ფრანგი ექიმის, დუკანის დიეტა ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისი დახმარებით, ადვილადაა შესაძლებელი სასურველი ეფექტის მიღწევა და საკმაოდ რთულია დაკარგული კილოგრამების აღდგენა.
მოქმედების პრინციპი
არ გიყვართ შეზღუდვები? მაშინ ეს დიეტა სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. ამ დიეტის შემთხვევაში სულაც არ დაგჭირდებათ კალორიების თვლა. დოქტორ დუკანის დიეტა ცილებზეა დამყარებული და ოთხი ეტაპისგან შედგება. პირველ ორ ეტაპზე ზედმეტი კილოგრამებისგან თავისუფლდებით, შემდგომი ორი კი მიღწეული ეფექტის შენარჩუნებაში გეხმარებათ. თუმცა მთელი დიეტის განმავლობაში აუცილებლად უნდა მიიღოთ შვრიის ცეხვილი პური. ის შიმშილის გრძნობას აქრობს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი კილოგრამების გამოდევნას.
”შეტევა”
დიეტის პირველ ეტაპს ”შეტევა” ეწოდება. ამ პერიოდში წონაში კლება თვალშისაცემი არ არის, მაგრამ ორგანიზმს მომავალი გახდომისათვის ამზადებს. ”შეტევა” შესაძლოა შვიდ დღემდე გაგრძელდეს. პირველი სამი დღის განმავლობაში კი უკვე 1-დან 2.5 კგ-მდე გექნებათ დაკლებული. ამ პერიოდში თქვენს რაციონში ცილებით მდიდარი პროდუქტი უნდა შედიოდეს:
• მჭლე ხორცი;
• თევზი და ზღვის პროდუქტები;
• ფრინველის ხორცი (ბატისა და იხვის გარდა);
• კურდღლის ხორცი;
• კვერცხი;
• უცხიმო ყველი, ხაჭო, იოგურტი და რძე. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებად მიიღეთ 1.5 სუფრის კოვზი შვრია;
• ხორცი და თევზი შეგიძლიათ მოხარშოთ წყალში ან ორთქლზე. არ გაქვთ არანაირი შეზღუდვა ულუფებზე, თუმცა კოლოსალური რაოდენობით საკვებსაც ნუ მიირთმევთ. ცილებით მდიდარი პროდუქტი ნაყროვანების შეგრძნებას გიჩენთ.
დიეტის დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ დღეში 1.5 ლიტრ წყალზე ნაკლები არ უნდა დალიოთ. რაციონიდან ამოიღეთ შაქარი და კარაქი, შეამცირეთ მარილის მიღებაც.
”თანმიმდევრობა”
დუკანის დიეტის მეორე ეტაპია ”თანმიმდევრობა”. ეს პროცესი მანამ გრძელდება, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ. შედეგად, ერთი კვირის განმავლობაში 1 კილოს დაიკლებთ. პროცესი კი შეიძლება ორ თვემდე გაგრძელდეს. ამ ეტაპზე შეგიძლიათ ცილებით სავსე პროდუქტს მცირე რაოდენობით ბოსტნეულიც დაუმატოთ. საუკეთესო ფორმულა კი ასე გამოიყურება: 1/1 - ანუ ერთი დღე მხოლოდ ცილებით სავსე პროდუქტი მიირთვით, მეორე დღეს კი ბოსტნეულიც დაუმატეთ.
კონკრეტულად: პომიდორი, კიტრი, ხახვი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო. აკრძალულია სახამებლით მდიდარი ბოსტნეულის მიღება, ისეთების, როგორებიცაა: კარტოფილი, სიმინდი და ბარდა.
ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ როგორც უმი, ისე მოხარშული.
მნიშვნელოვანია: არასოდეს მოასხათ სალათებს მზესუმზირის ზეთი. სამაგიეროდ, სოუსად შეგიძლიათ იოგურტი გამოიყენოთ.
დიეტის ამ ეტაპზე ყოველდღიურად მიიღეთ 2 ნაჭერი შვრიის პური.
”შენარჩუნება”
მას შემდეგ, რაც სასწორზე თქვენთვის სასურველი ციფრი დაფიქსირდება, დიეტის მესამე ეტაპი - ”გამყარება” იწყება. ორგანიზმს ჯერ კიდევ ახსოვს თავისი ძველი კილოგრამები და მათ აღდგენას ლამობს. ასე ხდება მუდამ, როდესაც დიეტა სრულდება. სწორედ ამ დროსაა აუცილებელი ”გამყარების” ეტაპი. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკარგული კილოგრამების რაოდენობაზე. ყოველი დაკლებული კილოგრამის შესანარჩუნებლად 10 დღე დაგჭირდებათ.
ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ ის პროდუქტი მიირთვათ, რაც წინა ორ ეტაპზე იყო რეკომენდებული და შეგიძლიათ დაუმატოთ:
• მცირე ულუფა ჟოლო ან მარწყვი, საზამთრო ან ნესვი, 2 კივი, 2 გარგარი, ერთი პატარა ზომის მანგო.
• მსხვილად დაფქული შვრიის პური - დღეში 2 ნაჭერი;
• 40 გრ ყველი;
• მაკარონი, ბრინჯი, გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი: 1 პორცია - 220 გრ;
• ამ პერიოდში კვირაში ორი დღე შეგეძლებათ კიდევ მეტად გაინებივროთ თავი და ის მიირთვათ, რაც გსურთ.
• არსებობს კიდევ ორი აუცილებელი პირობა, რომელიც ამ პერიოდში უნდა დაიცვათ: კვირაში ერთი დღე მხოლოდ ცილოვანი საკვები უნდა მიიღოთ. არ დაგავიწყდეთ 2 ლიტრი წყლის დალევაც.
”სტაბილურობა”
დასასრულ, დასკვნითი ეტაპი - ”სტაბილურობა”, რომელიც გრძელდება... მთელი ცხოვრება და მუდამ გვეხმარება სასურველი წონის შენარჩუნებაში.
1. ეცადეთ, ისე იკვებოთ, როგორც ”შენარჩუნების” დროს და დღეში 1.5 ლიტრ წყალზე ნაკლები არ დალიოთ.
2. კვირაში ერთი დღე დაიცავით მკაცრად ცილების დიეტა.
3. ყოველდღე აუცილებლად მიირთვით შვრია იოგურტთან ან ხაჭოსთან ერთად.
4. არ ისარგებლოთ ლიფტით. იარეთ კიბეებზე ფეხით და დღეში 20 წუთი მაინც ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
ჟურნალი ”... და ქალი”
(აპრილის ნომერი)