ცხელი ზაფხული დასასრულს მიუახლოვდა. ყოველთვის მეჩვენება, რომ ოთხი სეზონიდან ყველაზე სწრაფად ზაფხული გადის. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან მიყვარს. ოქროსფერი შემოდგომაც მიყვარს, მაგრამ მას რატომღაც სევდიანი ვხვდები-ხოლმე.
განწყობას გაუმჯობესებაში ძალიან მეხმარება ფილმები და სერიალები. შემოდგომაზე ბევრი კარგი სერიალის სეზონის დაწყებას ველი. ამჯერად, გადავწყვიტე ტოპ 5 სერიალი წარმოგიდგინოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ და პირველივე სერიიდან ისე ჩაგითრევთ, რომ შეიძლება რამდენიმე სეზონს გადაბმულადაც უყუროთ.
1. Game of Thrones, "სამეფო კარის თამაშები"
ეს არის სერიალი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, სულმოუთქმელად ელიან. ის IMDB-ის რეიტინგის ნამდვილი მეფეა. ფენტეზი, დრამა, სათავგადასავლო, თრილერი - არაჩვეულებრივი ჟანრების კომბინაცია, ფანტასტიური მსახიობები, ყველაზე მასშტაბური და გამაოგნებელი სცენები, ულამაზესი ადგილები, პერსონაჟთა ხასიათები - თქვენ წარმოუდგენელი და დაუვიწყარი შეგრძნებები გელით. "სამეფო კარის თამაშები" გადაღებულია ჯორჯ მარტინის რომანების - "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" მოტივებზე. სულ გამოსულია 7 სეზონი. ის დღეისათვის ყველაზე ძვირადღირებულ და ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება.
2. The Walking Dead, "მოსიარულე მკვდრები"
თუ საშინელებათა ჟანრი, თავგადასავლები და პოსტ-აპოკალიპსის თემა გაინტერესებთ, მაშინ ეს სერიალი აუცილებლად მოგეწონებათ. დედამიწაზე ვირუსის გაჩენა ადამიანებს ზომბებად აქცევს. ცოცხალი ადამიანების პატარა ჯგუფი გადარჩენისთვის იბრძვის და უსაფრთხო ადგილის საძებნელად მიემართებიან. მათ უამრავი განსაცდელის გადალახვა მოუწევთ. რომელი უფრო საშიშია? მკვთრეთით აღმდგარი ზომბები თუ ადამიანთა გარკვეული დაჯგუფებები, რომლთაგანაც ზოგს ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს, ზოგი კი კანიბალიზმით არის დაკავებული?.. თქვენ ძალიან დაძაბული სეზონები გელით...
3. Community, "საზოგადოება"
"საზოგადოება" არის ამერიკული სიტკომი, რომელიც არხ NBC-ის ეკუთვნის. ქალაქ "გრინდეილის" კოლეჯის რამდენიმე სტუდენტი საზოგადოებას შექმნიან და ერთად ცდილობენ კოლეჯის რეპუტაციაზე ზრუნვას. უმაღლესი დონის იუმორი ნამდვილად გაგამხიარულებთ და ძალიან ბევრს იცინებთ.
4. Supernatural, "ზებუნებრივი"
თუ არ გინახავთ, ალბათ ყური მაინც მოგიკრავთ ძმებზე - სემ და დინ ვინჩესტერებზე, რომლებიც დაუღალავად ებრძვიან ვამპირებს, დემონებს, მოჩვენებებსა და ათასგვარ ზებუნებრივ არსებს. თუ პარანორმალური მოვლენები და მითოლოგია გიზიდავთ, ეს სერიალი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. "ზებუნებრივი" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი სერიალია. ასე, რომ, გემრიელად მოკალათდით კომპიუტერთან. წინ შავ ძალებთან ბრძოლა გელით.
5. Under The Dome, "გუმბათის ქვეშ"
შემოდგომის ერთ წყნარ დღეს, ქალაქი ჩესტერ-მილი უხილავი გუმბათის ქვეშ აღმოჩნდება, რომელიც მას მთლიანად მოწყვიტავს გარესამყაროსაგან. გუმბათის შიგნით დარჩენილი ადამიანები განწირულნი არიან დასაღუპად, მაგრამ რამდენიმე მათგანი გადაწყვეტს არ დანებდეს და ამ ამოუცნობი მოვლენის ამოხსნას იწყებს. გუმბათის კედლები უხილავია. მას ვერც ფრინველები ხედავენ, ვერც ადამიანები. თუ ფანტასტიკის და მისტიკის მოყვარული ხართ, ეს სერიალი თქვენთვისაა. სერიალი "გუმბათის ქვეშ" გადაღებულია სტივენ კინგის რომანის მიხედვით. სცენარის ადაპტირებულ ვერსიაში მონაწილეობას თავადაც იღებს. - ვინ გამოამწყვდია პატარა ქალაქის მცხოვრებლები უხილავ გალიაში? რა ელით მათ? - ამას სერიალის გმირებთან ერთად გაიგებთ.