წიგნი, რომელიც დაიწერა იმისთვის, რომ ბესტსელერი გახდეს, მკითხველის მოლოდინშია.
დიდი ლიტერატურული კონკურსის, ”გახდი ბესტსელერის ავტორის” ერთ-ერთი გამარჯვებულის, შორენა ხუხუას რომანის - ”შემოვალ ეტლით” პრეზენტაცია 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ”ბიბლუსი გალერეაში” (ჭავჭავაძის #7) გაიმართება.
”პალიტრა L-ის” მიერ გამოცემული წიგნის გარეკანი საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გააფორმა. პრეზენტაციაზე წიგნს წარადგენენ მწერალი და კონკურსის ფარგლებში შორენა ხუხუას მენტორი თეონა დოლენჯაშვილი და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.
წიგნი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირის საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხება, ავტორმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა.
”ვარ შეუჩერებელი, ჯიუტი, პრინციპული. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი და ამიტომ სიცელქესაც მპატიობდნენ. 2009 წელს მომხდარმა ფაქტმა კი ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა. სახლში მივიჩქაროდი ჩემს შვილთან, რომ მუსიკაზე წამეყვანა. მაგვიანდებოდა, მაგრამ მას დავპირდი, რომ არ ენერვიულა და აუცილებლად მივიდოდი... თუმცა მე იმ დღეს ვერ მივედი. ჩემი სამყარო შეიცვალა და ხედვა დავიწყე ქვემოდან ზემოთ. მთელი ქვეყანა ზემოდან გიყურებს, ამ სიტყვის გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა სიბრალულით გექცევა, რაც ყველაზე უფრო მტკივნეულია. ყოველდღე საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცო, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება. ეს ჯერ საკუთარ თავთან უნდა შეძლო და მერე საზოგადოებაშიც გააკეთებ. ჩემი წიგნი არის პოზიტივი ყველა ადამიანისთვის, ძლიერისთვის, რომ თავისი ძლიერება გაიხსენოს, სუსტისთვის - გაძლიერდეს, ეტლით მოსარგებლისთვის - კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ ის მარტო არ არის და ეტლში ჯდომა სამყაროს დასასრული არაა. მე ვფიქრობ, ჩემს წიგნს ეყოლება მკითხველი ყველა ასაკში და არა მხოლოდ საქართველოში”, - ამბობს კონკურსის გამარჯვებული შორენა ხუხუა, რომელიც გარკვეული პერიოდი ეტლით მოსარგებლე იყო.
რაც შეეხება კონკურსს, ”გახდი ბესტსელერის ავტორი”, ის გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსი მარტში დაიწყო და სამი თვე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, შეეფასებინა კონკურსანტების შემოქმედება და საკუთარი პოზიცია გამომცემლობის ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოეხატა. ხალხთან ერთად, ნამუშევრები ობიექტურმა და კვალიფიციურმა ჟიურიმაც შეაფასა. ჟიურის წევრები იყვნენ: ლევან ბერძენიშვილი - ლიტერატურათმცოდნე, ზაალ ჩხეიძე - ლიტერატურათმცოდნე, მარიკა დარჩია - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ივანე ამირხანაშვილი - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, რამაზ ჭილაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
წესების მიხედვით, 300-მდე შემოსული ნამუშევრიდან გამარჯვებული ხუთი კონკურსანტია: თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა და თორნიკე ზვიადაური ხალხის რჩეულები გახდნენ, ია კარგარეთელი და ელის დოდჯსონი კი ჟიურის ფავორიტებად დასახელდნენ.
”შემოვალ ეტლით” მეორე რომანია, რომელიც კონკურსის ფარგლებში გამოიცა. 31 ოქტომბერს კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულის, თათული ღვინიანიძის რომანის, "აღიარება ხელისგულზე" პრეზენტაცია გაიმართა. გამომცემლობა ”პალიტრა L” დანარჩენ 3 რომანსაც ეტაპობრივად გამოსცემს.