კონკურს "გახდი ბესტსელერის ავტორის" წესები და პირობები ცნობილია
კონკურს "გახდი ბესტსელერის ავტორის" წესები და პირობები ცნობილია
კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, განაცხადების მიღებას იწყებს.

ყველას, ვისაც წერა უყვარს, ფიქრობს, რომ კარგად გამოსდის, საკუთარ წიგნსა და წარმატებულ სამწერლობო კარიერაზე ოცნებობს, ეძლევა შანსი, ეს ოცნება რეალობად აქციოს.

პროექტი უკვე მეორე წელია ხორციელდება. პირველი სეზონის გამარჯვებულები თათული ღვინიანიძე, შორენა
ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი გახდნენ. მას შემდეგ მათი რომანები ფართო საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა. ჰქონდათ წიგნების დიდი პრეზენტაციები, მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ტელე და რადიოგადაცემაში, მონაწილეობას იღებდნენ „ბიბლუსის ლიტერატურულ ტურნეში“ და სხვა.

ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს.

წარმოგიდგენთ სრულ წესებსა და პირობებს, რომლებიც კონკურსის ორგანიზატორებმა მოგვაწოდეს.

წესები და პირობები:

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია (ეს შეიძლება იყოს დეტექტივი, ფენტეზი თუ სხვა). კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან;

კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები;

კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.); ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით;

კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);

საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი);

ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორება − სტანდარტული (Multiple)

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ 15 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge

ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს ავტომატურ შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.

გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

კონკურსზე არ განიხილება:

• რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადი

• ნაწარმოები, რომელიც მონაწილეობდა კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017"

• არასრულყოფილი განაცხადი

• ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტი

• ტექსტი, რომელშიც გამოიკვეთება პლაგიატი

• თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოები

• გადამუშავებული ნაწარმოები

• შედგენილი ნაწარმოები

• თარგმანი

საკონკურსოდ დაიშვება და სპეციალურ ვებგვერდზე (http://www.palitral.ge/literaturuli-konkursi) განთავსდება ორიგინალური, ენობრივად და სტილისტურად გამართული ნაწარმოებები, რომლებიც არ შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება საიტზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემა 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით.

გამომცემლობა იტოვებს უფლებას, კონკურსიდან მოხსნას კონკურსანტი, თუ პლაგიატის ნიშნები გამოვლინდება შემდგომ ეტაპზე ან/და თუ რომელიმე მესამე პირი წარმოადგენს დასაბუთებულ/კანონიერ პრეტენზიას კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოების მიმართ. ამასთან, ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებელი იქნება კონკურსანტი.

შენიშვნა: ხმების გაყალბების ან გაყალბების მცდელობის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

ხმის მიცემის პროცედურა

ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს "SMS კოდის მიღება". მაქსიმუმ ერთ წუთში მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.* თუ მომხმარებელი ერთი წუთის განმავლობაში ვერ მიიღებს SMS კოდს, ის უნდა დაუკავშირდეს გამომცემლობას ნომერზე (032) 2 38 38 71; 595 99 99 72* თუ SMS კოდის გამოყენება არ ან ვერ მოხდება მომენტალურად, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სხვა დროს იმავე კონკურსანტისთვის (კონკურსით გათვალისწინებული ვადის პირობებში)*

ხმის მიცემის პროცედურა უფასოა

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ კონკურსის თითოეულ ტურში.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.

ხმები მიიღება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებული მობილური პროვაიდერების ნომრებიდან.

I ტური

კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყება 15 მარტს.

საკონკურსო ნაწარმოებების შემოტანის ბოლო ვადაა 15 აპრილი.

I ტურის შედეგად გამოვლინდება 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობით, მკითხველის რჩეული გახდება, 10-ს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

II ტური

მეორე ტურში გადასულმა კონკურსანტებმა 21 მაისიდან 5 ივნისამდე კონკურსის ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:

• I ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების გაგრძელება – 60-80 გვერდამდე, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორება − სტანდარტული (Multiple)

• ნაწარმოების დეტალური აღწერა (Word დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე).

8 ივნისს ნაწარმოებების გაგრძელებები გამოქვეყნდება კონკურსის საიტზე, პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.

8-25 ივნისი – მკითხველი ხმას აძლევს სასურველ ნაწარმოებებს

26 ივნისს გამოცხადდება 5 გამარჯვებული. 3 მკითხველის რჩეული გახდება, 2 − ჟიურის.

შენიშვნა: გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.

R
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ვიდეო სიახლეები
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი