ჩვენი სტუმარი ამჯერად ის ქალბატონია, რომელიც დასახული მიზნისკენ ჯერ კიდევ მიიწევს და შემართებას არ კარგავს. ფაქტია, რომ მისი შედეგი ამჟამად იდეალურთან ძალიან ახლოსაა.
- რა ხერხს მიმართეთ წონაში დასაკლებად?
- ამ სიბერეში რომ გადავწყვიტე შვილის გაჩენა, შესაბამისად, წონაც ავკრიფე. საკმაოდ მოვიმატე - სავარაუდოდ, 20 კილოგრამი. უნდა აღვნიშნო, რომ ორსულობამდეც ბევრი მქონდა მომატებული...
სამშობიაროში რომ შევედი, იმ დროისთვის 106 კილოს ვიწონიდი. იქიდან 97 კგ გამოვედი და თვეების მანძილზე არც მომიკლია, არც პირიქით. დიეტის დაწყება სექტემბერში გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ „დუკანის დიეტა" მასიური წონის ადამიანებისთვის ეფექტური საშუალება იყო და ამიტომ პირდაპირ ამ დიეტის დაცვა დავიწყე.
თავიდან 7-დღიანი შეტევა გავაკეთე, მარტო ცილაზე ვიყავი. ამ 7 დღეში ერთი გრამიც კი არ მომიკლია. შემდეგ უკვე მონაცვლეობიდან დაიწყო წონამ კლება და 4 თვეში 19 კილო მოვიკელი.
მალევე მოვიდა ახალი წლის პერიოდი და დიეტას დაემთხვა. ერთი რომ წამიცდა ხელი და პირი, ავიშვი. მომდევნო 4 თვე დავარღვიე დიეტა და 4 კილო მოვიმატე.
მაისიდან ახალი შემართებით დავიწყე იგივე დიეტა, იმ მიზნით, რომ ჯამში მინიმუმ 35 კილოს დაკლება მინდოდა. ახლა ის ეტაპია, როცა ძალიან ნელა ვიკლებ, მაგრამ 75 კილოზე ჩამოვედი. 10 -12 კგ-საც მოვერევი ასე ნელ-ნელა.
- ამბობენ, რომ ამ დიეტას უკუჩვენებებიც აქვს. თქვენ რა აზრის ხართ?
- ჩემს შემთხვევაში არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია. ზოგადად, ხორცეულის მოყვარული ვარ. ამიტომ იოლად შეეგუა ორგანიზმი. დიახ, მეც ბევრისგან გამიგია, რომ "დუკანის დიეტამ" პრობლემები შეუქმნა.
- რას ურჩევდით მათ, ვისაც დაკლება სურს?
- აუცილებლად ბევრი წყალი უნდა მიიღონ, წყალი უზომოდ ეხმარება თირკმელებს. მთავარი მონდომებაა, მერე ყველაფერი იოლია.
- რაზე უნდა იფიქროს ქალმა, რა უნდა ჩააგონოს თავს, რომ მარტივად შეძლოს მოუთმენლობასთან გამკლავება?
- ერთი თვე დამჭირდა ჩემს თავზე მუშაობა. ჩავაგონე თავს, რომ მე ყველაფერი შემიძლია და ესეც ერთ-ერთია მათ შორის. ზოგადად, ვცდილობ, ტვინის მართვა ვისწავლო.
უბრალოდ, ერთ დღეს გავიღვიძე და ზუსტად ვიცოდი, რომ დიეტა უნდა დამეწყო. ავდექი და დავიწყე.