ახლახან ცნობილი გახდა, რომ მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ სენსაციურ სიახლეს მეორე მოჰყვა: გავრცელდა ხმები, რომ მსახიობი ექსმეუღლისგან აზერბაიჯანელ მილიარდერთან – ტელმან ისმაილოვთან წავიდა.
ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ვარსკვლავურმა წყვილმა მილიონობით თაყვანისმცემელი გააოცა: სიახლემ იმის შესახებ, რომ მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაიჟღერა. ეს სამწუხარო განცხადება 48 წლის მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბელუჩისა და კასელის განქორწინების შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები დაემატა. ზოგიერთმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ვენსან კასელი ჩერქიზოვის ბაზრის ექსმფლობელზე – 56 წლის ტელმან ისმაილოვზე გაცვალა. ისმაილოვისა და ბელუჩის რომანის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი მილიარდერის ვაჟმა, სარხანმა გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. რა რეაქცია გვქონდა? ასეთ ჭორებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ. მამაც არ ააღელვა ამ ჭორმა. გავიცინეთ და მორჩა!" – განუცხადა სარხან ისმაილოვმა გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას".
ჩერქიზოვის ბაზრის ექსმფლობელი ტელმან ისმაილოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბიზნესმენის მფლობელობაშია ჯგუფი ACT, რომლის შემადგენლობაშიც არის რესტორანი "პრაღა" არბატზე, სადღესასწაულო დარბაზი "საფისა", "ვოენტორგი" და სასტუმრო Mardan Palace თურქეთში. ამ უკანასკნელის გახსნაზე 2009 წელს საპატიო სტუმარი გახლდათ მონიკა ბელუჩი. ასევე, საღამოს ესწრებოდნენ მერაია ქერი, შერონ სტოუნი, პერის ჰილტონი და მსოფლიოს სხვა სელებრითები. ამბობენ, რომ ისმაილოვმა თითოეულ საპატიო სტუმარს 1 მილიონი გადაუხადა იმისათვის, რომ ისინი ცერემონიალს დასწრებოდნენო.
ისმაილოვს ჰყავს ცოლი და ორი ვაჟი – სარხანი და ალეკპერი. მილიარდერის ცოლზე ცოტა რამ არის ცნობილი. ბიზნესმენის ოფიციალურ საიტზე მასზე წერია: "მხოლოდ ტელმან მარდანოვიჩი ახარებს საკუთარ ცოლს ყოველ დილით ახალ-ახალი ოქროსა და ბრილიანტის სამკაულებით, ხოლო მის საყვარელ მსახიობებს ძვირფასი ავტომობილებით ანებივრებს".