თუ თმას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ, ის კი ჯიუტად არ გემორჩილებათ, ჩვენი რჩევები თქვენთვისაა.
"სწორი თმა დავახვიოთ, ხვეული - გავასწოროთ". ასეთი მიზანი აქვთ მანდილოსნებს, მაგრამ თმას საკუთარი გეგმები აქვს.
პირველი ტიპი: სწორი თმა
ცხიმიანი, სუსტი, უსიცოცხლო, მოსაწყენი - ასე ახასიათებენ საკუთარ თმას სწორი თმის მფლობელები. თუმცა, თუ თავს ხშირად დაიბანთ და მშრალი შამპუნით შეიარაღდებით, საოცრად ლამაზ თმას მიიღებთ.
არსებობს სწორი თმის სამი ტიპი.
1ა ტიპი
თხელია და სწორი, დახვევას არ ექვემდებარება. სუსტია და ცხიმიანი. შეიარაღდით მშრალი შამპუნით. მოერიდეთ ვიტამინებიან კონდიციონერებს, რომლებიც ამძიმებს თმას და კიდევ უფრო ცხიმიან იერს ანიჭებს.
ვარსკვლავური მაგალითი: დაკოტა ფანინგი, გვინეტ პელტროუ.
1ბ ტიპი
სქელი, სწორი თმა, რომელიც ბოლოებში იპრიხება. თმას ხვეულის ეფექტი რომ მიანიჭოთ, გამოიყენეთ მშრალი სტრუქტურის სპრეი, თმის ძირებთან უთოს გამოყენებამდე.
ვარსკვლავური მაგალითი: კენდალ ჯენერი.
1გ ტიპი
სწორი თმა რამდენიმე ტალღოვანი ადგილით. თხელია, მაგრამ კარგად ინარჩუნებს დახვევას. თმას მოცულობა რომ მიანიჭოთ, ქუჩაში გამოსვლამდე გამოიყენეთ ანტისტატიკი და თმის გაშრობისას - ცივი ჰაერი.
ვარსკვლავური მაგალითი: სიენა მილერი.
პირველი ტიპი: ტალღოვანი თმა
იდეალური ბალანსია ხვეულსა და სწორ თმას შორის. სასურველია, სწორად მოუაროთ ასეთ თმას.
არსებობს ტალღოვანი თმის სამი ტიპი.
2ა ტიპი
გოგონების უმეტესობა ისწორებს ასეთ თმას, მაგრამ თუ გსურთ, რომ თმას მეტად დახვეული იერი ჰქონდეს, გაშრობამდე თმაზე ბიგუდები დაიმაგრეთ და ფენით გაიშრეთ.
ვარსკვლავური მაგალითი: ამანდა სეიფრიდი, კეიტ ჰადსონი.
2ბ ტიპი
უამრავი გოგონა იყენებს სპრეის, რათა თმას "პლაჟის ეფექტი" შესძინოს. ზოგს კი ასეთი თმა ბუნებამ უბოძა. საიდუმლო ისაა, რომ რაც უფრო ნაკლებად შეეხებით თმას, მით მეტი "ტალღა" გექნებათ. გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ თმის ზეთსაც.
ვარსკვლავური მაგალითი: ქეით მიდლტონი.
2გ ტიპი
მსხვილი ხვეული თმა ჯადოსნურად გამოიყურება, მაგრამ მოვლასაც საჭიროებს. აუცილებლად გამოიყენეთ მკვებავი ნიღბები, კონდიციონერები (კვირაში ერთხელ მაინც).
ვარსკვლავური მაგალითი: შაკირა.
ხვეული თმა
ლამაზად გამოიყურება, მაგრამ თმა ხშირად არის გამომშრალი, მტვრევადი და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. აი, ფენი კი თმას უნდა მოარიდოთ.
არსებობს ხვეული თმის სამი ტიპი.
3ა ტიპი
მსხვილი ხვეულები იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, ნამიან თმაზე წაისვით ჩამოუბანელი მკვებავი. ნაკლებად გამოიყენეთ პირსახოცი. თმა თავისით უნდა გაშრეს და დალაგდეს.
ვარსკვლავური მაგალითი: ტეილორ სვიფტი.
3ბ ტიპი
სპირალებში გარდამავალი ხვეულები. ხშირად გამოიყენეთ კონდიციონერები და გელები, რომ თმას სიმსუბუქე მიანიჭოს. წაისვით ნამიან თმაზე და ისე შეიშრეთ.
ვარსკვლავური მაგალითი: ჰოლი ბერი.
3გ ტიპი
ყველაზე მკვრივი ხვეულების ტიპაჟია. თქვენი მიზანია, თმას კვებასთან ერთად აკურატულობაც მიანიჭოთ. გამოიყენეთ გამწმენდი კონდიციონერი, რომელიც თმას ხვეულებსაც შეუნარჩუნებს და ბზინვარებასაც მიანიჭებს.
ვარსკვლავური მაგალითი: ტენდი ნიუტონი.