- ძალიან ემოციურია! პატარა პრობლემაზეც კი ნერვიულობს და ისტერიკებში ვარდება. შიშზე ალერგია აქვს.
აი, ახლაც როგორ გასწითლებია და დაფუთქვია მაჯები, ხედავ? დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ მსუბუქი დარტყმის ბრალია და მეტი არაფრის? სისხლიც კი არსაიდან მოსდის. - ჩამესმის ნაწყვეტ- ნაწყვეტ ნაცნობი ხმა და ვიშმუშნები.
- ნუ ღელავ, გიორგი. სერიოზული არაფერია. უბრალოდ, გადაიღალა, შეშინდა, თავი მიარტყა. ამ ყველაფერმა თავისი ქნა და გონება დაკარგა. აი, უკვე გონს მოდის! - ჩემთან ახლოს მდგომი ვიღაც ამშვიდებს ნაცნობი ხმის პატრონს.
''გიორგი? სად ვარ?''- მიელვებს ახლა უკვე გამლღვალ, განათებულ გონებაში და თვალებდახუჭული ვეყრდნობი იდაყვებს.
- დაწექი, ძვირფასო! ყველაფერი კარგადაა! - ქალის ნაზი, ალერსიანი ხმა მიყვავებს და ისევ მადებინებს თავს რბილ, სასიამოვნო ქსოვილზე.
თვალებს ფრთხილად ვახელ. სინათლე სახეში მცემს. გვერდით ვტრიალდები და უკმაყოფილოდ ვაბრუნებ ტუჩებს. რამდენი ხანია, ასე პირდაპირ არ შევხვედრივარ მკვეთრ, გამომწვევ შუქს. ჩემ გვერდით შეშა ტკაცუნობს და თან სითბოს აფრქვევს. ან ბუხარია, ან მისი მსგავსი რამ. ახლა უკვე თამამად ვაფახულებ წამწამებს და მზერაც მეწმინდება.
- ელენიკა, გესმის ჩემი? - მხარზე ხელს სიფრთხილით მადებს გიორგი და მეც სინათლეზე თვალშეჩვეული ვტრიალდები მისკენ.
- სად ვართ? - ვეკითხები ორმოციოდე წლის ლამაზი ქალის დანახვაზე, რომლის სახეზე დანახული ნაოჭებიც მამცნობენ, რომ მთლად ახალგაზრდაც აღარ არის, მაგრამ ქალური ეშხი ჯერ კიდევ დიდი დოზით შერჩენია და ისედაც მკაფიო და მომხიბვლელი ნაკვთები აქვს.
- ჩემთან, ლამაზო.- გიორგის პასუხს არ აცდის ქალი და კეთილ ღიმილს მაშუქებს.- მე თინათე ვარ. აქ ნურაფრის შეგეშინდება. კაცი არ დადის სვანეთში, რომელიც თინათეს ზედმეტს გაუბედავს.
- გმადლობთ დახმარებისთვის, მაგრამ... მაგრამ მაინც არ ვიცი, აქ როგორ მოვხვდი! - საწოლის კუთხეში საწყლად ვიბუზები.
- მესმის, ძვირფასო, რომ დაბნეული ხარ. მე გავალ და ახალგაზრდებმა დაილაპარაკეთ. - ფეხზე დგება ქალი და საწოლთან მდგარი სკამიც თავისუფლდება.
თინათე რომ ოთახიდან გადის და კარსაც იხურავს, გიორგი სევდანარევი ღიმილით ჯდება სკამზე და ხელზე ხელს მკიდებს.
- მაგარი ქალია თინათე! გაიცნობ და ნახავ! - ამბობს და ბუხარში აგიზგიზებულ, ატყვარცალებულ ცეცხლს უსწორებს თვალს.
- გავიცნობ? გიორგი, ვერაფერს ვხვდები. - მამაკაცთან მარტო დარჩენილი შედარებით ვშინაურდები ამ უცხო გარემოში და ხელებსაც საბნიდან ვყოფ.
- მედალიონი მე მაქვს. - ისე მოულოდნელად მიცხადებს, რომ მეჩვენება, თითქოს ბუხრიდან ცეცხლი ვარდება და სხეულზე მეკიდება.
- რა? კი მაგრამ... ეს როგორ? - თვალები შუბლსაც კი სცდება გაოგნებისგან.
- ჯორჯის მანქანა რომ დავინახე, წამოვეწიე. ერთადერთი გზა იყო მისი შეჩერების ამ საშინელ გზებზე, უნდა შევჯახებოდი. შევეცადე, შეჯახება მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, შენი გაფრთხილება ვერ მოვახერხე. ეტყობა, მოდუნებული იყავი და თავით წინ მიასკდი. - წვრილმანებში აღწერს იმ წუთებს გიორგი. - მე პირდაპირ მანქანიდან გადავხტი და ჯორჯს კარი გამოვუღე. მოკლედ, იმ არეულობაში ლამის თავისი ხელით მომაჩეჩა მედალიონი. ორნი იყვნენ. ეგ და მძღოლი. ჯორჯი კი გადმოვაგდე მანქანიდან, მაგრამ მედალიონი რომ ჩემს ხელში აღმოჩნდა, ყურადღება ვეღარ მივაქციე. მძღოლმა მანქანაში შეტენა და წავიდნენ. მისი მანქანა საკმარისად არ დაზიანდა, რადგან ძალიან ძვირფასი იყო. სამაგიეროდ, ჩემი შეილახა გვარიანად. შენ გულწასული იყავი. წამით კი მოგასულიერე, მაგრამ მერე ისევ... სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და აქ წამოგიყვანე.
- მოიცა, მოიცა, ანუ მედალიონი მართლა შენ გაქვს? - ვაზუსტებ მაინც.
- ასეა, ჰო. ეს მედალიონი ჯიბით სატარებელი არაა. დროებით ისეთ ადგილას შევინახე, სადაც ვერავინ მიაგნებს. თინათე ამ ამბავში არ უნდა გავხვიოთ. როგორც კი მომჯობინდები, თბილისში წავიდეთ. ჯორჯი ასე ადვილად რომ არ დანებდება, ვიცი. ბოლოს და ბოლოს, შეუძლია ფათერაკებში გაგვხვიოს მაგის ძალაუფლებისა და სიმდიდრის მქონეს.
- ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ თინათე ვინ არის? - მინდა, რომ ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი. ამიტომ დროს არ ვკარგავ.
- თინათე ჩემი ოჯახის მეგობარია. სვანეთში რომ ჩამოვდიოდით, სულ მას ვსტუმრობდით. ბევრი კარგი მახსოვს მისგან. მაგისი ქმრის, ბათქილი ბიძიას სახელი აქ ყველამ იცის. - სიამაყით ახსენებს თინათეს მეუღლის უცნაურ სახელს გიორგი.
- თინათე ქვრივია?
გიორგი თავს მიქნევს. სიამაყე სახეზე ერეცხება და მის ადგილს ტკივილი იკავებს.
- მახსოვს, ბავშვობაში როგორ შემსვამდა ხოლმე ცხენზე და აქეთ-იქით დამატარებდა. ისე მექცეოდა, როგორც თანატოლს. სვანურ სიტყვებს მასწავლიდა და კიდევ აქაურ ტრადიციებს. შენ არ იცი, როგორ მიყვარდა თინათეს გაკეთებული მსხლის ფაფა, ზისხორა ხომ საერთოდ. - ღიმილით იხსენებს ის.
- მოგონებები არასდროს იცვლიან გემოს, არც მჟავდებიან და არც სურნელს კარგავენ. - საჭმელთან ვაიგივებ მოგონებებს მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ.
სწორედ ამ დროს კარზე აკაკუნებენ. თინათეს ხმა ყრუდ ისმის ოთახში:
- გიორგი, ჰკითხე მაგ გოგოს, სვანური საჭმელები თუ გაუსინჯავს?
თინათე მართლაც საოცარი ქალი აღმოჩნდა. იმის კითხვა არ დამჭირვებია, იცოდა თუ არა პელოს შესახებ. თუ ოჯახებით ასე ახლოს იყვნენ, ყველა შემთხვევაში საქმის კურსში იქნებოდა, მაგრმ ერთი სიტყვა არ დაუძრავს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვიყავი და აქ გიორგისთან ერთად რა მინდოდა. უხერხულობის შეგრძნება ვერაფრით მოვიშორე. სულ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა სტატუსს მომანიჭებდა თავის გონებაში ეს მშვენიერი, კდემამოსილი და სათნო ქალი, მაგრამ ბოლო პასუხამდე მაინც ვერ მივედი.
ქალი ბევრს არ ლაპარაკობდა. სუფრა გაგვიშალა და მაგიდაზე მადისაღმძვრელი კერძები დაალაგა. მე და გიორგი პირველყოფილებივით ვეცით საჭმელს. უკვე სრული დღე-ღამე სრულდებოდა, რაც არაფერი გვეჭამა. იმის გახსენებაზე, თუ რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვედი, დედის შეშფოთებული, განაცრისფრებული სახე მიდგება თვალწინ და უზომო კმაყოფილებას ვგრძნობ იმის გამო, წამოსვლის წინ რომ ვუთხარი, ჩემმა ახალმა მეგობარმა ბაკურიანში დამპატიჟა და სამ დღეში ჩამოვალ-მეთქი. კი გაუკვირდა და შეწინააღმდეგებაც სცადა, მაგრამ მისთვის ყური აღარ დამიგდია, ისე ჩავაბრუნე მობილური ჯიბეში.
- აქ მობილური არ იჭერს, ხომ? - ვეკითხები ქალს მაშინ, გიორგის ჩემი ზურგჩანთა რომ შემოაქვს სახლში.
- რას ამბობ, რა მობილური! - ისეთი გამომეტყველებით იცხადებს თინათე, რომ ვრწმუნდები, აქ მცხოვრებლებს ამაზე არც კი უოცნებიათ. - მთელ გარესამყაროს მოწყვეტილები ვართ, მაგრამ აქაურობას მაინც არაფერი ჯობია. ჯერ მარტო მზის ამოსვლაა ულამაზესი სანახავი!
- სვანეთში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო! ახლა აქ ვარ და თითქოს... თითქოს რაღაც დამაკლდა. - მოწყენით აღვნიშნავ.
- რა დაგაკლდა, ლამაზო? ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს ამქვეყნად, ნეტავ? - მკრეხელურად კი გამოსდის, მაგრამ თავისი კუთხის სიყვარულის გამო ესეც კი ეპატიება ადამიანს.
- აქ კი არა, მე თვითონ ვგრძნობ თავს დაცარიელებულად. აქამდე ოცნება არასდროს ამხდენია! არა, განა ცუდი ცხოვრება მაქვს ან რამე... არა, უბრალოდ არ არის ეს ცხოვრება ისეთი, როგორსაც ვნატრობდი! აი, მაგალითად, ბავშვობაში მინდოდა მამა დაბრუნებულიყო, მაგრამ არ დაბრუნდა; მერე ექიმობაზე დავიწყე ოცნება, ვერც ექიმი გამოვედი; რაშზე ამხედრებულ უფლისწულს ველოდი და ვერც მას შევხვდი... მაგრამ ბავშვობაშიც, მოზარდობაშიც და სტუდენტობის დროსაც სულ მინდოდა სვანეთში! ახლა კი მგონია, რომ გამოვიფიტე... არ ვიცი, რატომ.
- ოცნება ერთგვარი ჟინია, ძვირფასო, ერთგვარი აკვიატება, - ღიმილი ურხევს ტუჩებს ქალს. - ელოდები, იბრძვი, გსურს, ეს წუთი გიდგას მუდამ თვალწინ... მერე ყველაფერი მართლაც ხდება და კარგავ იმ ყვითელ წერტილს, რომლისკენაც მიდიოდი. წინ ვეღარაფერს ხედავ, რაზეც უნდა იფიქრო ძილის წინ. თან სიმსუბუქეს გრძნობ, მაგრამ მერე ხვდები, რომ ის სიმძიმე, ის სევდა გენატრება. ის სიტყვები გენატრება, ნეტავ, როდის მოვხვდები სვანეთშიო. ოცნება თითქოს შენი ნაწილი ხდება, შენი მეორე მე. სვანეთის მთები და ქედები რომ დაინახე, ხომ გაგიხარდა, არა? ნატვრის ასრულებით გამოწვეული სიხარული კი ბუშტს ჰგავს, რომელიც ჯერ ძალიან, ძალიან იბერება, მერე კი სკდება!
მისი ნათქვამი მაფიქრებს და ზუსტი კანონზომიერებით მივლის თვალწინ თითოეული მოვლენა. დრო, როდესაც ვოცნებობდი, როდესაც სვანეთის მთებმა შემომღიმეს, როცა გული სიხარულით ამევსო და მერე ერთიანად დავიჩუტე. გიორგი თინათეს უკან დგას და მიღიმის.
''მაგარი ქალია თინათე! გაიცნობ და ნახავ!'' - ვკითხულობ მის თვალებში და მეც ისეთივე დარწმუნებული ვპასუხობ:
''მართალი ხარ, გიორგი! თინათე ძალიან, ძალიან კარგი ქალია!''
ძილში მამა მესიზმრება. პირველად ამდენი წლის შემდეგ. ჩემკენ ხელებს იწვდენს, მაგრამ მე უკან ვიხევ. ვუყვირი, მეზიზღები-მეთქი და გამოვრბივარ. უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის. ხელზე ვიღაც მეხება. ვკივი და კვლავ გავრბივარ. არ ვიცი, რატომ არ მინდა მამისთვის თვალებში შეხედვა. ის ხომ ჩემთან მოვიდა, მოვენატრე და ამიტომ.
- დავიჭირე, ვახტანგ! - ისმის სიბნელიდან ვიღაცის გესლიანი ხმა და ვგრძნობ, როგორ ვიჭყლიტები ღონიერ მკლავებში.
- გამიშვი, საზიზღარო! გამიშვი! გამიშვი! - გაუჩერებლად ვუყვირი და ვიკბინები.
- ელენიკა, ელენიკა! - სადღაც შორიდან მწვდებიან თბილი ხელები, მაგრამ შეშინებული მათ მოშორებასაც მთელი ძალით ვცდილობ.
- ელენიკა, გამოფხიზლდი! სიზმარი იყო! გაიღვიძე! - თავს მაწევინებს ისევ ის თბილხელებიანი.
თვალებს ვახელ და გიორგის ვხედავ. უკან ვიხედები იმის შიშით, რომ იქ მამაჩემს ან იმ გესლიანხმიანს დავინახავ და მერე დამშვიდებული ვეკრობი მამაკაცს.
- რა ნახე სიზმარში ასეთი, მთელი სვანეთი რომ აიკელი? - ღიმილი ეპარება გიორგის.
მის კითხვას უპასუხოდ ვტოვებ, გვერდს ვიქცევ და საბანს კისრამდე ვიფარებ.
გაგრძელება იქნება შაბათს