”შემოვალ ეტლით”, შორენა ხუხუას რომანი, რომელიც 6 თვის წინ დაიბეჭდა და საქართველოში უკვე მეორე ტირაჟით გამოიცა, მალე გერმანულ ენაზეც დაიბეჭდება, შემდეგ გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის ბაზარზე გაიყიდება.
წიგნის გამოცემის უფლება ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე ავსტრიულმა გამომცემლობამ, Drava Verlag-მა იყიდა. ამჟამად რომანი გერმანულად ითარგმნება.
„გამომცემლობა პალიტრა L"-ის დირექტორის, თინათინ ასათიანის განმარტებით, რომანი აქტუალურ საკითხებს ეხება და სწორედ ამიტომ დაინტერესდა გერმანული გამომცემლობა მისი თარგმნით.
”რომანში განსაკუთრებით კარგად არის წარმოჩენილი ქართული რეალობა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღევანდელობამდე. ისტორია შშმ პირისა და ამ თემის პრობლემების შესახებ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ქართველი მკითხველისთვის. მოხარული ვარ, რომ რომანით ავსტრიელი გამომცემლებიც დაინტერესდნენ. ზოგადად, ინტერესი ქართული ლიტერატურის, რეალობისა და ნარატივების მიმართ გაზრდილია. განსაკუთრებით, ქალი მწერლების მიმართ, რომლებიც ძლიერ ქალებზე წერენ. სწორედ ასეთია შორენა ხუხუას რომანი, რომელიც გერმანულ ენაზე სექტემბერში უკვე დაბეჭდილი იქნება. მას, სავარაუდოდ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ავტორთან ერთად წარვადგენთ“, - განმარტავს თინათინ ასათიანი.
შორენა ხუხუას ”შემოვალ ეტლით” კონკურსში ”გახდი ბესტსელერის ავტორი” 2017 წლის ხალხის რჩეული რომანი გახდა. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და წიგნის სრული ტირაჟი ამოიყიდა. ”პალიტრა L"-მა რომანი მეორე ტირაჟით გამოსცა. შეგახსენებთ იმასაც, რომ გარეკანის დიზაინი საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გააფორმა.
შორენა ხუხუა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თავად იყო ეტლით მოსარგებლე და რომანის მთავარი გმირიც ეტლით მოსარგებლე ქალია. ავტორის თქმით, ის რეალისტი ავტორია და მის გმირებს ყოველთვის ჰყავთ პროტოტიპი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რომანში გადმოცემული ისტორია თავად ავტორის ისტორია არაა.
”შარშან ამ დროს " გახდი ბესტსელერის ავტორის" კონკურსის 300 ავტორს შორის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. მჯეროდა, გავიმარჯვებდი, თუმცა არ ვიცოდი, კონკურსის მოგება რას მომიტანდა, როგორც ავტორს. წიგნი კონკურსისთვის დავწერე და ხალხის რჩეული გავხდი.
ყველა პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეტლით მოსარგებლეები და ბედნიერი ვარ, რომ სასურველი შშმ ქალის და შშმ მამაკაცის ტიპი შევქმენი. ეტლით მოსარგებლის უსქესოდ აღქმის სტერეოტიპი დავამსხვრიე. წიგნი გახდა აღიარებული ლიტერატურულ წრეებსა თუ მკითხველებში. მალე კი ის გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გაიყიდება. ნებისმიერი ქვეყნის აღიარება მნიშვნელოვანია, თუმცა პირადად ჩემთვის ამ წარმატებას განსხვავებული გემო აქვს. ევროპული ლიტერატურის ნაწილად ქცევა, - ამაზე ამაოდ ოცნებობდა მამა, რომელიც ჩემზე უკეთესი მწერალი იყო, თუმცა ისე გარდაიცვალა, მისი შემოქმედება ახლობლების წრეს არ გასცდენია. რომანი მშობლიურ სოფელში, გარდაცვლილი მშობლების სახლში, სწორედ მამას მაგიდასთან დავასრულე. ხალხის რჩეული ავტორი რომ გავხდი, ნიშნავს, რომ ხალხია უპირობო მსაჯული და შეუმცდარი მკითხველი. კონკურს "გახდი ბესტსელერის ავტორით" მე ჯერ ჩემს ხალხს დაველაპარაკე გულიდან ამოხეთქილი სიყვარულით და ახლა ქართული ლიტერატურის სახელით გერმანელ მკითხველს მივმართავ”, - აცხადებს შორენა ხუხუა.
ავტორი ამჟამად ახალ რომანზე მუშაობს. მთავარი გმირები იქნებიან სასკოლო სივრციდან. შორენას თქმით, ის საკუთარი პერსონაჟების პროტოტიპებს რეალურ ცხოვრებაში ხშირად ესაუბრება, აკვირდება და შემდეგ საკუთარ რომანებში გადაჰყავს. ახალი რომანის გამოცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
რომანის, „შემოვალ ეტლით“ თარგმნა კი უკვე დაწყებულია და მას გერმანულ ენაზე ფილოლოგი თამარ კოტრიკაძე თარგმნის.