ჩემს დაგუბებულ ყურთასმენას უეცრად რაღაც ხმა წვდება. არ ვინძრევი. მგონია მეჩვენება, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ აღარავინ მეხება, ძალიან რეალურია.
თვალებს ვახელ და ჩემს სიახლოვეს უჩვეულო გორგალს ვხედავ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გადავრჩი. სხვა აღარაფერი მაინტერესებს. არც ის, თუ რა ხდება ჩემ გვერდით ამ მომენტში. წინ წრეებს ვხედავ და მალე ეს წრეები სიბნელეს ქმნიან. ვხვდები, რომ გონებას ვგარგავ და წამოჯდომას ვცდილობ. არ მინდა თუნდაც კიდევ რამდენიმე წუთი ვიწვე იმ ბინძურ ადგილას, სადაც ხელებს მიფათურებდნენ.
გვერდით შეძლებისდაგვარად ვტრიალდები. წელთან ჩხვლეტას ვგრძნობ. ხელით ვსინჯავ და ჩემი დაბინდული გონება იმის აღქმას ახერხებს, რომ ეს მედალიონია. ჯიბეში ვიჩურთავ და ზურგით იმ მანქანას ვეყრდნობი, რომელთანაც ვეგდე.
გორგალი ახლა ორადაა გაყოფილი, ორ ადამიანად. ერთი, რომელიც დაბლა გდია, მოძალადეს ჰგავს, მეორე კი აზრზე არ ვარ, ვინ არის. ზუსტად მაშინ, როცა ვიაზრებ, რომ ჩემი მხსნელის ვინაობის გაგება მინდა, ის დაბლა დაგდებულს შორდება და ჩემთან იჩოქებს.
-კარგად ხარ? -მეკითხება და ნატკენ ლოყაზე ხელს ნაზად მისვამს.
-გიორგი?
-ჰო, გიორგი... -ცალყბად იღიმის ის. - ახლა ხვდები, რატომ დაგყვები უკან? ამხელა ქალს ჭკუა სულ არ გაქვს?
-არა. - ვპასუხობ და ტირილი მიტყდება.
-ნუ ტირი. შენთან ვარ. - თავს გულზე მადებინებს და ხელში მიტაცებს. უკან ვიწევი. მკლავებზე ხელებს რომ მიჭერს, მტკივა, მაგრამ ახლა ეს არაა მიზეზი.
-ასე არ მინდა. - ვჩურჩულებ. - დამსვი.
არაფერს მპასუხობს. არც იმას მეკითხება, საით უნდა წავიდეო. ეს გზაც შეუსწავლია. ახლა იმაზე მეტად ვტირი, ვიდრე მაშინ, როცა არ ვიცოდი, რა მელოდა წინ. მტკივა ის, რაც მოხდა. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ გიორგიმ გადამარჩინა. მან მნახა ასეთ მდგომარეობაში. სირცხვილი ყველა მხრიდან მაწყდება, მაპატარავებს, მჩუტავს.
-პელოს კანის სურნელი გაქვს... მისნაირი სრიალა თმები. - მოულოდნელად ამბობს და თავს გვერდით მაგდებინებს.
-პელოს ჰქონდა ჩემი სურნელი. - ჯიუტად ვპასუხობ.
-გეხვეწები, ნუ ლაპარაკობ... - მშვიდად მიიწევს უკვე გამოჩენილი ჩემი კორპუსისკენ.
-რატომ? პელოსნაირი ხმა არ მაქვს და ის რომ გეგონო? - ვკვნესი ცალკე სულიერი და ცალე ფიზიკური ტკივილებისგან.
ჩუმადაა.
-ღმერთო, ასეა? - ვქსუტუნებ. - ხელი გამიშვი! მე თვითონაც ავალ კიბეებზე!
მხრებს ვიქნევ, მაგრამ ის მაინც არ მიშვებს.
-ელენიკა, ნუ ჯიუტობ! - მკაცრი ხდება ის.
-ჰო, მე ელენიკა ვარ და არა პელო! - ურჩად ვიმეორებ.
-ჰო, აი, ეს შენი სახლია და არა პელოსი. - სიცილში მიტარებს გიორგი.
-მარტო ამიტომ არა! - ვანჩხლდები.
-გასაღები სად გაქვს?
-ჩანთაში. - მაჯაზე ვანიშნებ.
ახლა კი უთქმელად მსვამს და ჩემს ჩანთაში თავისუფლად ყოფს ხელს. მამშვიდებს ის ფაქტი, რომ მედალიონი ჯიბეში მიდევს და ვერ ნახავს. მერე ის მახსენდება, რომ მის ცოლზე ისეთი საიდუმლო გავიგე, მან რომ არ იცის და სინდისი მქენჯნის.
-მოიცა, შენ რა... ჩემთან შემოსვლას აპირებ? - სახლში შემოსულს რომ ვხედავ, კაპასად ვეკითხები.
-ისე, რა ღირსი იყავი, რომ გადაგარჩინე? - ხუმრობს და კარებს კეტავს. - წამოდი, დაწექი, მე ჩაის მოგიდუღებ.
ვემორჩილები და საძინებლისკენ მივყვები. ერთი წამითაც არ ვდარდობ იმაზე, რომ შეიძლება გიორგის კვლავ აერიოს გონება და მეც ვერ შევეწინაამღდეგო. ლოგინში ვწვები და თავს ბალიშზე ვდებ. საოცარი სიმშვიდე მეუფლება. ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი! აი, რატომ უნდა ვიგრძნოთ ტკივილი, რომ მისი გაქრობის შემდეგ შვება და ბედნიერება განვიცადოთ. ბოლომდე მაშინ ვიგებ იმის გემოს, რომ გადავრჩი, გიორგი რომ შემოდის. დაღლილი სახე აქვს. სინათლეზე ვატყობ, რომ ტუჩი გახეთქვია და შუბლიც გაწითლებული აქვს. ვნანობ ყველაფერ ცუდს, რაც მას ვუთხარი. ფეხებს ვიკეცავ, საწოლის ბოლოში ჩამოჯდომა რომ შეძლოს. ჩაი თავისთვისაც მოუდუღებია. როგორც ჩანს, ჯერ წასვლას არ აპირებს. მიხარია. სახლში მარტო დარჩენა არ მინდა ნატკენ ადგილებთან, გახეულ ქურთუკთან და მედალიონთან ერთად.
- გიორგი, მადლობა! არ ვიცი, რა მოხდებოდა, შენ რომ არ მოსულიყავი... ალბათ თავს მოვიკლავდი! - ხმა მითრთოლდება.
-დაწყნარდი, კარგი? - სიმშვიდეს არ ღალატობს ის.
-დარჩები ამ ღამით? - ვეკითხები და სახე მელეწება.
-არ გეშინია, რომ...
-არა! მარტოობის უფრო მეშინია! - ვაწყვეტინებ, მისკენ ვიჩოჩებ და თავს მუხლებზე ვუდებ.
ჩემი თავი მევე მძულს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ახლა ყველაზე მეტად გიორგისთან სიახლოვე მინდა. მისი სითბო და ძლიერი ხელები მჭირდება. ვენდობი. ისე ვენდობი, თითქოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობდე, მაგრამ ვიცი, იმას არ გააკეთებს, რაც არ მინდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პელოს არ მოექცეოდა ასე.
ამ ღამით თანახმა ვარ, რომ პელო ვიყო... ოღონდ კი ჩემთან დარჩეს! ოღონც კი არ მიმატოვოს!
ღამის ბინდი ზარმაცად იცრიცება ჩემს ფანჯრებთან. გიორგის სძინავს. ისეთი უცოდველი სახე აქვს, გეგონება ანგელოზი იყოს. ადამიანები ძილში ყველაზე კეთილები, ლამაზები და უმწკივლოები ვართ. არ გვაწუხებს არანაირი ბოროტული, გარყვნილური აზრები, არ გვეშინია არაფრის და ვერც ცოდვას ჩავდივართ. თითქოს არსებობს რაღაც ზღვარი და ორი სამყარო, ძილამდე და ძილის შემდეგ. რაღაც იმის მსგავსი, ფიონა რომ მზის ჩასვლამდე მშვენიერი მზთუნახავი იყო და მზის ჩასვლის შემდეგ მწვანე ურჩხულად იქცეოდა ხოლმე. ნეტავ, რატომ არის ნათქვამი, რომ ცხოვრება რთულია? მგონია, რომ ეს ფრაზა პირდაპირ იზიდავს უსიამოვნებებს. ქუჩაში ელენიკას ვინმეს თუ ახსენებს, მისკენ ვიხედები, ალბათ სირთულეებიც ასე არიან... შეიძლება მათ არ ეძახოდნენ, მაგრამ ისინი მაინც იხედებიან ცხოვრებისკენ, ეს გამოხედვა კი საკმაოდ ძვირი გვიჯდება.
ფრთხილად ვიწევი და მამაკაცის სახის პირდაპირ ვიხრები. სულ ცოტაც და ჩემი ბაგეები მისას შეეხება, მაგრამ სწორედ ცოტაც და მე მასზე შეყვარებული ვიქნები. სანამ გვიანი არ არის, უკან უნდა დავიხიო. ვიდრე დინება არ ჩამითრევდეს, ნაპირზე უნდა გამოვიდე დაა იქ წავიდე, სადაც ვერასოდეს დამეწევა მჩქეფარე ტალღაა.
გიორგის წარბებს შორის ხაზი უჩნდება და ეს სიგნალია იმისა, რომ ჩემი ადგილი უნდა დავიკავო. საჩქაროდ ვხუჭავ თვალებს და თავს ვიმძინარებ. როცა სინათლეს ვიღაც ჩრდილავს და ეს ვიღაც, რაღა თქმა უნდა, გიორგია, ვხვდები, რომ თვალებში შუქის შემოჭყიტებაზე უარესი მისი უეცრად გაქრობა ყოფილა. მამაკაცი ისე დაჟინებით მიყურებს, რომ ამას თვალებდახუჭული განსაკუთრებით ვგრძნობ. ჯერ მარტო იმით შეიძლება ჩემი გამოჭერა, რომ მე უცოდველი კი არა, მეტისმეტად გადაწითლებული და აფორაჯებული სახე მექნება, ამიტომ თავის დასაზღვევად გვერდით ვტრიალდები.
-დიდხანს აპირებ მძინარე მზეთუნახავის როლის თამაშს? - ძილისგან შეცვლილი ხმით მეკითხება გიორგი და მეც ჩემს ნამდვილ მეს ვუბრუნდები.
-არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, მაგრამ შენ ნამდვილად არ ხარ ის უფლისწული, რომლის კოცნაც საუკუნო ძილისგან მიხსნის! - დაღლილი ღიმილით ვპასუხობ და საწოლის საზურგეს ვეყრდნობი. - იცი, ღამით ვფიქრობდი და...
-შენ არ იცი, რომ ღამით ფიქრი ძალიან უსარგებლოა და ყოველთვის არასასიამოვნო შედეგამდე მივყავართ? - თვალებს ატრიალებს მამაკაცი.
-არა, ხომ გესმის, რომ ასე ვერ ვიქნებით? ერთ დღეს მაინც მომიწევს ამის თქმა და შენ კიდევ ამის მოსმენა!
-ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი დღე მაინც და მაინც დღევანდელი შაბათი უნდა იყოს! -არ მეთანხმება ის.
-კარგი, მაშინ მოვიქცეთ ისე, თითქოს ჩვიდმეტი წლის შეყვარებულები ვართ, რომელთაც ყველაფერი წინ აქვთ და არაფერს კარგავენ იმით, რომ ცოტა გაერთონ.-ნერვიულად ვყვირი და მუხლებს ნიკაპზე ვიბჯენ. - შეუძლებელია ბოლომდე ასე გავქაჩოთ!
-და შენ რა ბოლოს ელი, ძალიან მაინტერესებს!
-იმ ბოლოს, რომელიც გარდაუვალია! ან მე წავალ და ან შენ... საბოლოოდ კი იცი, ვინ ვიქნებით? შენ-სავსე, მე-დაცარიელებული.-არ ვუმალავ, თუ რისი მეშინია.
-გეხვეწები ნუ ლაპარაკობ ისეთი ქალივით, რომელსაც თვალი მხოლოდ გათხოვებასა და ხუთ შვილზე უჭირავს. - ნერვები ეშლება მასაც.
-ასე არ არის, რა თქმა უნდა.- ვუარყოფ მაშინვე. - ყავა გინდა?
-ახლა აღარ არის იმის დრო, რომ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო. მიპასუხე, რა გგონია, ერთ დღესაც ისე მიგატოვებ, თითქოს არაფერი ყოფილა?
-რა იყო რომ? -საწოლიდან ვხტები და ვფიქრობ, რომ ოთახიდან თუ გავედი, მოსალოდნელ ვითარებას ავცდები.
-მაშინ რატომ ტეხ პანიკას? -არ წყვეტს ჩემს დადანაშაულებას.
-ალბათ იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ...
''იმიტომ, რომ მიყვარდები.''-ვასრულებ გონებაში და საძინებლიდან გასვლით თავს ვშველი.
სამზარეულოში რომ გავდივარ, მედალიონი მახსენდება. ქურთუკი გუშინ გიორგიმ გამხადა და არც კი ვიცი, სად შეიძლება წაეღო. საბედნიეროდ, შემოსასვლელში ფეხაკრეფით გასული საკიდზე ლამაზად ჩამოკიდებულს ვპოულობ და სახეზე ნასიამოვნები ღიმილი მეფინება. მამაკაცში სინაზის დანახვა ჩემსა და ჩემი ნივთების მიმართ მახარებს. ან სხვანაირად როგორ შეიძლება... მე ხომ ის სიგიჟემდე მომწონს და თან სიყვარულის კარებსაც ვერ მიმდგარი!
მედალიონს სამგანყოფილებიან კონტეინერში ვინახავ, მისი იქ მოძებნა წესით არავის უნდა მოაფიქრდეს. მადუღარას გაზქურაზე ვდებ და ფინჯნებში ყავასა და შაქარს ვამზადებ. უცებ ვიაზრებ, რომ არ ვიცი, გიორგი რამდენ შაქარს იყრის. არც ოთახში შებრუნება მინდა, მაგრამ სხვას რომ ვერაფერს ვიფიქრებ, კვლავ ამ გზას მივმართავ.
საძინებლის კარები მოკეტილია. ვერ ვხვდები რაში დასჭირდა მას ამის გაკეთება, რადგან ზუსტად მახსოვს, მე ღია დავტოვე. შიგნით ვიჭყიტები და თვალებიდან ცეცხლებს ვყრი, რომ ვხედავ, როგორ იჩხრიკება მამაკაცი ჩემს კარადაში.
-რას აკეთებ? -განრისხებული ვიჭრები ოთახში.
-რა საყვარელი ხარ! -სულაც არ ცბება ჩემს დანახვაზე. ხელში ჩემი ბავშვობის ალბომი უჭირავს. ჯანდაბა! ამ ალბომში ხომ ის ფოტოც არის ჩაკრული, რომელშიც სრულიად არაფერი მაცვია.
-უნებართვოდ სხვის ნივთებს რომ ხელი არ უნდა მოკიდო, არ იცი? -ვუბღვერ და გვერდით ვუჯდები.
-ქერა თმა გქონია... -იმ ფოტოს ადებს თითს, რომელზეც ბალიშზე ვარ წამოკოტრიალებული და დიდრონი თვალები ფოტოაპარატისკენ მომიპყრია.
-ხო, მერე გამიმუქდა. -დანანებით ვამბობ.
-ქერა სხვანაირი იქნებოდი! -ალბომს თვალს აცილებს და მე მიმზერს. თვალს ვარიდებ.
-პელოს არ ვემსგავსებოდი.
-გთხოვ... -ჩურჩულებს, ალბომს გვერდით დებს და კულულს, რომელიც თვალებში მეფხატება, უკან მიწევს.
თმა ურჩად იხრება ისევ ჩემი თვალებისკენ.
-შენნაირი შეუგნებელია! -ეცინება მამაკაცს.
-სიმართლე მითხარი, ჩემთან ურთიერთობა გიჭირს თუ სიამოვნებას განიჭებს? პელოს გახსენება როგორია შენთვის? -თავს ვაბრუნებ, რომ კონტროლი არ დავკარგო,
-აი, ასეთი...
მხეცური ჟინი ენთება თვალებში. მხრებში ხელებს მავლებს და იმდენად ახლოს მწევს თავისთან, რომ მის კალთაში ჩახტომამდე არაფერი მიკლია. ჩემდა გასაკვირად ოდნავადაც არ ვეწინაამღდეგები, ისე ვეშვები მის მკლავებში. ტუჩებზე მეწაფება და თითებს თმაში უხეშად მიცურებს. ეს ის ტკივილია, რომელიც ყველაზე საამო და დაუვიწყარია. მონდომებით მიტოვებს თავის კვალს კისერზე, ყელზე, ლავიწებზე. ცეცხლი მეკიდება. ასე მგონია, რომ ჩემი შეხება მასშიც ხანძარს ბადებს. წამიერად მშორდება და მერე ისევ ხელებში იქცევს ჩემს სახეს. ამ წუთას არ მადარდებს, თუ ვინ ვარ მისთვის. დროის იმ უფსკრულში ვარდება, საიდან ამოსვლაც შეუძლებელია და საწოლზე ზურგით რომ ვეცემი, ესღა მაფხიზლებს.
''გაჩერდი, თორემ მერე ვეღარ გაჩერდები! დაიღუპები! მიდი, ელენიკა! შენ ეს შეგიძლია!''-არარსებული ხმა ჩამძახის და თავში ანთებული წთელი ღილაკებიც მასთან ერთად მაიძულებს ისე მოვიქცე, როგორც მათ უნდათ.
გიორგი მკერდზე მიკრავს და მე მის აჩქარებულ, ნორმაზე გადაჭარბებულ გულისცემას ვგრძნობ. ზუსტად ვიცი, ჩემი გულიც ამ დღეშია. ჩვენ ახლა ერთნაირად გვკლავს, გვანადგურებს ჩვენივე გრძნობები.
და სწორედ ამ დროს საზიზღარი წკარუნი მესმის...
კარზე ზარია!
გაგრძელება იქნება სამშაბათს
წინა თავები იხილეთ ბმულზე