„ღიმილი ნებისმიერ მედიკამენტზე უკეთესი წამალია“,- ამბობს 42 წლის ნეიროქირურგი ტონ ადკინი, რომელიც მკურნალობის უცნაური მეთოდით ექიმ ჰაუსს მოგვაგონებს.
მას სწამს, რომ ცეკვა პაციენტებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ეხმარება.
მკურნალობა ცეკვით - ასე შეგვიძლია დავარქვათ მეთოდს, რომელსაც ადკინი საკუთარ პაციენტებთან იყენებს და როგორც ჩანს, შედეგებსაც აღწევს.
მეტიც, მან საჯაროდ დადო პირობა, რომ ამ სტრატეგიას ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება და დასუსტებულ ბავშვებსა თუ ზრდასრულებს ცეკვის ილეთებს პირდაპირ საავადმყოფოში ასწავლის:
„ჩემს პაციენტებს არ მივცემ უფლებას, ავადმყოფობის გამო დააპაუზონ საკუთარი ცხოვრება. კვლევები აჩვენებს, რომ სიცილი ადამიანს უფრო ინტერაქტიულს ხდის, იზრდება ტვინის მუშაობა და მცირდება ტკივილის შეგრძნება. ასევე, ცეკვა საშუალებას მაძლევს, შევაფასო პაციენტის ფიზიკური შესაძლებლობა, მოდუნდა თუ არა სხეული და რამდენად ემორჩილება ის.
ობიექტურად რომ ვთქვათ, მე არც ისე კარგი მოცეკვავე ვარ, მაგრამ მიყვარს მუსიკის შეგრძნება და მინდა, ჩემს პაციენტებსაც დავანახო ეს მშვენიერება. ეს მეთოდი ჩემი მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილი იქნება და ყოველთვის ვეცდები, რაც შეიძლება მეტი ღიმილი ვაჩუქო მათ“, - აცხადებს ადკინი.