ალერგოლოგ-იმუნოლოგი გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ, შემოდგომაზე რომ არ გავცივდეთ, არ ვახველოთ და ტემპერატურა არ აგვეწიოს.
რისთვისაა საჭირო პროფილაქტიკა
ფულის ეკონომიაა: დაითვალეთ, რამდენი გჭირდებათ გაციების დროს აბებსა და ფხვნილებზე, ცხვირის სპრეისა და ყელის ტაბლეტებზე?
შემოდგომას შეიყვარებთ: როცა გაციებული ხართ, მის სილამაზს ვერ აღიქვამთ. უქმეებზე კი ბუნებაში გასეირნებას შეძლებთ.
სხვათა შორის: იცით, რომ 20-30 წლის ასაკის ქალები წელიწადში 2-4-ჯერ უფრო ხშირად ცივდებიან, ვიდრე მამაკაცები?
როგორ ავიცილოთ გაციება
1. იარეთ ფეხით: შეიძლება არ გიყვართ ქარი და წვიმა, მაგრამ უნდა ისეირნოთ და სუფთა ჰაერი ისუნთქოთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, რაც ებრძვის ვირუსებს.
2. გაანიავეთ ოთახი: აიცილებთ სასუნთქ გზებში ბაქტერიების მოხვედრას. ამასთანავე, შინ დაბრუნებულმა მარილიანი ხსნარით გამოირეცხეთ ცხვირი, რათა ბაქტერიები გამოდევნოთ.
3. გაუფრთხილდით იმუნიტეტს: მიიღეთ ვიტამინები. უმჯობესია, C ვიტამინი ნატურალური სახით (ციტრუსები, ჟოლო, მოცხარი, ასკილი) მიიღოთ. რაციონი ისე შეადგინეთ, რომ ცილა, ცხიმები და ნახშირწყლები დაბალანსებული იყოს.
დაბოლოს: გაციება მოსახლეობის 30 პროცენტს ფეხზე გადააქვს. დარჩით შინ და იმკურნალეთ, ნუ გაავრცელებთ ვირუსებს.