იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფრანგი ქალები არასოდეს წყვეტენ საკუთარ სხეულზე ზრუნვას. ალბათ, ამიტომაცაა, რომ სწორედ ფრანგი ქალები ითვლებიან ყველაზე გემოვნებიანებად და დახვეწილებად.
ყველაზე ელეგანტური ქალის ტიტული ნამდვილად მათი მონაპოვარია, აი, სხეული კი - განსაკუთრებული ფრანგული კვების სისტემის შედეგია, რომელიც ისევე დახვეწილია, როგორც მთლიანად ნაციონალური სამზარეულო. შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის კულტურულ ტრადიციებს მიეკუთვნება ახალი დიეტებისა და კვების დარგში ექსპერტების გამოჩენა.
დღეს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს საფრანგეთის ორი ყველაზე ცნობილი დიეტოლოგის "დუელს".
კოენი დიუკანის წინააღმდეგ. არცთუ დიდი ხნის წინ ექიმ დიუკანის მოდური ცილოვანი დიეტა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ფავორიტი, ბრიტანელმა დიეტოლოგებმა ერთ-ერთ ყველაზე მავნე VIP-დიეტად აღიარეს. აღმოჩნდა, რომ ის ზედმეტად რთული და დაუბალანსებელი დიეტაა. რაც მთავარია, დიუკანის კვების რეჟიმი მავნეა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი განაგრძობს ამ სისტემით ხელმძღვანელობას.
სწორედ ამიტომ მეორე წამყვანმა ფრანგმა ექსპერტმა ჯანმრთელი კვების დარგში, ჟან-მიშელ კოენმა მოიგო სასამართლო პროცესი დიუკანის წინააღმდეგ და დაამტკიცა, რომ დიუკანის დიეტა მრავალ გართულებას იწვევს. კოენმა დაწერა წიგნი, სახელწოდებით - "პარიზელი ქალის დიეტა".
ითვლება, რომ კოენის მიერ შემოთავაზებული მეთოდი, პირველ რიგში, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მისი წყალობით ბევრმა დაიკლო წონაში. დღეს ეს წიგნი ლიდერია დიეტოლოგიის დარგში ("პარიზელი ქალის დიეტა").
ეს დიეტა კი არა, ცხოვრების სტილია.
გასაკვირია, მაგრამ თანამედროვე ფრანგები, პრაქტიკულად, არ იყენებენ ჩვენთვის ესოდენ ჩვეულ სიტყვა "დიეტას" იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ჩვენ მას ვიყენებთ. ამას საფრანგეთში უკვე დიდი ხანია, რეჟიმს უწოდებენ და ეს შემთხვევითი არ არის. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ სასურველი ფორმის მისაღწევად მხოლოდ რამდენიმე თვით ცხოვრების წესის შეცვლა არ არის საკმარისი.
ამიტომ ექიმი კოენი გვთავაზობს, გადავაქციოთ კვება უბრალოდ სისტემად კი არა, არამედ რეჟიმად, რომელიც ჩვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება. მიიღეთ სიამოვნება ჭამისგან.
დიეტოლოგიის სამყაროში ექიმ კოენს პროვოკატორის რეპუტაცია აქვს. არსით ის გვთავაზობს რევოლუციურ ფორმულას ოპტიმალური წონის განსაზღვრის, მიღწევისა და შენარჩუნებისთვის. მისი მეთოდიკის უნიკალურობა შემდეგშია:
• დიეტის რეჟიმი საშუალებას იძლევა, დროდადრო (იშვიათად) მივიღოთ პროდუქტები, რომლებსაც სწრაფი კვების ობიექტები გვთავაზობენ და ასევე, ალკოჰოლური სასმელი.
• მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის გარეშე კოენის მეთოდი უზრუნველყოფს მიღებული შედეგის ხანგრძლივ შენარჩუნებას. კოენის აზრით, სპორტი საჭიროა ჯანმრთელობისთვის და არა ზედმეტ წონასთან საბრძოლველად.
• დაშვებულია მიირთვათ ყველაფერი. ერთადერთი, რისი შეზღუდვაც აუცილებელია, ეს არის ცხიმები.
• მენიუში არ არსებობს "უცნაური პროდუქტები", რაც საშუალებას იძლევა, რაციონი საკუთარი სურვილის მიხედვით შეადგინოთ. "ჭამისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ!" - ეს არის კოენის მთავარი ლოზუნგი.
• საკვების მიღების დრო არ არის განსაზღვრული. საუზმეც კი არ არის სავალდებულო.
• კოენის კვების რეჟიმი არ უწყობს ხელს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას.
7 რჩევა ექიმი კოენისგან:
1) მიიღეთ სიამოვნება ჭამისგან და დროდადრო გაანებივრეთ საკუთარი თავი. ეს წარმატებული დიეტის ყველაზე მთავარი ელემენტია. თუ რაციონიდან ყველაფერს ამოვიღებთ, რაც გვიყვარს, საბოლოო ჯამში, ვეღარ გავუძლებთ და დიეტაზე უარს ვიტყვით.
2) დღის განმავლობაში იკვებეთ რეგულარულად. ისიამოვნეთ სადილით და ვახშმით. ოღონდ ნუ ირბენთ მაცივართან დღისა და ღამის ნებისმიერ დროს და ნუ შეჭამთ იმას, რაც ხელში მოგხვდებათ. მხოლოდ ამ ხერხით შეძლებთ "საცმუცნაოსგან" თავის შეკავებას ძირითადი კერძების მიღებას შორის.
3) საკვების მიღებისას ნუ აჩქარდებით. დაუთმეთ ამ პროცესს, სულ ცოტა, 20 წუთი მაინც. ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ. ამ დროს ნურაფერზე გადაერთვებით. იგულისხმება კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერზე მუშაობა და სხვა. ეს ხელს უშლის ადამიანს - ყური მიუგდოს ორგანიზმს, რომელიც ამცნობს, როდის გაჩერდეს.
4) საკვების ყოველი მიღება უნდა იყოს გაცნობიერებული. შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ წუთით შეხედავთ საკვებს და დაყნოსავთ მანამ, სანამ გასინჯავთ, უფრო კმაყოფილი დარჩებით მისი გემოთი.
5) დაუბრუნდით სამზარეულოს. მოამზადეთ ოჯახური კერძები იოლი რეცეპტებით და მხოლოდ ახალი პროდუქტით. უარი თქვით ნახევარფაბრიკატებსა და მზა საჭმელზე, რომლებიც შეიცავს ჭარბი რაოდენობით მარილებს და ცხიმებს, რაც თავის მხრივ, სცილდება ბალანსირებული რაციონის საზღვრებს.
6) შეამცირეთ ულუფის ზომა. როდესაც თეფშზე ბევრ საჭმელს დებთ, გიჩნდებათ გრძნობა, თითქოს ბოლომდე უნდა შეჭამოთ და ამგვარად, უმეტესად მეტს ჭამთ, ვიდრე საჭიროა.
7) სვით წყალი მთელი დღის განმავლობაში. დამტკიცებულია: ნახევარი ლიტრი წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას 30 პროცენტით.
კლასიკური მენიუ ერთი დღისთვის
საუზმე: 2 ცალ მოზრდილ, კანგაცლილ პომიდორს მოაცილეთ თესლები. გათალეთ კიტრი და ასევე გამოაცალეთ თესლები. გაწურეთ ერთი ლიმონი, ნახევარი გრეიპფრუტი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და ნიახური, დააბლენდერეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიირთვით ცივი.
სადილი: 90 გრ თილაპიას ფილე (თევზის სახეობა) შეწვით გრილზე ან ტაფაზე უცხიმოდ (15 წთ), წვის პროცესში ფრთხილად გადააბრუნეთ. მოთუშეთ 230 გრ მწვანე ლობიო, წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი და ოხრახუში 15 წუთის განმავლობაში ასევე უცხიმოდ, ერთ ჭიქა წყალში. მოასხით თევზს ნახევარი ლიმონის წვენი და მიირთვით მწვანე ლობიოსთან ერთად.
ვახშამი: წვრილად დაჭერით 1 თავი ხახვი, დაუმატეთ 50 გრ ტომატ-პასტა, დაჭყლიტეთ 2 კბილი ნიორი და ჩადეთ ქვაბში, დაუმატეთ 1 ს/კ ბოსტნეულის ბულიონი. თუშეთ, სანამ არ დარბილდება. შემდეგ კვლავ დაუმატეთ ბულიონი, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი ( 4 ცალი - დაახლოებით 680 გრ), ძირა, მარილი და წიწაკა. ხარშეთ პომიდვრის დარბილებამდე. შემდეგ დააბლენდერეთ. დესერტად მიაყოლეთ 1 ცალი ბანანი.
ჟურნალი "და ქალი"