თანამედროვე ქართველი მწერლების ლიტერატურა საინტერესო და მრავალფეროვანია. გამორჩეულები და ქარიზმატულები არიან ბოლო დროის ბესტსელერების ავტორებიც:
ჟურნალისტი და ბლოგერი თეა ინასარიძე ბავშვობიდან "წერას აყოლილი" გოგონაა, რომელმაც წერა ლამფის შუქით განათებულ 90-იანებში დაიწყო. მისი წიგნი "გათხოვილის დღიური" კი წლის ბესტსელერია, რომელმაც ყველა ასაკის მკითხველის გულში მარტივად შეაღწია. წიგნის ისტორიაც ისეთივე საინტერესოა, როგორც თავად წიგნში აღწერილი ამბავი. იგი თავიდან ინტერნეტსივრცეში ეპიზოდებად, ფსევდონიმით ქვეყნდებოდა და წარმოუდგენელი რეიტინგით სარგებლობდა, თუმცა, როგორც თეა იხსენებს, ნაწარმოების ასეთ პოპულარობას არ ელოდა. მკითხველები კი თანხმდებიან იმაზე, რომ ერთი შეხედვით მარტივი და სახალისო თხრობის სტილის მიღმა უზომოდ დიდი ემოციებია დამალული, რომელიც ყველა ქალს განუცდია.
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი რეჟისორისა და სცენარისტის, გურამ მაცხონაშვილის პირველი სადებიუტო წიგნის - "გლდანი [შეუძლებელი რომანი]" პრეზენტაცია ახლახან გაიმართა, თუმცა მან საზოგადოების ყურადღების მიპყრობა უკვე მოასწრო და მკითხველის განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა. ნაწარმოებში გლდანი – დროში გაყინული საბჭოთა ურბანული ექსპერიმენტი – ამ წიგნში უჩვეულო ადგილად იქცევა, ადგილად, სადაც ლანა, მარტოხელა დედა, ერთადერთ შვილს აჩენს და ყველასგან განცალკევებით ზრდის.
თეატრის მოყვარულები ახალგაზრდა რეჟისორის უჩვეულო თხრობის სტილს და პროტესტის გამოხატვის ფორმებს უკვე იცნობენ. ის პირველია, რომელმაც თოჯინების თეატრში +16 და +18 ასაკის მაყურებელზე გათვლილი სპექტაკლები, "ვიდრე უფლისწული თავს მოიკლავს" და "გათვლა" დადგა. ამ უკანასკნელი პროექტისთვის რეჟისორმა წინანდლის პრემია მოიპოვა.
ეკატერინე ტოგონიძემ ჟურნალისტიკიდან სამწერლო ასპარეზზე გადაინაცვლა. როგორც "მოამბის" ყოფილი წამყვანი" ამბობს, ახლა საკუთარ სათქმელს უფრო თამამად გამოხატავს. ეკატერინეს კრებული ”ანესთეზია” განსხვავებული თემატიკის ოთხ მოთხრობას აერთიანებს. აქედან ორი პრემირებულია. ”სხვა გზა” ითარგმნა გერმანულ ენაზე და შევიდა ქალთა გერმანულ ანთოლოგიაში, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ფრანკფურტში გამოიცა.
ჟურნალისტი და მწერალი ბექა ადამაშვილი ცნობილი 2014 წელს პირველივე სატირული რომანით, "ბესტსელერით" გახდა. მისი თქმით, ეს არის "სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაც გამოგვრჩა" ჟანრის რომანი ლიტერატურაზე, ლიტერატურულ კლიშეებზე, ცნობილ მწერლებზე, არანაკლებ ცნობილ პერსონაჟებზე, და ყველაფერ იმაზე, რაც წიგნებში სასიამოვნო ემოციებს გიშლით, ან უბრალოდ - ნერვებს.
2013 წელს ბექა ადამაშვილმა მონაწილეობა მიიღო "შემოდგომის ლეგენდის" ლიტერატურულ კონკურსში, სადაც დაწერილმა მოთხრობამ "XXVIII: წერტილი", პირველი ჯილდოც მოუტანა. მისი სხვადასხვა მოთხრობა გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალებში, მათ შორის, "ცისკარსა" და "ანეულში". მოთხრობა "წვიმის წვეთი" კი ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოში შევიდა.
პროფესიით ჟურნალისტია თეონა დოლენჯაშვილიც. ის ლიტერატურული პრემია "საბას" ორგზის გამარჯვებულია. 2009 წელს თეონას "მემფისი" საუკეთესო რომანად აღიარეს, როგორც ლიტორატორებმა, ისე ფართო საზოგადოებამ. რეზონანსული წიგნი მალევე იტალიურადაც ითარგმნა.
მარიამ ელიაშვილი