ზაფხულის ბოლო და ყველაზე ცხელი თვე შედის ძალაში.
თუმცა წლევანდელი აგვისტო ასტროლოგიური კუთხითაც ერთი-ერთი ყველაზე ცხელი და მოვლენებით გადატვირთული იქნება. ამიტომ მისთვის უკვე ივლისიდან უნდა მოვემზადოთ როგორც მორალურად, ისე ფსიქოლოგიურად.
აგვისტოში რიგით მეორე დაბნელებების კორიდორი იწყება ამ წელს. 7 აგვისტოს მთვარის, ხოლო 21 აგვისტოს მზის დაბნელებას ველით. თუმცა, შუალედში პლანეტა მერკურის რეტროგრადული ფაზაც "გაგვახარებს". დაბნელებების შესახებ ჩვენს საიტზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა. თუმცა, მათთვის, ვინც არ იცის, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მზისა და მთვარის დაბნელება საკმაოდ რთული და ემოციურად დაძაბული პერიოდებია ასტროლოგიური კუთხით. ამიტომ თავად ეს დღეები და მათ შორის შუალედიც მაქსიმალური სიმშვიდითა და წინდახედულობით უნდა გაატაროთ. სასურველია, აგვისტოს თვე პასიურად გაატაროთ. ასევე აუცილებელია, რომ დიდი სიფრთხილითა და წინდახედულობით მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მით უმეტეს, რომ ამ თვეში კარდინალური ცვლილებების ალბათობა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში იქნება მოსალოდნელი.
დაბნელების რთულ ენერგეტიკას, თავის "საწვავს" რეტროგრადული მერკურიც დაუმატებს, 13 აგვისტოდან თითქმის სექტემბრის დასაწყისამდე. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში კი არ ღირს ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. სასურველია, ამ პერიოდში უკვე არსებული, შეფერხებული ან მიტოვებული პროექტების განახლება-გაცოცხლებას მიჰყოთ ხელი. ნაკლებად სახარბიელოა ასევე 13 აგვისტოს შემდგომი პერიოდი ხანგრძლივი მოგზაურობისა და საქმიანი მივლინების დასაგეგმად. არ შეიძინოთ ტექნიკა, არ წამოწყოთ რემონტი, ნუ შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს. ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეთ ახლო ნათესავების, და-ძმების, თანამშრომლების მიმართ, იმიტომ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში, ჩვენი მათთან ურთიერთობები აუცილებლად გაივლის გამოცდას.
მაგრამ ამასთან ერთად, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძველი ურთიერთობების აღდგენა-განახლების შანსიც გაჩნდება. მერკურის რეტროფაზა რეალურად იძლევა წარსულში ამა თუ იმ სახის ურთიერთობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების რეალურ საშუალებას.
ძალიან ნაყოფიერი, დინამიკური და მოვლენებით სავსე იქნება აგვისტო ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ლომები, ვერძები და მშვილდოსნები რეალურად შეძლებენ ამ თვეში საკუთარი ძალების, უპირატესობისა და ნიჭიერების დემონსტრირებას. ამ ადამიანებს საშუალება მიეცემათ, გამოავლინონ ლიდერული თვისებები და ბრძოლისუნარიანობა, რითაც დიდ პატივისცემას დაიმსახურებენ გარშემო მყოფთა თვალში.
რთული შეიძლება იყოს აგვისტო კუროსა და მორიელის ნიშნებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოეთხოვებათ მაქსიმალურად აკონტროლონ ფინანსური სახსრები, მოერიდონ გადამეტებულ ხარჯებს. ასევე, დაზოგონ ფიზიკური ძალები და არ გადაიღალონ სამსახურში.
კირჩხიბები და თევზები აგვისტოში მატერიალური მდგომარეობის რეალურად გაუმჯობესების შანსებს მიიღებენ. თუმცა, სასურველია, ეს ადამიანები ერიდონ გადამეტებულ "ვორკოჰოლიკობას" და შრომასა და დასვენებას შორის სწორი ბალანსის დაცვა შეძლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბერში მათ აუცილებლად შეაწუხებთ ჯანმრთელობა.