2018 წლის 13 სექტემბერს, 5 საათზე, თბილისში, რესტორან „ეზოში“ სოციალური კამპანიის - „თანასწორობა გვჭირდება“, მეორე ფაზა წარადგინეს.
ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის საელჩო. კამპანია საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.
მონაწილეები საინტერესო პერფორმანსში ჩაერთნენ, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების კუთხით არსებულ უხილავ წინაღობებს წარმოაჩენდა.
მონაწილეებისა და სტუმრების წინაშე მისალმებით წარდგნენ: ულრიკ თიდესტრომი - იგი შვედეთის ელჩია საქართველოსა და სომხეთში.
მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში. ირინე ფრუიძე - რომელიც საქართველოს პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრია.
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც ესწრებოდნენ. ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
სოციალურმა კამპანიამ 2017 წელს აიღო სათავე და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის ინტენსივობის გაზრდას ემსახურებოდა.
მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ორიენტირი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზეა გადატანილი.
კამპანიის მიზანია პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების დაბალი ჩართულობის მიღმა არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ თუ სხვა სახის მიზეზებზე მსჯელობა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობა.
ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს.
სოციალური კამპანიის ინიციატორები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.