რუსულ მუსიკალურ შოუში Голос ბოლო წლებში ბევრი ქართველი მომღერალი გამოჩნდა და მსმენელის მოწონებაც დაიმსახურა.
2016 წლის "ახალ ხმაში" კი ქართველებისთვის უცნობი, წარმოშობით სოხუმელი თორნიკე კვიტატიანი გამოჩნდა, რომელმაც სიმღერაში ქართული ელემენტები შეიტანა და ბრმა კასტინგზე დიმა ბილანი და პოლინა გაგარინა შემოაბრუნა. 24 წლის მომღერალმა არჩევანი ბილანზე გააკეთა.
თორნიკე კვიტატიანი პროფესიონალი მომღერალი არ არის, ის მოჭიდავეა. როგორც მან AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, სიმღერით სულ რაღაც 5 წელია დაკავდა, მას შემდეგ, რაც ტრავმა მიიღო. ვინ არის თორნიკე კვიტატიანი, როგორ მოხვდა რუსულ "ახალ ხმაში", რა გეგმები აქვს - ამ თემებზე მომღერალი-სპორტსმენი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.
- მოგვიყევით თქვენზე, რამდენი ხანია რაც რუსეთში ცხოვრობთ?
- ომის დაწყების დღეს, 1992 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დავიბადე. სოხუმის აღების შემდეგ ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა. მშობლებს ეგონათ, რომ უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ ჩავრჩით რუსეთში. მოსკოვში მივედი ბაღში, სკოლაც აქ დავამთავრე, უნივერსიტეტიც. ვჭიდაობ რუსეთის ნაკრების სახელით. მოკლედ, დავრჩი რუსეთში.
- ქართულად ძალიან კარგად საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობთ...
- მშობლების დამსახურებაა. მე და ჩემი და ერთმანეთში თუ რუსულად ვსაუბრობდით, დედაჩემი ორივეს ტუჩებში გვირტყამდა, გვეჩხუბებოდა, ქართულად ისაუბრეთო. ასევე, ყოველ ზაფხულს სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 თვე არდადეგებს თბილისში ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდით. ამიტომაც მახსოვს კარგად ქართული ენა, თუმცა რუსული აქცენტი მაქვს.
- თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ, ვინ არიან მშობლები?
- მოსკოვში ჩამოსვლიდან ათი წლის შემდეგ, 2002 წელს მამა გარდამეცვალა და დავრჩით მე, დედაჩემი და ჩემი და. იმ დროს ათი წლის ვიყავი და პატარა ასაკიდან დედა გვზრდიდა, ჩენთვის დედაც იყო და მამაც. მუშაობდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა.
- სპორტსმენი ხართ, თავისუფალ ჭიდაობაში ჭიდაობთ. როდის დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა?
- 7 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაშიც და ჭიდაობაზეც ერთდროულად შევედი. სოხუმში მამაჩემი დადიოდა ჭიდაობაზე შოთა კიკაბიძესთან და ომის შემდეგ შოთაც რუსეთში წამოვიდა, სადაც "ცსკა"-ს მწვრთნელი გახდა. 7 წლის რომ გავხდი, მამამ მასთან მიმიყვანა და მას შემდეგ ვვარჯიშობ. 19 წლისა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გავხდი. მას შემდეგ პროფესიულ დონეზე ვვარჯიშობ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა წარმატებით დავამთავრე, აკადემიაშიც ვსწავლობდი, მაინც სპორტისკენ წავედი. თუმცა, როგორც კი პროფესიულ დონეზე დავიწყე ვარჯიში, ტრავმებმაც იმატა. ორი კვირის წინაც შეჯიბრი მქონდა და მკლავი ამომივარდა. ტრავმა მაქვს და ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვმღერი. გაგრძელება