კომბოსტოს წვნიანი - ეს დიეტა 1950-იანი წლიდან იღებს სათავეს. თავიდანვე დიდ მოწონებას იმსახურებდა და დიასახლისების გულიც ადვილად მოიგო.
დიეტის არსი შემდეგში მდგომარეობდა: ქალბატონები დღეში 3-4-ჯერ მიირთმევდნენ კომბოსტოს წვნიანს.
ამგვარ ქმედებას, ცხადია, გვერდითი ეფექტებიც მოჰყვებოდა: თავბრუსხვევა, სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება.
მიუხედავად ამისა, ამ დიეტის მეშვეობით წონაში დაკლება გარანტირებული იყო.
ჰელენ ბრაუნი - 1962 წელს გამოუშვა წიგნი - „Sex and the single girl”- რომელშიც რეკომენდაციას ერთ ძალიან საინტერესო დიეტას უწევდა.
დიეტის ინგრედიენტებს ღვინო და კვერცხი წარმოადგენდა. ჰელენი საუზმედ ერთ კვერცხს გვთავაზობდა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვეწვა კარაქში. ამასთან, აუცილებლად უნდა დაგვეყოლებინა ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. იგივე ინსტრუქცია იყო სადილის შემთხვევაშიც. ვახშმად კი - ხორცის ნაჭერი თეთრ ღვინოსთან ერთად.
მოგვიანებით ჰელენ ბრაუნი „კოსმოპოლიტენის“ რედაქტორად მოგვევლინა. ზემოთ ხსენებული წიგნი კი, რომელიც ჰელენმა მარტოხელა გოგონებისთვის დაწერა, ბესტსელერი გახდა.
1964 წელი - „პეპსის დიეტა“. შეიძლება ითქვას, რომ ეს დიეტა ჰიტადაც იქცა. ალბათ, რთული მისახვედრი არაა, რომ დიეტის ძირითადი ნაწილი "პეპსის" მიღებაზე იყო ორიენტირებული.
ბოლოს, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, გაირკვა, რომ "პეპსის" ასეთი დოზით მიღება ჯანმრთელობაზე სავალალოდ შეიძლება ასახულიყო. ამ დიეტას ორგანიზმში კიბოს არსებობის რისკის გაზრდაც შეეძლო.
1965-66 - „მსმელი კაცის დიეტა“- ავტორი გვირჩევდა ცილებით გამდიდრებული პროდუქტების მიღებას ალკოჰოლთან ერთად. ერთ-ერთი პირველი დიეტა იყო, რომელიც სპეციალურად მამაკაცების მისამართით შეიქმნა. ამის გამო ამბობდნენ, რომ ეს ავტორის სექსისტური დამოკიდებულების გამოვლინება გახლდათ.
უმთავრესი ინგრედიენტი მენიუში - ლობსტერი და სტეიკი იყო. ულუფების სწორი გადანაწილებით მამაკაცები ნამდვილად ახერხებდნენ წონაში დაკლებას. გამოსვლიდან 2 წელიწადში, წიგნი ორმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
1969-73 - ეს გრეიპფრუტის დიეტაა - წლების მანძილზე ათასგვარი სახელწოდებით გვინახავს. გულისხმობს ამ ციტრუსის ყოველდღე, ყოველი ჭამის დროს მიღებას.
1976 - დიეტა- „უკანასკნელი შანსი“, რომელიც დოქტორმა რობერტ ლინმა შექმნა. ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში, თხევადი დიეტა იყო. მასში ძირითადად სასმელზე კეთდებოდა აქცენტი.
დიეტის მიმდევრებს, დიდი ალბათობით, ადრეულ ასაკში სიკვდილი ემუქრებოდათ. ამის მიუხედავად, წიგნი ათწლეულების მანძილზე იყიდებოდა, იქამდე, ვიდრე არ აკრძალეს. კვლევის მიხედვით, ქალბატონების გარკვეულმა რაოდენობამ მხოლოდ 30 წლამდე მიაღწია. „უკანასკნელმა შანსმა“ ავტორს 40 მლნ მოგება მოუტანა.
იყო დიეტები, რომლებიც არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა. მაგ: „დიეტა მილკ შეიკი“, „ელვის პრესლის დიეტა“, „რობერტ ატკინსის რევოლუციური დიეტა“, “ბევერლი ჰილზის დიეტა“, ,„სტილმენის დიეტა“ და სხვა.
ნათია ხუნაშვილი