ამჯერად marao.ge-ს სტუმარი თეო დვალიშვილია, რომელმაც არაერთი სასარგებლო რჩევა მისცა მკითხველს და სასიამოვნოდ გაგვაოცა.
მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება, გავუზიარო ჩემი ემოციები მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს.
როგორ მოქმედებდა შენზე ზედმეტი კილოგრამები?
- აბსოლუტურად არ მოქმედებდა. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, ეს რამდენად ვნებდა ჩემს ორგანიზმს. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და შემდეგ ყველაფერ დანარჩენს. მიმაჩნია, რომ ვისაც კომპლექსები აქვს, რაღაც მხრივ კარგიც არის, რადგან უფრო დროულად იწყებს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას. მე კომპლექსები არ მქონდა და ვიცვამდი ყველაფერს, რაც მინდოდა. აბსოლუტურად არ ვაქცევდი ყურადღებას გარშემომყოფების "ქართულ ტრადიციულ" გამონათქვამებს, როგორიცაა: რამდენი კილო ხარ? დედა, რამხელა ხარ? ვაიმე, გული არ გაწუხებს? ჯინსებს როგორ იცვამ? და ა.შ.
ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ მინდოდა წონაში დაკლება და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის! ადამიანმა თუ თავისი სურვილით არ გაიაზრა და გადაწყვიტა, ვერავინ დააძალებს.
გიცდია თუ არა უშედეგო დიეტები, რამდენი კგ დაიკელი წონაში და რა გზით?
- დიეტები ძალიან ბევრჯერ მიცდია, თუმცა, როგორც ყველა, მეც იმაზე ორ ან სამჯერ უფრო ვიმატებდი, ვიდრე დიეტის დაცვამდე ვიყავი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ "დიეტა" მხოლოდ იმ ადამიანმა უნდა დაიცვას, ვისაც სხვადასხვა დაავადება აწუხებს. ან ოპერაციის შემდგომ (ისიც რამდენიმე დღით). მე ძალიან უნებისყოფო ვიყავი და ხანდახან ახლაც ვარ. ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია. მაგალითად, ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა საათების გათვალისწინებით ჭამამ და ე.წ. 18-საათიანმა შუალედმა.
ანუ მივირთმევთ დღის 12 საათზე, 15:00 საათზე და ბოლოს 18:00-ზე. 12:00-მდე ყავა ან ჩაი, როგორც გნებავთ. საერთო ჯამში, ორ წელში მივიღე ეს შედეგი და დავიკელი 32 კილოგრამი. ამ პერიოდის მანძილზე ხშირად ვარღვევდი რეჟიმს. თითქმის ნახევარი წელია აქტიურად ვცდილობ, არ გადავცდე ზემოხსენებულ დროს. პლუს, 2-3 ლ წყალი უნდა მიიღოთ. ეს აუცილებელი წესია! მე ჩემი რეჟიმის გამო აბსოლუტურად ვერ ვახერხებ ფიზიკურ აქტივობაში ჩაბმას... ეს ყველაფერი მხოლოდ ამ მეთოდებით მოხდა.
რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებს დიეტას?
- ჩემი ლექტორი მიმეორებდა ყოველთვის, შენი თავი რაც შეიძლება ბევრჯერ შეაქე დღის განმავლობაშიო. ეს ძალიან დამეხმარა. გირჩევთ, უმეოროთ თქვენს თავს, რომ ძალიან ლამაზები ხართ და ეს მართლაც ასეა, ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია. რაც მთავარია, გჯეროდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ! სამოტივაციოდ ფოტოებს ალბათ ნახავდით.
რას გრძნობ მას შემდეგ, რაც წონაში დაიკელი?
- სულ ვხუმრობ ხოლმე ჩემს თავზე. თავიდან დისკომფორტს განვიცდიდი, მაღაზიებში რომ შევდიოდი და გასახდელში დიდი ზომის ტანსაცმელი შემქონდა, რომელსაც ვისინჯავდი და ძალიან დიდი მქონდა. მერე უკვე მახსენდებოდა, რომ მოვიკელი და აღარ უნდა მეძებნა დიდი ზომის ტანისამოსი. ეს კიდევ ერთგვარად სასიამოვნო ამბავია.
გაუზიარე შენი გამოცდილება ადამიანებს, რომლებიც უნებისყოფობას უჩივიან. რას ურჩევდი მათ?
- მოკლედ, ზუსტად 25 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ ძვლები მქონია და ამაზე სტატუსიც დავწერე. იფიქრეთ იმაზე, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
შეიძლება ძალიან დიდად მოეჩვენოთ, რა დროშიც დავიკელი, როცა ამას წაიკითხავენ. ჩვენ სულსწრაფები ვართ. რაც შეიძლება მალე გვინდა 5,10,15 კილოგრამის დაკლება და იმაზე არ ვფიქრობთ, რა მოჰყვება ამას. დაიკელით ნელ-ნელა და სწორად. სამაგიეროდ, აღარ მოიმატებთ. განვმეორდები და გეტყვით, იკვებეთ დღეში 3-ჯერ. მიიღეთ ნებისმიერი საკვები, შემცირებული ულუფებით. ამოიღეთ რაციონიდან ზეთი და სხვა სახის ცხიმი, გარდა ზეითუნის ზეთისა. მიირთვით ბევრი ბოსტნეული და დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი ( ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და შემდეგ ერთ საათში ჭამის დასრულებიდან). ხილი კი მიირთვით დილით, ანუ საუზმეზე (ბანანის, მსხლისა და ყურძნის გარდა).