საკმარისია, ახლოს გაიცნო, რომ პოპულისტური მითი მისი კონკიობის შესახებ მომენტალურად უარყო.
შეუძლებელია, ეს ქალი რომელიმე ასაკში ზღაპრის გმირივით უსუსური ყოფილიყო; შესაბამისად, წარმატება მისთვის პრინცს ან იღბალს მოეტანა.
გამომწვევია – ყველა კონტექსტში. იწვევს სიტუაციებს, ბედისწერას, სიახლეებს, ადამიანებს, სირთულეებს და მოდასაც კი – მისი ტენდენციებიანად.
რა გასაკვირია, 14 წლის ასაკში გახდა დედა, ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა დიდი წარმატება და დღესაც აგრძელებს სვლას ამ მიმართულებით – ნიჭით, სილამაზით, სითამამით და ბრძოლით. მის შემთხვევაში ბრძოლა გარდაუვალია – ცხოვრების ყველა ეტაპზე.
ეს თამთა გოდუაძეა – სხვა რაკურსში.
ჩემი ცხოვრება...
... იწყება დედაჩემისგან. ისეთივე ნათელი და ჭრელი ცხოვრება ჰქონდა მასაც, როგორიც მე ახლა მაქვს. ოდესმე თუ ავტობიოგრაფიულ წიგნს დავწერ, აუცილებლად მისით დავიწყებ. დედისგან გამომდინარე ვარ ის, ვინც ვარ. დედამ მომცა ბრძოლისუნარიანობა. ძალა და ჟინი კი ძალიან გამომადგა – ყოველთვის, ყველა ეტაპზე.
ჩემი ეტაპები...
ოთხ ძირითად ეტაპად შემიძლია დავყო ჩემი ცხოვრება: ბავშვობა, ოჯახი, კარიერა და... მეოთხე ეტაპი ყველაზე რთულია. არ მინდა დაკონკრეტება. თუმცა, რატომ არ... ყველაზე მეტი ძალისხმევა აქ დამჭირდა – ეს თინეიჯერი შვილთან ემოციურად გამკლავებაა. მიუხედავად ჩვენ შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისა, მაინც სხვა თაობაა, სხვა მენტალიტეტით, განსხვავებული ინტერესებით. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. ეს კი ჩემთვის ემოციურად ყველაზე დამთრგუნველი აღმოჩნდა. თუმცა მიყვარს სირთულეები.
ჩემი მწვერვალი...
უხეშად რომ ვთქვა, არასდროს მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს, რასაც მივაღწიე. ალბათ, ეს ნორმალურია – წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრესი ვეღარ მოხდება. ჩემი მოტივი და მთავარი მიზანი კი მუდმივად პროგრესირებაა – ყველა მიმართულებით. რეალისტი ვარ – მიწაზე მყარად ვდგავარ.
ორიენტირებული ვარ რეალურ დროსა და მომავალზე. შესაბამისად, არ ვიტყვი, რომ კონკრეტულად უახლოეს ორ წელში უნდა ავიღო "გრემი" ან გავმართო მსოფლიო რანგის კონცერტი ყველაზე დიდ სცენაზე.
ეტაპობრივად ვფოკუსირებ კონკრეტულ სიტუაციებზე. შედეგიც შესაბამისად მოდის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბიცია არ მაქვს. ამბიციის გარეშე რთულია, წარმატებას მიაღწიო. თუმცა, ლოგიკურ წარმატებას ლოგიკური დრო აქვს. ასე მოვედი აქამდე. ასევე ვაგრძელებ.
ჩემი საქართველო...
...ოდნავ ტკივილთანაა დაკავშირებული. 21 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან წავედი. მე ის თაობა ვარ, რომელსაც ძირითადად სირთულეების გადატანა მოუხდა. რაც დრო გადის, უფრო ვაცნობიერებ და უფრო მეტად მტკივა გული ამაზე. ჩვენი, ჩვენი მშობლების თაობა – რამდენი რამ გადაიტანეს – პურის უზარმაზარ რიგებში დგომით დაწყებული... ჰო, ძალიან მტკივა.
ჩემი საბერძნეთი...
...მზიანია – ყველა გაგებით. ასეთი დამხვდა, ასეთად მიმიღო. ალბათ, მეც იმ Lucky-ადამიანებს განვეკუთვნები, რომელთაც მხოლოდ თავიანთი შესაძლებლობებით და სუფთა ურთიერთობებით შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას. ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი. ალბათ, როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურები, ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრება გაგიადვილდება. თუმცა, საბერძნეთი მალევე შევიყვარე, თან ძალიან.
ჩემი მუსიკა...
...კომერციულია, არ სჭირდება ამას ბევრი ახსნა. თუმცა, კომერციულ მუსიკაშიც არის დონეები. ვცდილობ, ამ ჟანრშიც, რომელშიც ვმუშაობ, შევქმნა რაღაც ხარისხიანი. ვფიქრობ, რომ ბევრი რამის კეთება შემიძლია მუსიკაში, მაგრამ წლების წინ, როდესაც კარიერას ვიწყობდი, პროდიუსერების მიერ შემოთავაზებული ჟანრი ავირჩიე.
ხალხმა ასეთად გამიცნო და მიმიღო. აღარ ვფიქრობ, რომ მათ მიერ შექმნილ ჩარჩოებს უნდა გავცდე და რამე სხვა ვაკეთო. მსმენელის ინტერესები ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ჩემი მოდა...
ეს ბუნებრივად ხდება, სპეციალურად არ ვაკეთებ. მერე ვიღაცებს მოსწონთ და იტაცებენ. იცით რა, მოდას ყველა ვერ გაჰყვება. შეუძლებელია, ყველას ყველაფერი უხდებოდეს. ამიტომ ტანსაცმელმა კი არ უნდა მოგიხდინოს, შენ უნდა მოიხდინო. არ მომწონს ყველაფერი, რაც მოდურია. მე ჩემი სტილი, შესაბამისად – ჩემივე მოდა მაქვს.
მე ვარ...
ადამიანი, რომელსაც გააზრებულად აქვს გადანაწილებული პრიორიტეტები. ვარ ძალიან პრაგმატული. თუ სხვები ოცნებობენ, მე წარმოვიდგენ ხოლმე. არასდროს მივცემ თავს ოცნების უფლებას – მაქვს კონკრეტული წარმოდგენები და მათი რეალურად ქცევის შესაბამისი მცდელობები. რაც მთავარია, ზუსტად ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ამ ძალას სწორად, მიზანმიმართულად ვიყენებ.
მე ვარ ძლიერი, ძალიან ძლიერი და ეს კიდევ უფრო მაძლიერებს!
სალომე ლილუაშვილი
ჟურნალი "ბომონდი"
(მაისის ნომერი)