როგორც გამოცემა II Giornale იუწყება, 2010 წელს ორნელა მუტიმ თეატრ ვერდის (Verdi di Pordenone) სპექტაკლში თამაშის ნაცვლად სანკტ-პეტერბურგში, ყინულის სასახლეში, რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ვლადიმერ პუტინთან ივახშმა.
ბავშვთა ონკოლოგიური და ოფთალმოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ვახშამზე ორნელა მუტისთან ერთად მიწვეულები იყვნენ ჟერარ დეპარდიე, მიკი რურკი, გოლდი ჰოუნი, ვენსან კასელი, მონიკა ბელუჩი, კურტ რასელი, შერონ სტოუნი, კევინ კოსტნერი და შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლები.
მიუხედავად იმისა, რომ საღამოს პრესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სპექტაკლის გაცდენა ორნელა მუტიმ ავადმყოფობით ახსნა და სამედიცინო ცნობაც წარადგინა, რომელიც ფორმალურად ათავისუფლებდა მას სპექტაკლში თამაშის მოვალეობისგან. არადა. ორნელა მუტის სპექტაკლისთვის უკვე ჰქონდა აღებული ჰონორარი, 25 ათასი ევროს ოდენობით.
სანკტ-პეტერბურგში საქველმოქმედო ვახშამზე ორნელა მუტის ყოფნას ვიდეოჩანაწერი ადასტურებს. თეატრის ადმინისტრაციამ მსახიობის წინააღმდეგ სასამართლოში ყალბი სამედიცინო საბუთის წარდგენისა და თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრა.
იტალიური სასამართლო არ გამოდგა ლოიალური ერის საყვარელი მსახიობის მიმართ და საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოიტანა. ახლა ორნელა მუტის ორი ალტერნატივა აქვს – წავიდეს ციხეში ან გადაუხადოს თეატრის ადმინისტრაციას კომპენსაცია 30 ათასი ევროს ოდენობით.