ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ 2017 წლის გამარჯვებულთა წიგნების გამოცემიდან ერთი წელი გავიდა.
ოთხი ავტორის (ელის დოჯსონი, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი, თათული ღვინიანიძე) რომანებს დიდი წარმატება ხვდა წილად.
ახალმა ქართველმა ავტორებმა ნამდვილად გაამართლეს კონკურსის სახელწოდება და მათი წიგნები წლის ბესტსელერების სიაში მოხვდა.
კონკურსი წელს მეორედაც ჩატარდა და ხუთი გამარჯვებული გამოვლინდა: ჟიურის რჩეულები - იაგო თვალაბეიშვილი და ვახო ვახტანგაძე გახდნენ, ხოლო მკითხველმა - გვანცა გუბელაძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნათია ჯაგოდნიშვილი აირჩია. ახალი წიგნების ნაწილი დეკემბრის ბოლოს, მეორე ნაწილი კი 2019 წლის დასაწყისში გამოიცემა.
27 ნოემბერს, „ბიბლუსი გალერეაში“ კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ შარშანდელი და წლევანდელი გამარჯვებულების შეხვედრა გაიმართა. ავტორებმა საკუთარ წიგნებზე, გამოცდილებაზე, წარმატებებზე ისაუბრეს. შეხვედრას მოდერატორობას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ავტორი, მწერალი თეა ინასარიძე უძღვებოდა.
თეა ინასარიძე:
- ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საღამო შედგა. ამ კონკურსმა საშუალება მოგვცა, ახალი და საინტერესო ავტორები აღმოგვეჩინა. 2017 წლის გამარჯვებულებმა ნამდვილად გაამართლეს მოლოდინები. რაც შეეხება ახლებს, ვფიქრობ, რომ წინ ხუთი ძალიან საინტერესო, ჟანრობრივად ერთმანეთისგან განსხვავებული წიგნი გველის. ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ახალგაზრდა ქართველი მწერლების მიმართ ინტერესი. ამ კონკურსშიც უამრავი ადამიანი იყო ჩართული და საკუთარ ფავორიტს გულშემატკივრობდა. მინდა წარმატებები ვუსურვო ხუთივე ავტორს და მადლობა ვუთხრა გამომცემლობა „პალიტრა L"-ს იმისთვის, რომ შანსს აძლევს ახალ, დამწყებ მწერლებს, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს უგემრიელესი ღვინო დახვდათ. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ, 20%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ წიგნები: თათული ღვინიანიძის - „აღიარება ხელისგულზე“, ია კარგარეთელის - „სხვა უდაბნოს საიდუმლო“, ელის დოჯსონის - „რაფლეზია“ და შორენა ხუხუას - „შემოვალ ეტლით“.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ მწერლები: დათო ტურაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლუკა ბაქანიძე ლიტერატურათმცოდნე - რამაზ ჭილაია, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.
რამაზ ჭილაია:
- პირველ ჯერზეც და მეორე ჯერზეც, შეიძლება ცოტა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ იმ ტექსტებს, რომლებსაც თვალი დავადგი, ორივე გამარჯვებული გახდა. ერთი დასტამბულია და მეორე ახლა ელის დასტამბვას.
იაგო თვალაბეიშვილი:
- წიგნი, რომელიც წარვადგინე კონკურსზე, გახლავთ „ტრანსმუტაცია“ და იგი გამოიცემა 20 დეკემბრისთვის და იმედი მაქვს, რომ იმ მოლოდინებს გაამართლებს, რა მოლოდინებიც ერთი მხრივ მე მაქვს და მეორე მხრივ - ჟიურის წევრებს და ალბათ, გამომცემლობასაც ჰქონდა.
ნათია ჯაგოდნიშვილი:
- გუშინდელი საღამო ძალიან დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყო ჩემთვის. შევხვდით ჩვენს მკითხველებს, დავაანონსეთ პრეზენტაცია და ვისაუბრეთ ჩვენს წიგნებზე. "ცდუნებას" ჩემი მკითხველი 20 დეკემბერს გაიცნობს. ეს ისტორიაა გოგოზე, რომელსაც მუდმივად უწევს რთული არჩევანის წინაშე დგომა და საკუთარ შინაგან მესთან დაპირისპირება. უწევს გაარკვიოს, რა სურს სინამდვილეში. მე სწორედ მკითხველის მხარდაჭერის შედეგად გავხდი გამარჯვებული და წიგნიც მათთვისაა. ხალხისთვის, რომელსაც მაშინაც კი სჯეროდა ჩემი, როცა მე იმედს ვკარგავდი.
ნიკოლოზ ტოტოღაშვილი:
- შესანიშნავი საღამო იყო შესანიშნავ ადამიანებთან ერთად, ახალი გამოწვევებით და ემოციებით დატვირთული, რაც თავისებურად სასიამოვნო მოლოდინს აჩენს. ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც გრძნობ მკითხველის სიყვარულს და მეგობრების მხარდაჭერას. მჯერა, მათი დახმარებით ჩემი წიგნი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ამ ერთ დიდ ოჯახში.
გვანცა გუბელაძე:
- ჩემი წიგნი „შულამელი გოგონები“ - ეს არის ისტორია ორ სხვადასხვა პერიოდში მცხოვრებ გოგოზე. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ წიგნს აჩუქა აწმყო, წარსული და მომავალი.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი 2018 წლის მარტში დაიწყო. გამარჯვებულ ავტორებს კი მენტორობა ქართველმა მწერლებმა: გიორგი კეკელიძემ, თამრი ფხაკაძემ, დიანა ანფიმიადმა, თეა ინასარიძემ და სალომე ბენიძემ გაუწიეს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>