დღეს ჭარბი წონა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და თითქმის ყველა ებრძვის მას, თუმცა ჭარბ კილოგრამებთან შერკინება მარტივი არაა, ამას სათანადო ცოდნა, დიდი მონდომება, მიზანსწრაფულობა და ნებისყოფა სჭირდება.
ამ თვისებებს უდავოდ აკმაყოფილებს ნანა ახალაია, რომელმაც 33 კილოგრამის დაკლება შეძლო. როგორ მოახერხა ეს და რა გზებით ინარჩუნებს წონას, მან MARAO-GE-ს უამბო.
„7 თვეში დუკანის დიეტით 33 კილოგრამი დავიკელი. პირველი ორი თვის განმავლობაში საერთოდ არ დამირღვევია, შემდეგ მომიწია 2 დღე ამოვვარდნილიყავი, თუმცა შეტევა გავაკეთე და კვლავ დიეტას დავუბრუნდი. დუკანის დიეტას ზუსტად ისე ვიცავდი, როგორც ყველასათვის ცნობილია. არაფერი შემიცვლია და შედეგიც მივიღე. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ამ დიეტამ ვიღაცებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა, თუმცა ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო. დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა გასტრიტი, დიეტის შემდეგ კი ეს აღარ მაწუხებს, თუმცა არის ერთი რამ... ამ დიეტის შემდეგ თმის ცვენა მაწუხებს. ჩავაბარე ანალიზები, გავესინჯე გინეკოლოგს, ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ მე „ბატონ დუკანს“ ვაბრალებ.
არ იფიქროთ, ახლაც მკაცრ დიეტაზე ვარ. ხშირად ვარღვევ, მიყვარს ტკბილეული და თავს ვერ ვიკავებ, თუმცა განტვირთვის დღეებს მალევე მივაშველებ ხოლმე და ყველაფერი კვლავ ნორმაშია. თითქმის 2 წელია წონას ვინარჩუნებ.
დიეტის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ამ დიეტაზე გავიგებდი, სხვა დიეტაზე ვიყავი, დაახლოებით 1 თვე და შედეგი საერთოდ არ მქონდა.
დუკანის დიეტა მათთვისაა, ვისაც დიდი წონა აქვს. ყველას ვურჩევ, სანამ დაიწყებდეთ, მიდით ექიმთან, გაისინჯეთ თირკმელები“, - ამბობს ნანა marao.ge-სთან საუბრისას.