. ამისათვის ღამის მკვებავი კრემი უნდა წაისვათ.
3. დაიცავით რეჟიმი
ძალიან მნიშვნელოვანია ძილი და ის, რომ როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში ერთსა და იმავე დროს იძინებდეთ და დგებოდეთ. თქვენს ორგანიზმს სჭირდება ჯანსაღი ძილი იმისათვის, რომ ძალა აღიდგინოს. თუ ვერ გამოიძინებთ, დანარჩენი რჩევები კანის მოვლის შესახებ არაფერში არ გამოგადგებათ.
4. სწორად წაისვით კრემი
კარგად შეარჩიეთ ღამის მოვლის საშუალებები. ძილის დროს კანი გაწმენდილია და სახის კუნთები მოდუნებულია, ამიტომ კრემი უფრო ადვილად შედის კანში. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი და წაისვით ის შუაღამემდე, რომ მოქმედება დაძინებამდე დაიწყოს.
5. არ დალიოთ ბევრი წყალი ღამე
არ ღირს საღამოს ბევრი წყლის მიღება, განსაკუთრებით კი, ჩაის ან ყავის. მათ შეიძლება დაგირღვიონ ძილი, გაგიფუჭონ კანის ფერი და არაჯანსაღი იერით „დაგაჯილდოონ“.
მარიამ ელიაშვილი
რატომ არ მუშაობს სახის კრემი? 10 შეცდომა, რომელსაც წასმისას უშვებ!